ლაშა ბერულავა, ჟურნალისტი
რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილმა იგულისხმა 7 აგვისტოს ოფიციალური თბილისის მიერ გაცემული ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ. მან არათუ არაადეკვატურად მიიჩნია ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემა, არამედ განაცხადა კიდეც, რომ "პრეზიდენტის მხრიდან ადეკვატური იქნებოდა საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა და ამ ყოველივეთი შესაძლოა შემოფარგლულიყო ყველაფერი".
ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების ორი ციტატა დღევანდელი პრესკონფერენციიდან:
"სოფლიდან საკმარისი იქნებოდა მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და არაფერი მოხდებოდა. ამის სანაცვლოდ, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და მე ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს საქართველოს იმიჯს";
"მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, იმ სიტუაციაში არადეკვატურად მოიქცა, გაუმართლებლად მიმაჩნია ის,რომ საჯარისო დანაყოფებმა მოქმედება მანამდე დაიწყო, სანამ რუსეთი გადმოვიდოდა."
როდის, რა ვითარებაში გაიცა ბრძანება ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ? იყო თუ არა იმ დროისთვის გარკვეული, სად იმყოფებოდნენ რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები და, რაც მთავარია, იყო თუ არა გარკვეული, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი საქართველოს ტერიტორიაზე?
საქვეყნოდ ცნობილ წიგნში "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა", ასევე ყველასთვის კარგად ცნობილი რონალდ ასმუსი, რომელმაც ამ წიგნის დაწერამდე უამრავი ქართული, რუსული და სხვა ენებზე არსებული მასალები შეისწავლა, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემას არაადეკვატურ ნაბიჯად არ მიიჩნევს, ამავე დროს, ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, არამედ თავდაცვითი, საპასუხო ცეცხლის გახსნა ებრძანათ, რათა ჩრდილოეთიდან რუსეთის არმიის შემოსვლა შეეჩერებინათ. ასმუსი წერს:
"სააკაშვილის გადაწყვეტილება ნაუცბათევი არ გახლდათ. როცა სააკაშვილმა რუსეთთან ომში ჩაბმა გადაწყვიტა, უკვე აღარავითარი ეჭვი არ იყო, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები მის ქვეყანაში შემოდიოდნენ. დადგა გადაწყვეტილების მიღების ჟამი და საქართველოს ლიდერმაც, ასე ვთქვათ, წილი ჰყარა: რჩევა ყურად არ იღო და ჩათვალა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი საფრთხე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის გადარჩენა ავალდებულებდა წინ აღდგომოდა მოვლენათა ამგვარ განვითარებას.
რისკის გაწევას და იმის დაშვებას, რომ რუსები და მათი სეპარატისტი მოკავშირეები ქართულ სოფლებსა და პოსტებს გადაჯეგავდნენ და სავარაუდოდ, თბილისშიც შემოვიდოდნენ, სააკაშვილმა ამჯობინა, რუსეთისთვის ერთი სვლით დაესწრო: სჯეროდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ავალდებულებდა კიდეც, დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სხვაგვარად მოქცევის უფლებას ის საკუთარ თავს ვერ აძლევდა.
მაგრამ ეს განწირულის არჩევანი გახლდათ. რუსეთს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ომში შეეძლო საქართველოს განადგურება, მაგრამ სააკაშვილს საჯაროდ ჰქონდა დაფიცებული საკთარი მოქალაქეების დაცვაცა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. როგორც ადრევე ვთქვი, მას არ სჯეროდა, რომ საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას შეინარჩუნებდა, თუკი ხელს არ გამოიღებდა საფრთხეში ჩავარდნილი ათასობით თანამემამულის დასაცავად.
იმასაც შიშობდა, რომ ეს თანდათანობითი დაპყრობა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკავებას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ მისი ხელისუფლების შეცვლასა და ქართული დემოკრატიული ექსპერიმენტის დასამარებასაც. ამიტომაც აირჩია საპასუხო დარტყმის ტაქტიკა. მისი ანგარიშით, დრო უნდა მოეგო, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა – პირველ რიგში აშშ და ევროპა გამოფხიზლებულიყო და მისი ქვეყნის დასაცავად დარაზმულიყო. შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცდომადაც მივიჩნიოთ, მაგრამ არა – აუხსნელად.
სააკაშვილის რეალური ამოცანები მის მიერვე გაცემულ ბრძანებებში ისახება: ეს ბრძანებები არ გულისხმობდა სამხრეთ ოსეთში შეჭრას – ქართულ შეიარაღებულ ძალებს ებრძანათ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე განეხორციელებინათ მცირემასშტაბიანი თავდაცვითი ოპერაციები, რათა დაეცვათ საფრთხეში ჩავარდნილი ქართული სოფლები და ჩრდილოეთიდან რუსების შემოსვლა შეეჩერებინათ. ქართული მხარის სტრატეგია – კრიტიკოსებმა იქნებ მას ილუზორულიც კი უწოდონ – საკუთარი მოქალაქეების დაცვა იყო იმ იმედით, რომ ძალისა და საბრძოლო მზადყოფნის გამოვლენის შემთხვევაში, შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნებოდა აცილებული.
