სრულებით შესაძლებელია ახალ ზელანდიაზე საუბრისას გავაკეთოთ ასეთი შეფასება: არის მსოფლიო და არის ახალი ზელანდია. ორი ძირითადი კუნძულისგან შემდგარი ქვეყანა, რომლის სიგრძეც 1 600 კილომეტრია, 29 რეგიონისგან შედგება. აქ სანახავი ძალიან ბევრია.
როდესაც მოგზაურობაზე მიდგება საქმე, ადამიანთა უმრავლესობა ევროპის ან ამერიკის ქვეყნებს არჩევს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, კანადა, ბრაზილია და სხვა, თუმცა, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას ამჯობინებს საკმაოდ მცირეა. რა თქმა უნდა ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, პირველ რიგში მსგავს ქვეყნებში მოგზაურობა გაცილებით ძვირი ჯდება და ამასთანავე, ხანგრძლივი ფრენაა საჭირო, განსაკუთრებით პრობლემურად კი შესაძლოა ის ფაქტი მოგეჩვენოთ - როცა რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გადაწყვეტთ მოგზაურობას და აღმოჩნდება, რომ სასურველი მიმართულებით თქვენი ქვეყნიდან პირდაპირი რეისები არ არის.
მაგრამ მოგზაურის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება, დღეს ახალ ზელანდიაში ვმოგზაურობთ
ვალუტის კურსი ლართან მიმართებით დღეისათვის ასეთია - 1 ახალზელანდიური დოლარი დაახლოებით 1.57 ლარი ღირს
დანიშნულების ადგილები: ჩრდილოეთ კუნძული, სამხრეთ კუნძული, ნაციონალური პარკები
ამ ქვეყანაში შესვლისას არ არის არავითარი შეზღუდვა უცხოური ვალუტის რაოდენობაზე და მის შეტანაზე, თუმცა, ადამიანი, რომელსაც 10 ათას ახალ ზელანდიურ დოლარზე მეტი აქვს, ვალდებულია სასაზრვრო ანგარიში შეავსოს. ნებისმიერი უცხოური ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ბანკებში, ასევე სასტუმროების გარკვეულ ნაწილსა და ქალაქების ცენტრებში ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
ახალ ზელანდიაში ბანკები მუშაობას 9:30 საათზე იწყებენ და 16:30 საათზე ასრულებენ.
რა თანხა უნდა გაითვალისწინოთ კვებისთვის დღიურად - საუზმე სასტუმროში 15-დან 40 ახალზელანდიურ დოლარამდე დაგიჯდებათ, სადილი 25-დან 70 დოლარამდე, სამხარი 5-დან 10 დოლარამდე, ლანჩი კაფეში 10-დან 25 დოლარამდე. ყავა ამ ქვეყანაში 3.50-დან 4.50 დოლარამდე ღირს.
რაც შეეხება სასტუმროებს, ახალ ზელანდიაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება დაახლოებით 100 ავსტრალიური დოლარიდან 863 ავსტრალიურ დოლარამდე მერყეობს. ეს ინფორმაცია შესაძლოა სრულებით არ გამოგადგეთ, ამიტომ გეტყვით ჰოსტელების ღირებულების შესახებ, მათი ღირებულება 15 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 50 ავსტრალიურ დოლარამდე ადის. თუ მოგზაურობისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ლაშქრობებით აპირებთ და არა აუზზე მზის აბაზანების მიღებით, ამიტომ სჯობს მსგავს ჰოსტელებში დაბინავდეთ, ამ ქვეყანაში სტანდარტები ძალიან მაღალია და შესაბამისად ფასით ნუ განსაზღვრავთ რამდენად მისაღები იქნება ეს ნომრები თქვენთვის, აუცილებლად მოგეწონებათ, შედარებისთვის საქართველოს ბევრ პრესტიჟულ სასტუმროში შესაძლოა არ იყოს მსგავსი ნომრები, როგორც ახალი ზელანდიის ჰოსტელებში.
მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო აპრილიდან-ნომებრის ცათვლით არის, რადგან სწორედ ამ დროს არის ახალ ზელანდიაში ზაფხული.
ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ოკარიტო - გონდოლით მოგზაურობა ახალი ზელანდიის უდიდეს ლაგუნაში მძლავრ შთაბეჩდილებას მოახდენს თქვენზე. აქ 70-ზე მეტი სახეობის უნიკალური ჯიშის ფრინველი ბინადრობს. გონდოლით მოგზაურობა 50-დან 90 ახალზელანდიურ დოლარამდე დაგიჯდებათ.

ხიდი არსაით ლაშის ნაციონალურ ტყეში - პროფესიონალი გამყოლის მეშვეობით თქვენ ლაშის ულამაზეს ნაციონალურ ტყეში შეძლებთ ხიდზე გადასვლას, რომელსაც ადგილობრივები „ხიდს არსით“ უწოდებენ. დღემდე ამოუხსნელია თუ რატომ არის ეს ხიდი აშენებული და რა დანიშნულება ჰქონდა მას.

რუაპეუს რეგიონი - ამ რეგიონში ახალი ზელანდიის სამი უდიდესი ვულკანი შეგხვდებათ, რომელიც გადმოჰყურებს ახალი ზელანდიის უდაბნოებს, მდინარეებს, ტბებსა და გეიზერებს.

