ვასილ რუხაძე: ერებს ხშირად ემართებათ ამნეზია, ისტორიული გულმავიწყობა, ჩვენში ეს კიდევ უფრო დამძიმებულია...
პოზიცია - 18:51, 12 Apr, 2013     10456




_ბატონო ვასილ, საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა. დღეს უკვე შეიძლება შევაფასოთ, დროის ამ მონაკვეთში, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. როგორ აფასებთ მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას?

 


_საქართველოს მთავრობის საშინაო კურსი უკანასკნელი 5-6 თვის მანძილზე შეიძლება მოკლედ შეფასდეს, როგორც პოპულისტური, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ეს არის ტიპიური ეკონომიკური პოპულიზმის პოლიტიკა, რომელსაც არცერთი ქვეყნისთვის წარმატება არ მოუტანია. ამის პრეცენდენტი უბრალოდ არ არსებობს და სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.

მას შემდეგ, რაც ქვეყანას ახალი მთავრობა მართავს, ქვეყნის შიგნით, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ქვეყანაში ახლაც მძვინვარებს სიღატაკე და უმუშევრობა. კომუნალურმა გადასახადებმა მხოლოდ სიმბოლურად მოიკლო და ისიც ყველას არ შეხებია. პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ბრუნდება საქართველოს ყოფილი საბჭოთა, პრორუსული ე.წ. ინტელიგენცია და ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა.

საზოგადოებაში ახალი მთავრობისადმი იმედგაცრუება მატულობს და ეს გარდაუვალიც იყო აბსოლუტურად არარეალისტური წინაასაარჩევნო დაპირებების ფონზე. უნდა აღინიშნოს, რომ იმედგაცრუება და უკმაყოფილება კიდევ უფრო მოიმატებს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებს, სავარაუდოდ, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს, რაც ნიშნავს, რომ ოქტომბრიდან ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მთლიანად, მხოლოდ ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება და შესაბამისად, მთავრობა ვეღარ შეძლებს წარუმატებელ თუ უშედეგო პოლიტიკაზე ბრალის თავიდან აცილებას, რაც მისთვის, ამჯერად, ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს. გულწრფელად მიკვრის რატომ იწვევს ქართულ საზოგადოებაში ამდენ დაბნეულობას იმის გარკვევა, საქართველოს ახალი მთავრობა პრორუსულია თუ პროდასავლური.

გადავხედოთ ახალი მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში:

1) საქართველოს მთავრობამ უპირობოდ დაიწყო დიალოგი რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა არაერთხელ განაცხადა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რომ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხი უნდა დაევიწყებინა;

2) საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დაწესებით უპირობოდ და ფაქტობრივად აღადგინა მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობა, ეს მაშინ როდესაც რუსეთს საელჩოები აქვს სოხუმსა და ცხინვალში, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით საოკუპაციო ჯარზე აფხაზეთსა და შიდა ქართლში;

3) მთავრობამ შეარბილა ოკუპაცის კანონი და მოახდინა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის დეკრიმინალიზაცია, რაც რუსეთის მოთხოვნას წარმოადგენდა;

4) საქართველოს მთავრობამ წინ წამოსწია რუსეთ-სომხეთის რკინიგზის გახსნის საკითხი აფხაზეთის გავლით, რაც რუსეთისთვის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სარგებლის მომტანია, ხოლო საქართველოსთვის უდიდეს იურიდიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის;

5) საქართველოს მთავრობა თანდათანობით ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც ასევე რუსეთის მიზანს წარმოადგენს;

6) საქართველოს მთავრობამ გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები საქართველოში, თანაც ისე, რომ იგივე ბრალდებით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება არ მოუთხოვია;

7) საქართველოს მთავრობამ უპირობოდ დახურა ტელეკომპანია "პიკი", რომელიც კრემლის დიდ გაღიზიანებას იწვევდა; სამაგიეროდ მთავრობამ უპირობოდ განაახლა საქართველოში რუსული პროსამთავრობო ტელეარხების საკაბელო ტრანსლიაცია, რაც კრემლს ქართული საზოგადოების აზრზე ზემოქმდების დიდ ბერკეტს საჩუქრად გადასცემს;

8) საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რითაც მსოფლიოს განუცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყველაფერი კარგად არის;

9) საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის შეცვლის პროცესი, რათა დასახელებიდან რუსეთის (და სეპარატისტების) მოთხოვნით სიტყვა "ინტეგრაცია" ამოიღოს.

