ეკა ცხვარიაშვილი: წარბის კეთება 14 წლის წინ დავიწყე და ზუსტად ისეთის, რა ტენდენციებიც ახლა არის. მაშინ ძალიან ბევრი ვერ იგებდა რატომ ვაკეთებდი იმ ფორმის წარბს. მაშინ რატომღაც ყველას მრგვალი, წვრილი, ან ძალიან ზედმეტად ატეხილი წარბის ფორმა ჰქონდათ, აი ისეთი, ბოროტ ჯადოქრებს რომ აქვთ ზღაპრებში. მე კი ასეთს არასდროს ვაკეთებდი. ამ შემთხვევაში არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ნოვატორი ვიყავი და 14 წლის წინ დავიწყე იმ ფორმის წარბების კეთება, როგორიც მხოლოდ ახლა შემოვიდა. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამომყვნენ ამაზე, იყვნენ ისეთები, რომლებმაც უბრალოდ ვერ გაიგეს .
- რა ფორმის წარბის გაკეთებას ითხოვენ ყველაზე მეტად?
- ხშირად ითხოვენ ძალიან სწორ წარბს, რაც მე არ მიყვარს. ამიტომ ვასწორებ, მხოლოდ ჩემებურად და არა ჩხირებივით.
- როგორი წარბია დღეს მოდური?
- სქელი, თუმცა ეს უნდა გამოიყურებოდეს ბუნებრივად.
- როგორი უნდა იყოს წარბი?
- წარბმა თვალის მოყვანილობა და სახის ოვალი მთლიანად უნდა შეცვალოს. შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ წარბის დატვირთვა სახის ფორმის შეცვლისთვის, დაახლოებით 90-დან 99%-მდეა დამოკიდებული. წარბი ცხვირზე მეტად მნიშვნელოვანია. როცა ეს საქმიანობა დავიწყე, მაშინ არც მეგონა, წარბს თუ ამხელა დატვირთვა ჰქონდა.
მართალია წარბს ფორმა უნდა შევუცვალოთ, მაგრამ ხელოვნური არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მბაძავს, რაც ძალიან კარგია. ზოგადად გამოსწორდა მდგომარეობა და ისეთი საშინელი წარბებით აღარ დადიან როგორც ადრე. თუმცა ლაფსუსებს მაინც ვხედავ. ზოგს ძალიან მოკლე აქვს წარბი, ზოგს ძალიან ოთხკუთხედი, ან ძალიან ქვევით ჩამოწეული, ეს კი ბუნებრივად აღარ გამოიყურება. მე ამ ყველაფერს გამოვრიცხავ. წარბს რომ აკეთებ სახე უნდა განათდეს და თვალი გაიხსნას. წარბს ხომ იმისთვის იკეთებს ადამიანი რომ გალამაზდეს. ზოგს სურს რომ წარბის ბოლოები ბოლომდე ავუწიო, რასაც მე არ ვაკეთებ. შუბლსა და თვალის ქუთუთოს შორის არის სპეციალური კუნთი, სადაც წარბი ამოდის. თუ იმას ავცდი, ის მერე აუცილებლად არაბუნებრივი იქნება. კუნთი ზემოდან ან ქვემოდან თუ ჩანს საშინელებაა. შეიძლება წარბი მოიჭრას კიდეც, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს რომ არ ყვიროდეს და ბუნებრივობა არ უნდა დაკარგოს.
- განათლებით ვინ ხართ?
- განათლებით პროგრამისტი ვარ, რასაც არასდროს არ ვმალავ. ისე მთელი ბავშვობა რატომღაც სულ თვალებს და წარბებს ვხატავდი. ასევე ძალიან კარგად ვძერწავდი. საბოლოო ჯამში ალბათ ამ ყველაფერმაც იქონია გავლენა. მომწონს ჩემი საქმე და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ მას. პირველად ვისაც წარბი გავუკეთე, რომელმაც კატეგორიულად დაიჩემა, შენნაირი წარბი მინდაო, ეს იყო ეკო ფანგანი. მას შემდეგ კი დავიწყე და დავიწყე... ყველას ვუკეთებ დიდი სიამოვნებით. უცნაირია, მაგრამ მაშინაც კი, როცა ჯერ არც კი მქონდა ეს საქმე დაწყებული, ადამიანებს ყოველთვის წარბებზე ვაკვირდებოდი, იქნებოდა ეს ქუჩაში, ფილმის ყურების დროს თუ ასე შემდეგ.

- რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული წარბის გაკეთება?
- პირველი პერიოდი, სანამ ფორმას მივცემ, დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ, მერე თვეში ერთხელ. საბოლოოდ როცა ჩემი ხელწერა კარგად გამოიკვეთება, მერე უკვე თვენახევარში, ან ორ თვეში ერთხელ ვაკეთებ.
- რა დრო სჭირდება, როგორც თქვენ ეძახით, გაფუჭებული წარბის აღდგენას?
- ეს ძალინ ინდივიდუალურია, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ წარბი რაც არ უნდა გაფუჭებული იყოს, პირველივე ჯერზე იგრძნობთ რომ აბსოლუტურად განსხვავებული წარბით მიდიხართ ჩემგან. რაც არ უნდა გაფუჭებული იყოს წარბი, ჯერ უნდა მივცეთ წარბს ფორმა, ანუ მიმართულება და შემდეგ გაიზრდება უკვე იმ მიმართულებით. არ არის სწორი როცა ამბობენ, რომ გაფუჭებული წარბი ჯერ უნდა გაიზარდოს და მერე უნდა მივცეთ ფორმა. ეს ასე არ არის.
- თქვენს სფეროში თუ ტარდება კონკურსები?
- ახლა ის შეკითხვა დამისვით რაზეც მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ. მაინტერესებს მსგავსი კონკურსი ზოგადად მხოლოდ თბილისის კი არა, არამედ მსოფლიო მაშტაბით თუ ტარდებოდა. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.
- თქვენს პროფესიას რა ჰქვია?
- მეწარბული. ერთხელ წავიკითხე, რომ ჯენიფერ ლოპესს ჰყავს პირადი მეწარბული, რომელსაც კვირაში 4 000 დოლარს უხდის. ჩემი ოცნებაა, საქართველოშიც დადგეს ასეთი დრო. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ვინმე ცნობილი ადამიანის მეწარბული ასეთი ანაზღაურებით, რატომაც არა.

- თქვენთან თუ დადიან ცნობილი სახეები წარბის გასაკეთებლად?
- კი როგორ არა, ძალიან ბევრი. უბრალოდ ყოველთვის ვერიდები მათი სახელებისა და გვარების ჩამოთვლას, რადგან ეს მაინც კონფიდენციალურია.
- ყოველთვის აკმაყოფილებთ მომხმარებლის სურვილს?
- თუ ვინმე დაჟინებით მოითხოვს რომელიმე ფორმის წარბის გაკეთებას, მე კი ვხვდები რომ მისი თვალის ფორმას ან სახის ოვალს ეს არ მოუხდება, არ ვუკეთებ და ვუშვებ. მე ჩემს ხელწერას არავითარ შემთხვევაში არ გავაფუჭებ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ერთნაირი ფორმის წარბს ვაკეთებ, ეს გამორიცხულია.
- იმ შემთხვევაში რა ხდება თუ იდეალური წარბის ფორმის მისაცემად თმის ღერები არ ამოდის?
- უკვე არსებობს წარბის ამოსაყვანი საშუალებები, რომელიც ხელმისაწვდომია. ერთ გოგონას მაგალითად თითქმის საერთოდ არ ჰქონდა წარბი და ამ საშუალებით ამოუვიდა.
- დღეში რამდენი ადამიანისთვის შეგიძლიათ წარბის გაკეთება?
- დაახლოებით 20-30 ადამიანს შემიძლია გავუკეთო. საერთოდ მიყვარს ადამიანებთან მუშაობა და მათთან ურთიერთობა. რამდენადაც წარბია განსხვავებული და ინდივიდუალური, ასეთივე ინდივიდუალურია ყველა ადამიანი . მათთან ურთიერთობა კი ჩემთვის საინტერესოა.
მოამზადა მარიკა ხიდურელმა.
ეკა ცხვარიაშვილის საკონტაქტო ნომერია: 555 50 40 30

მასალის გამოყენების პირობები






