გამოეხმაურა რა პრემიერმინისტრის განცხადებებს, "პირველი რადიოს" ცნობით, მეუფე სერაფიმემ განაცხადა:
"საკითხის ასე დაყენებას მართებულად არ ვთვლი. არანაირი პრობლემა დღეს ეკლესიაში არ არის. პრობლემა მაშინ ითქმება, როდესაც ვინმე ან რამე არ აკეთებს რაიმე საქმეს. ეკლესია არის ერთ ერთი პირველი და მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის. ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს ძალიან კარგი ურთიერთობაა.
მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირი უფრო გაუმჯობესდება, ამაში დარწმუნებული ვარ. არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ დაძაბონ ურთიერთობა და ცდილობენ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა გააფუჭონ. რა თქმა უნდა, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ეკლესიას ჭირდება დახმარება. სახელმწიფო იგივე მრევლია და იგივე მოვალეობა აქვს ერისა და ღვთის წინაშე. ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ურთერითდახმარება აუცილებელია.
სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება ეკლესიის წინაშე. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ეკლესიის დაცვა და არ უნდა დაუშვას ეკლესიაზე თავდასხმა ." - განაცხადა მეუფე სერაფიმემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. "ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