ჩამონათვალი კიდევ უფრო გრძელია, უბრალოდ ყველას აქ ვერ განვავრცობთ.
საქმე ის არის, რომ საქართველოს, ყველა ამ კაპიტულანტური დათმობების სანაცვლოდ, რუსეთისგან არაფერი მიუღია, თუ არ ჩავთვლით რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილობრივ დაშვების ნებართვას, რაც რუსეთს, როგორ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას, ისედაც ევალება ამ ორგანიზაციის წესდების მიხედვით.

საქართველოს მთავრობის რიტორიკა, რომ ის ქვეყნის პროდასავლური კურსის ერთგული რჩება, მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია. ეს რიტორიკა თანდათან შეიცვლება, როდესაც საქართველოს პრორუსული მთავრობა პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. ჯერჯერობით მთავრობას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად არაფერი გაუკეთებია. რუსეთთან გაუმართლებელი, კაპიტულანტური დათმობები კი თითქმის შეუქცავად პროცესად იქცა.



_საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, მედიის მათავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა თავად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორც პარტია საბოლოოდ ჩამოიშალოს. თქვენ როგორ აფასებთ აღნიშნული პარტიის შესაძლებლობებს და აქვე რომ გვითხრათ, რამ განაპირობა ამ პარტიის დამარცხება?



_,,ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება გამოიწვია იმ კოლოსალურმა შეცდომებმა, რაც ამ პარტიამ თავისი მმართველობის პერიოდში დაუშვა. სწორედ ამ პარტიის ბრალია, რომ საქართველოში ძალაუფლება პრორუსულმა დაჯგუფებებმა აიღეს.

რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის" მომავალს: საუბედუროდ საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი პოლიტიკურ პარტიას არა პოლიტიკური მრწამსის, არამედ მატერიალური, მერკანტილური მოსაზრებებით უერთდებიან. სანამ პარტია ძალაუფლებაშია, პარტიის წევრების საქმე კარგად მიდის. როდესაც პარტია ძალაუფლებას კარგავს, წევრების მდგომარეობა უარესდება. შედეგად წევრები პოლიტიკურ პარტიას ტოვებენ და პარტია თანდათანობით ქრება. ასე დაემართა ,,მოქალაქეთა კავშირს", ,,აღორძინების კავშირს", და .აშ. ისე სჩანს, რომ ეს პროცესი ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც" აქტიურად დაიწყო პარტიის თითქმის ყველა რგოლში - საპარლამენტო ფრაქციიდან რაიონულ განყოფილებებამდე. ზუსტად ძნელი სათქმელია მომავალში ეს პროცესი როგორ გაგრძელდება. ჩემი ვარაუდია, რომ პარტიის დეზინტეგრაცია აქტიურად გაგრძელდება, განსაკუთრებით 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს და შესაბამისად, ,,ნაციონალურ მოძრაობას" ძალაუფლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი გამოეცლება, რაც მის პოლიტიკურ გავლენას კიდევ უფორ შეასუსტებს. ეს ნიშნავს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კიდევ უფრო ნაკლები ინიციატივა ექნებათ, პარტიაში დარჩნენ. 

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარტია დღეისათვის ძალიან არაპოპულარულია. ის ფაქტი, რომ ახალი მთავრობისადმი იმედგაცრუება მატულობს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის"" პოპულარობა აუცილებლად მოიმატებს.

