ინციდენტი საგამოძიებო სამსახურში გუშინ მოხდა, როდესაც ადვოკატი მტკიცებულებების გასაცნობად მივიდა.
გაბაიძის განცხადებით, ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა გიგი უგულავას საქმეზე მტკიცებულებების წამოსაღებად და ადვოკატისვე განცხადებით, მას შეურაცყოფა მიაყენეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.
მას მოსთხოვეს, რომ ფეხზე გაეხადა და პირადი ნივთები დაეტოვებინა დაცვასთან, სანამ ის გამომძიებელთან ავიდოდა.
ადვოკატი ორშაბათს მიმართავს მთავარ პროკურორს და მოითხოვს ამ კონკრეტული ფაქტისთვის პასუხისგებაში მიეცენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები. ადვოკატი ასევე მიმართავს ფინანსთა მინისტრს და სახალხო დამცველს.
,,თერთმეტის ნახევარზე მივედი და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მაბარებინებდნენ მობილურებს. ჩავაბარე მობილური. რატომღაც მოითხოვეს ჩემგან, მომეხსნა საათი, მომეხსნა სამაჯური და გამეხადა ფეხზე, მაშინ, როცა იქ დგას მეტალო-დეტექტორი და მსგავსი, რამ დგას ასევე ციხეებში, სადაც ჩვენ შევდივართ და არავინ ასე არ გვექცევა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი აღელვება.
ამის შემდეგ მოიყვანეს ვიღაც ადამიანი, რომელმაც მოიტანა უცხო აპარატურა, რომელიც არც კი დამინახავს ჯერ არსად და ამ აპარტურით მოინდომეს ჩემი შემოწმება. რატომ უნდა შემამოწმონ, პირველად შევდივარ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში? მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ მე გიგი უგულავას ადვოკატი ვარ და უგულავას საქმეზე შევდიოდი.
ამის შემდეგ ჩამოვიდა გამომძიებელი, რომელსაც არ დაემორჩილა დაცვა და შემდგომ უკვე, მე, შეურაცყოფილი აღარ შევედი ფინანსურ პოლიციაში.
მე მივმართავ მთავარ პროკურორს, ფინანსთა მინისტრს, სახალხო დამცველს გამოიძიონ ეს ფაქტი, რადგან მსგავსი დანაშაულისთვის კალანდაძეს და სხვებს სთოვენ პასუხს, რომ მათ თურმე შეურაცყოფა მიაყენეს ხალხს, და მე ადვოკატს, რომელმაც თურმე საათი უნდა მოვიხსნა, ფეხზე უნდა გავიხადო, ეს არ არის შეურაცყოფა?
მე ვუთხარი, რომ თუ გინდათ სულ გავიხდითქო და ამაზეც თანახმა იყვნენ. მე მაინტერესებს ეს რას ნიშნავს, ვინ დააწესა ეს წესი? ფინანსური პოლიცია სასამართოზე მაღლა დადგა უკვე? თუ სასამართლოში და მთავარ პროკურატურაში მობილური ტელეფონებით შესვლა ნებადართულია, ვინ არის ფინანსური პოლიცია? საიდან მოვიდა ეს კრიმინალური ჯგუფი, ვის აქვს უფლება მე მომთხოვონ საათის მოხსნა და ფეხზე გახდა?", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.
ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






