თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 12 აპრილს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე, ბრალდების კიდევ ხუთი მოწმე დაკითხეს, რომლებმაც ჩვენება საქმის ორ ეპიზოდზე მისცეს. მოწმეები მეოთხე ბრიგადისა და სენაკის ეპიზოდებზე დაიკითხნენ. სხდომაზე მოწმეთა მხრიდან რამდენიმე სკანდალური განცხადებაც გაკეთდა:
"კიბეზე ასვლის შემდეგ, რომ შევედით ამ დერეფანში, ვნახეთ ასეთი სურათი, რომ კაბინეტების ღია კარში იდგნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები და გარკვეული პერიოდულობით იძახდნენ - "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას". ჩვენ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, გავიარეთ ეს დერეფანი და შევედით სამუშაო კაბინეტში", - აღნიშნა მოწმე ირაკლი ჩაგუნავამ.
ბაჩო ახალაიას კითხვას, ნახეს თუ არა მათ რაიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტები, მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის.
"იმ ეპიზოდზე, რომელიც არ იცით, დანაშაულია თუ არა, აქ მსხდომ ბრალდებულთაგან, ჩემი ჩათვლით, ვინმე ნახეთ?", - იკითხა ახალაიამ. მოწმემ კი ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.
"იყო კითხვა, რომელზეც ჩვენებას ვაძლევდით, დადასტურება, რა თქმა უნდა, არ შემიძლია და იურიდიულად ვერც დავადასტურებ, საქმე იყო, თითქოს ვიღაც გადახტა მესამე სართულიდან და ამის გამო ვიღაც დასაჯეს, მაგრამ ამის დადასტურება ისევე არ შემიძლია, როგორც უამრავი სხვა ჭორის, როცა ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს ფაქტები, მაგრამ მე პირადად, ეს ფაქტები არ მაქვს", - განაცხადა პროცესზე ბრალდების მოწმე გოგა გოგუამ.
გოგუამ აღნიშნა, რომ იგი ამ ჩვენების შემდეგ დააწინაურეს და დასძინა, რომ დაწინაურება ჩვენებასთან კავშირში არ არის. მოწმემ აღნიშნა, რომ იმ ხუთი პიროვნებიდან, რომელთა ფიზიკური შეურაცხყოფაც სასამართლოზე ერთ-ერთ ბრალდებად განიხილებოდა, სამზე მეტი არ უნახავს, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ხუთიდან არცერთს სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა:
"მათ ეცვათ ტანისამოსი და სხეულზე ვერ დავინახავდი დაზიანების კვალს, რაც შეეხება სახეს, შესაძლებელია სახეზე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათ სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ", - განაცხადა გოგუამ.
"დაიკითხნენ მოწმეები, უფრო სწორად, სამხედრო პირები, ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არღვევდნენ დისციპლინარულ მოთხოვნას, არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, ისინი უარს ამბობდნენ დილის ვარჯიშზე, პროტესტის ნიშნად შეთანხმების საფუძველზე სადილზეც უარს აცხადებდნენ, პრაქტიკულად დაუმორჩილებლობას ავლენდნენ, არ მოსწონდათ სამუშაოების შესრულება ჯარისკაცებს და აქედან გამომდინარე იყვნენ განაწყენებულები ზოგადად იმაზე, რომ ისინი ჯარისკაცები გახლდნენ", - აღნიშნა ბაჩო ახალიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