,,ნაციონალურ მოძრაობას" ფუნდამენტალური რეფორმირება სჭირდება, რათა ძლიერ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში ეს გულისხმობს ძველი, არაპოპულარული სახეების მთლიანად ახალი პიროვნებებით შეცვლას. მე ეჭვი მეპარება, რომ დღეისათვის ,,ნაციონალურ მოძრაობას" ეს ძალუძს ან სურს. ,,ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ დარჩეს ძლიერ პოლიტიკურ პარტიად იმ პიროვნებების ჩამოშორების გარეშე, რომელთაც პარტიას 2012 წლის ოქტომბერში მძიმე დამარცხება მოუტანეს. ორივე ერთად კი არ გამოვა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის აუცილებლობასთან დაკავშირებით: პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, არ აღელვებს, მას ეყოლება თუ არა ქმედითი ოპოზიცია. ის უბრალოდ შიშობს, რომ მისი მთავრობისადმი მოსახლეობის იმედგაცრუების ზრდის ფონზე (რომელსაც ის კარგად ხედავს) საზოგადოება კვლავ ნაციონალური მოძრაობის მხარეს არ დადგეს. ამიტომ, საზოგადოებას პოლიტიკური ოპოზიციის ალტერნატივად სთავაზობს "ახალ" პოლიტიკურ ძალებს. თუმცა პრემიერ-მინისტრის არჩევანი საკმაოდ სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს, რადგან ეს "ახალი" ძალები სინამდვილეში ძალიან ძველია. ისინი ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები არიან, რომელიც საზოგადოებას ძალიან მობეზრდა.

თუმცა პრემიერ-მინისტრი ზედმეტად ირჯება. როგორც აღვნიშნე, მისი მთავრობისადმი საზოგადოების თანდათანობითი იმედგაცრუება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ,,ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს მხარს. ,,ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ ძალიან არაპოპულარულია.



_,,ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს გრანდიოზული აქციის გამართვას გეგმავს. მათი თქმით, საქართველოს საგარეო კურს საფრთხე ემუქრება. ხოლო თავის მხრივ, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი აქციის გამართვის მიზანს ვერ ხედავენ, ვინაიდან საგარეო კურსი ქვეყნის არ შეცვლილა. თქვენი აზრით, აღნიშნული აქცია, რამდენად აუცილებელია და თუ ხედავთ საგარეო პოლიტიკაში სავარაუდო ვექტორის ცვლილებების საფრთხეს?



_19 აპრილის აქცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს მისი ორგანიზატორების მიზანი არც არის. ეს მხოლოდ დეკლარირებული მიზანია. აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებას ანახოს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" შესწევს ძალა რუსთაველის მოედანზე, რომელიც საქართველოს მთავარ პოლიტიკურ არტერიას წარმოადგენს, შეკრიბოს ათასობით ადამიანი და თუ შეძლებს, მოახდინოს პოლიტიკური სიტუაციის გარდატეხა. თუმცა, მე ვფიქრობ ეს ამჯერად არ მოხდება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ საგარეო პოლიტიკური კურსი აქტიურად იცვლება. საქართველოს მთავრობა ტაქტიკური მოსაზრებების გამო ჯერ ამჯობინებს სიტყვიერად აცხადოს, რომ საქართველოს საგარეო კურსს მხარს უჭერს. როდესაც ძალაუფლებას კიდევ უფრო განიმტკიცებს, მთავრობის რიტორიკაც შეიცვლება.



_აგვისტოს ომითან დაკავშირებით, ივანიშვილის მთავრობა ახალი გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვაც არ გამოირიცხება. აღნიშნული, რუსულმა პრესამ მალევე აიტაცა და სტატიები სათაურით "საქართველომ აგვისტოს ომში მისი არაადეკვატურობა აღიარა" იწერება. რამდენად სწორია, ამ თების ხელახლად გამოძიება და რამდენად შესაძლებელია, რუსეთმა ეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს?



_საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად საქართველო 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა, უკეთეს შემთხვევაში იყო შემთხვევითი, თუმცა გამაოგნებელი უგუნურება და უარეს შემთხვევაში, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედება. ამას რუსეთი მომავალში აუცილებლად გამოიყნებს. რუსული რეჟიმი ასეთ პოლიტიკურ საჩუქარს ხელიდან არასოდეს უშვებს.



_ივანიშვილი თავის განცხადებებში აღნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ. თუმცა, ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზე საუბრობს. რამდენად შესაძლებელია, ერთდროულად საქართველოს ევროინტეგრაცია და ამის პარალელურად, რუსეთან ურთიერთობების დალაგების პოლიტიკა?



_საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს არაფრით უშლის. პრობლემა ის გახლავთ, რომ რუსეთი ასე არ თვლის და ეს ჩვენმა მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა გაიგოს. რუსეთი გამორიცხავს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამავე დროს, საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების ქონას.

რუსეთმა მრავალჯერ და ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის ყოფილ საბჭოთა სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიას, და კიდევ უფრო განსაკუთრებით საქართველოს, თავისი გავლენის სფეროდ თვლის. არ ვიცი, კიდევ როგორ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რუსეთმა ან რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რომ რუსეთი საქართველოს უყურებს, როგორც ქვეშევრდომ პოლიტიკურ ერთეულს.



_ასევე მინდა გკითხოთ, ქრთულ საზოგადოებასთან დაკავშირებით. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, საზოგადოებამ, თქვენი აზრით, რამდენად ისწავლა სახელმწიფოებრივად აზროვნება? ისეთი შტაბეჭდილება ხომ არ გრჩებათ, რომ საზოგადოებას ისტორიული ამენიზია ემართება ხოლმე?



_სახელმწიფოებრივ აზროვნებას რაც შეეხება. მიუხედევად იმისა, რომ სამშობლო თითქოს ყველა ქართველს უყვარს, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა კოლონიური აზროვნების ეპოქიდან. უამრავი ადამიანისთვის რუსეთი ჯერ კიდევ რჩება დიდ, ძლიერ, მკაცრ, თუმცა მაინც კეთილ მამად, ძმად თუ მეგობრად, ხოლო ჩვენ ურჩ და უგუნურ ბავშვად, რომელიც ცუდად მოიქცა და ამ მამის, ძმის თუ მეგობრის მიერ შესაბამისად დაისაჯა. მრავალს, ასევე ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სჯერა, რომ თუკი ახლა ჩვენ კარგად მოვიქცევით, ეს მამა, ძმა თუ მეგობარი წართმეულს დაგვიბრუნებს. არაფერია ამგვარ აზროვნებაზე უფრო გულუბრყვილო და საფუძველს მოკლებული.

მიუხედევად იმისა, რომ საქართველომ ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა, სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ერი ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე ერი, საზოგადოება.

კიდევ ერთი საკითხი ის გახლავთ, რომ საუბედუროდ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სახელმწიფო ჯერ კიდევ "მეწველი ძროხაა," რომელსაც მატერიალურად, რაც შეიძლება მეტი უნდა გამორჩე. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან, რაც შეიძლება მეტის მოპარვა პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოგიაროს და მატერიალურად უზრუნველგყოს. ძალიან მცირეა მათი რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორივე მიდგომა ძლიერი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის დამღუპველია.


