პოლიციელთა სიმრავლის მიზეზი სოციალურად დაუცველი იმ მოშიმშილეების გადაწყვეტილება გახდა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან კლინიკაში გადაინაცვლეს და იქ თვითნებურად შევიდნენ.
მოშიმშილეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ, აცხადებენ, რომ კლინიკიდან მანამ არ გავლენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და საცხოვრებელ ფართს არ გამოუყოფს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოციალურად დაუცველმა გიორგი მარჯანიძემ "ნიუპოსტს" უთხრა, ისინი თითქმის 20 დღის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას. გიორგი მარჯანიძის განცხადებით, ბარნოვის სახელობის კლინიკასთან საპატრულო პოლიციის მობილიზება იმაზე მიანიშნებს, რომ მათ კლინიკიდან გამოდევნას უპირებენ.
გიორგი მარჯანიძე ეპილეფსიითა დაავადებული და შიმშილობის შედეგად მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. რამდენიმე დღის წინ იგი კრუნჩხვითი შეტევების გამო სტაციონარშიც მოხვდა.
მარჯანიძე შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აცხადებდა, რომ სხვა გამოსავალი არა აქვს და იძულებული იქნება, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, თუკი მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს პრემიერმინისტრი სოციალურად დაუცველებს ამ დრომდე არ შეხვედრია და აქციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არც კომენტარი გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