ტონგარიროს ალპინისტური სვლა - ეს ლაშქრობა დაუვიწყარი იქნება თქვენთვის, რადგან შეძლებთ ვულკანური წარმონაქმნების ხილვას, შეძლებთ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ახალი ზელანდიის ულამაზესი ხედებით ტკბობას. რა თქმა უნდა ამ ლაშქრობაში წასვლა მარტომ არ უნდა გაბედოთ და სასურველია თუ პროფესიონალი გიდისთვისაც არ დაიშურებთ თანხას.

ველინგტონი - თუ ახალ ზელანდიაში ვიზიტი მხოლოდ ბუნებაში ლაშქრობებითა და ულამაზესი ლანდშაპტების ხილვით წარმოგიდგენიათ, ქალაქი ველინგტონი ამ შეხედულებას აუცილებლად შეგიცვლით. აქ დაგხვდებათ კინოთეატრები, ხელოვნების მუზეუმები, სხვადასხვა ბუტიკები, როკ კლუბები, ცოცხალი მუსიკა და რესტორნები ნაციონალური კერძებით. ველინგტონი სრული შერწყმაა სამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულებს შორის.

ოტაგოს ნახევარკუნძული - აქ ახალი ზელანდიის ყველაზე მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის ხილვაა შესაძლებელი. ალბატროსები, პინგვინები, ზღვის ლომები. ეს ნახევარკუნძული ლაშქრობისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თქვენს აღმაფრთოვანებელ განწყობაზე იზრუნებს.

აკაროას ნახევარკუნძული - აქ შეხვდებით მრავალ გასართობს, კვების ობიექტებს და ულამაზეს არქიტექტურას, მოწყენას კი ნამდვილად ვერ შეძლებთ. ულამაზესი გლენორშის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი ეფექტურ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

ვანაკა - რომელია უკეთესი, ქვინსთაუნი თუ ვანაკა? ამაზე კამათიც არ ღირს, ორივე ქალაქი თავისი უნიკალურობით განსხვავებულია. ორივე ქალაქში შეხვდებით ულამაზეს ტბებსა და მთებს, სალაშქრო ბილიკებს. ამიტომ ახალ ზელანდიაში ვიზიტისას ორივე მათგანი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

კაურანგის ნაციონალური პარკი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! კაურანგი „ცისფერ ცას“ ნიშნავს და არსად ისე ახლოს არ იქნებით ცასთან, როგორც ამ ნაციონალურ პარკში. კაურანგი ახალი ზელანდიის ნაციონალურ პარკებს შორის სიდიდით მეორეა. ამ პარკში ახალი ზელანდიის უნიკალური მცენარეების 50%-ს შეხვდებით.

ვაიტომოს გამოქვაბულები - ამ გამოქვაბულების დათვალიერებით სამუდამოდ გარანტირებული გექნებათ დადებითი შთაბეჭდილება და შესაძლოა ახალ ზელანდიაში განმეორებით მოგზაურობა სწორედ მათ გამო მოინდომოთ. ვეიტომო 300-ზე მეტი გამოქვებაულსიგან შედგება და ისინი ვიზიტორებს 100 წელიწადზე მეტია რაც „უმასპინძლდებიან“ ულამაზესი სანახაობებით.

კაიკაურა - ბლენემიდან 129 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს კაიკაურას პატარა ნახევარკუნძული. დედამიწის მასშტაბით ძალიან მცირეა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ველური ცხოველების ასეთი მრავალფეროვნებაა და ერთ-ერთი სწორედ კაიკაურაა. შეხვდებით მრავალი სახეობის ზღვის ცხოველებს, მათ შორის ვეშაპებსაც კი. ამიტომ არ გამოტოვოთ ეს დასახლება თავისი უნიკალური შეგრძნებებით.

Milford Sound - სიდნეი, ლონდონი, პარიზი თავიანთი ღირსშესანიშნაობებით არაფრად მოგეჩვენებათ ამ ადგილის მონახულების შემდეგ. მუქი წყლები, მაღალი მთები, უნიკალურ სილამაზეს ქმნის და ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა იქნება.

როტორუა -გეიზერები, ულამაზესი ლანდშაფტები, უნიკალური სილამაზე, ტბები და მთები ყველაფერი ერთად სწორედ აქ არის თავმოყრილი. კარგი იქნება ახალ ზელანდიაში ვიზიტს როტორუაში მოგზაურობით თუ დაიწყებთ.
მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ თაყვანისმცემელია, სწორედ ახალ ზელანდიაში შეძლებთ „ჰობიტების ქალაქის“ მონახულებას. ამ ქალაქის მშენებლობა 1999 წელს დაიწყო და მშენებლობაში 400 ადამიანი მონაწილეობდა. ჰობიტონამდე მისასვლელად ორ კილომეტრამდე სიგრძის გზა აშენდა, ასევე 40 მომრგვალებული ხვრელი ჰობიტების საცხოვრებლებისთვის. პირადად მე ალბათ პირველ რიგში ამ ქვეყანაში სწორედ ჰობიტონის მოსანახულებლად ვიმოგზაურებდი.
საინტერესო და ულამაზესი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!




























მასალის გამოყენების პირობები