საქართველო ისეთ ომში ჩაება, რომლისთვისაც მზად არ იყო, გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა და ზოგადად, მისი სამხედრო მიზნები ძალიან შეზღუდული იყო. ერთ–ერთი მიზეზთაგანი, რატომ ვერ გაართვეს თავი საქმეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ისაა, რომ რეგიონში ბრძოლა არ იგეგმებოდა – მით უმეტეს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ. სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჰაიჰარად შედგენილი გეგმა ალბათ, იმის ყველაზე მკაფიო დადასტურებაა, რომ სამხრეთ ოსეთში შეჭრის გრძელვადიანი გათვლა მათ არც არასდროს ჰქონიათ", - (რონალდ ასმუსი, "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა")
ასევე, არანაკლებ საინტერესოა, რომ არსებობს წუთობრივი სიზუსტით გაწერილი გრაფიკი იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები კონფლიქტის ზონაში. როგორც ამ წერილს თანდართული ბმული დაგვარწმუნებს, ეს გრაფიკი, ძირითადად, რუსული წყაროების ანალიზის მიხედვითაა შედგენილი.
ისინი არ შეიცავს საიდუმლოს, არ არის თითიდან გამოწოვილი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოგონილი. რუსულ-ოსური ერთობლივი ქმედებების შესახებ მონაცემები აღებულია იმდროინდელი მედიასაშუალებებიდან, ქართული მხარის მოქმედებების შესახებ ცნობები კი - რუსული და ქართული მედიასაშუალებებიდან. დავამატებთ, რომ თუ ამ მონაცემებში მაინც არის გადაცდომა - მხოლოდ რუსული და ოსური მხარეების სასარგებლოდ...
კონფლიქტის ზონაში მხარეთა სამხედრო ხელმძღვანელობის ჩასვლა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - 6 აგვისტო 2008
ძალოვნების უმაღლესი დონის თათბირი, სადაც მიიღეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008, 10:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 13:00
მობილიზაციის გამოცხადება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - 9 აგვისტო 2008, 14:30
მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება კონფლიქტის ზონიდან:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008
დაქირავებული "ბოევიკების" ჩასვლა ზონაში:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - მონაცემები არ არის
მხარეების მიერ მძიმე ტექნიკის განთავსება უშუალოდ სამხ. ოსეთის მიმდებარედ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2006 წელი
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 21:00
მეთვალყურეთა მიერ დადასტურებული, მხარეების მიერ ზონაში აკრძალული მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 1-2 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:50
ზონაში სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის შენაერთების გამოჩენა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 4 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 21:00
რუსეთ-საქართველოსა და სამხ.ოსეთ საქართველოს საზღვრების გადაკვეთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, რომელსაც მხარეები არ უარყოფენ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 3:52
საქართველო - 8 აგვისტო, 2:00
სამხ. ოსეთის ტერიტორიაზე მხარეების შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი ყოფნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2008 წ. 4 აგვისტოდან
საქართველო - 7 აგვისტო, 2008, 21:00 სთ-დან
ომის დე-ფაქტო დაწყების შესახებ მხარეთა თავდაცვის მინისტრების ცნობა თავიანთი უმაღლესი მთავარსარდლებისთვის:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 1:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 14:00
მხარეთა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, არაუგვიანეს 13:30
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 14:00-14:30
ივლისის ბოლო გართულებების შემდეგ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის განხორციელება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - არ მომხდარა
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 17:10
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება, მათ შორის, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ და მათშორის, ტელევიზიით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - არ მომხდარა
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 18:40-19:00 *
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ მეორე მხარის პოზიციებისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 20:40
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:50
შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანების გაცემა ცეცხლისცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვიტო 2008, 20:30
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:35
სამშვიდობო ძალების შენაერთებისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანების გაცემა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 00:30
საქართველო - არ მომხდარა **
სამშვიდობო ძალების მიერ საბრძოლო პოზიციების დაკავება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 01:00
საქართველო - არ მომხდარა **
სამშვიდობო ძალების მიერ ცეცხლის გახსნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, არაუგვიანეს 06:20
საქართველო - არ მომხდარა **
მოწინააღმდეგე მხარის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლისთვის პირველი ჭრილობის მიყენებაცეცხლსასროლი იარაღით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 5 აგვისტო 2008, 01:30
საქართველო - 8 აგვისტო 2008, დაახლ. 06:20
მოწინააღმდეგის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის სასიკვდილოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 14:00
საქართველო - 8 აგვისტო 2008, დაახლ. 08:00
უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება, რომელსაც მხარეები აღიარებენ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 15:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:30
იმ შენაერთების პირველი შეტაკება, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სამშვიდობო ძალებს:
8 აგვისტო, დაახლ. 7:00
შენიშვნები:
* ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე იგი ოფიციალურად გამოცხადდებოდა.
** 7 აგვისტოს 21.00 სთ-დან დაწყებული, ქართული სამშვიდობო ძალების პოსტების დაცხრილვათა სერიის შემდეგ, რის დროსაც კონტუზია მიიღო ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, ქართული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში საქართველოს არმიის რეგულარულმა შენაერთებმა ჩაანაცვლეს.
მასალის გამოყენების პირობები






