ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება მოითხოვა.
„უკრაინის საკითხთან მიმართებით კერიმ რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ძალადობა ყველა შეხების ზოლზე, სრულად მიჰყვეს მინსკის შეთანხმებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო, ასევე სხვა ტყვეებიც“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საუბრის ფარგლებში „განხილული იყო აქტუალური საერთაშორისო საკითხები, მათ შორის დონბასის კონფლიქტისა და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე თემები“.
ოთხშაბათს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნადეჟდა სავჩენკოს შესაძლო გაცვლასთან მიმართებით, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ასევე ცნობილია, რომ ჯონ კერიმ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული სუ-24-ის სამხედრო გემ „დონალდ კუკის“ ზემოთ გადაფრენაზე, სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე კონკრეტული განმარტებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა გაკეთებული“.
მასალის გამოყენების პირობები