რაც შეეხება ისტორიულ ამნეზიას. ერებს ხშირად ემართებათ ისტორიული ამნეზია, ანუ ისტორიის გულმავიწყობა, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი და მძიმე ოკუპაციის შემდეგ. ჩვენთან ეს პრობლემა იმანაც დაამძიმა, რომ საქართველოში "მოღვაწე" პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები არ აღმოჩნდნენ იმდენად განვითარებული და ძლიერი, რომ საზოგადოებისთვის ისტორიული ამნეზიის საშუალება არ მიეცათ. შესაბამისად ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად ავიწყდება ის გაუგონარი, მსოფლიო ისტორიაში ალბათ უპრეცენდენტო დანაშაულობები: ეთნიკური გენოციდი, ტერიტორიული დანაწევრება, დემოგრაფიული კოლონიზაცია, ეკონომიკური ექსპლუატაცია, და ა.შ. რაც რუსეთმა საქართველოს ორასი წლის მანძილზე თავს დაატეხა.



_რაში ხედავთ გამოსავალს და როგორია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თქვენეული პროგნოზი?



_ოპტიმისტი გახლავართ, მაგრამ სულ მცირე მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. უბრალოდ, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი (თუ პოლიტიკოსები), უფრო სწორედ სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეეძლოს საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა.

მე ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ,,ნაციონალური მოძრაობა"" 2013 წლის ოქტომბერში პრეზიდენტობას დაკარგავს, იგი, როგორც პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო დაკნინდება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულს და ,,ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო შესუსტებას, შედეგად ის მოჰყვება, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნებაც"" თანდათანობით დაიშლება. ეს კოალიცია მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი დაემარცხებინა და ამჟამად, ჯერ კიდევ იმიტომ არ იშლება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისგან" პოლიტიკურ საფრთხეს გრძნობს. როდესაც ეს საფრთხე გაქრება კოალიციაც შესაბამისად დაიშლება.

შედეგად ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მივიღებთ დაახლოებით ხუთ-ექვს პოლიტიკურ დაჯგუფებას და მუდმივ პოლიტიკურ და სამთავრობო კრიზისებსა და თანამდევ ქაოსს. ამას ხელს საქართველოს ახალი კონსტიტუციაც შეუწყობს, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში შედის. ამ კონსტიტუციის მიხედვით საქართველო ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. კონსტიტუცია ფაქტობრივად ხლეჩს აღმასრულებელ ძალაუფლებას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის და მათ შორის მუდმივი და ძლიერი კონფლიქტის საფუძველს ქმნის.

მმართველობის საპარლამენტო სისტემა ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის უმთავრესი მიზეზია. საქართველოსთვისაც ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური ქაოსის პირდაპირი რეცეპტი იქნება.

რაც შეეხება გამოსავალს, ეს ძალიან დიდი კითხვაა. პასუხს ალბათ ინტერვიუს ფორმატი არ ეყოფა. აქ მოკლედ მხოლოდ იმას გეტყოდით, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანა, ოღონდ ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების მონოპოლიას მთლიანად გამორიცხავს. კრიზისში მყოფ საქართველოს სჭირდება ეფექტური მმართველობა და არა პოლიტიკურ დაჯგუფებეს შორის გაუთავებელი კონფლიქტი.

აბსოლუტურად აუცილებელია გატარდეს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმა, რომელიც დაასრულებს საქართველოს უაღრესად ბიუროკრატიზირებულ რაიონულ-სამხარეო დაყოფას და ახალ, ეფექტურ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მმართველობის სისტემას შემოიღებს.

ფუნდამენტალურად უნდა შეიცვალოს საქართველოს განათლების სისტემის შინაარსი. კერძოდ, უმთავრესი ყურადღება უნდა დაეთმოს ქართულ საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ალგებრის, გეომეტრიის, ყველა სახის საინჟინრო დარგების სწავლებას. ეს შედეგად 10-15 წელიწადში მოგვცემს მაღალკვალიფიციურ მუშახელს, რომელიც უთუოდ დააინტერესებს მსოფლიოს მანქანათმშენებელ, კომპიუტერულ, ფარმაცევტულ და სხვა დარგის კომპანიებს, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ინვესტიციები ჩადონ.

სხვა აუცილებელი ღონისძიებების და რეფორმების ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს. ამჯერად აქ შევჩერდები.

 

 

სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42