”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) 2016 წლის მარტის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები ცნობილია.
მოსახლეობის განწყობა მმართველი პოლიტიკური ძალის და სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ უკიდურესად დაბალია.
კვლევის მიხედვით, იმ ამორჩევლის რაოდენობა, (61 %) ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე კატასტროფულად დიდია მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას 66% აპირებს.
ამასთან NDI - ის კვლევის თანახმად, "ქართული ოცნება" მინიმალურად, მხოლოდ 2%-ით უსწრებს ნაციონალურ მოძრაობას. თავის მხრივ ენმ-ს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულს საფრთხეს უქმნის „თავისუფალი დემოკრატების“ დაბალი თუმცა მზარდი რეიტინგი.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2016 წლიდან ჭრელი პარლამენტი და კიდევ უფრო ჭრელი პოლიტიკური გარემო შეიქმნება.
NDI-ს დღეს დადებულ კვლევაში ნათლად ჩანს თუ როგორ იცვლებოდა მოქალაქეთა დამოკიდებულება პარტიების მიმართ.
კონკრეტულად კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, საგრძნობლად შემცირდა ქართული ოცნების მონაცემები. თუკი 2012 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი მოქალაქე ფიქრობდა, რომ ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან ქართული ოცნება დგას, 2016 წელს ამ ციფრმა 16 პროცენტს მიაღწია. ამ მონაცემის მკვეთრი დაცემა 2013 წლის შემდეგ დაიწყო.
2012 წლის ნოემბრის შემდეგ უმნიშვნელოა ამავე მაჩვენებლის ცვლილება ნაციონალური მოძრაობისთვის. მოქალაქეთა 15 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი შეხედულებები ახლოს დგას ამ პარტიასთან.
თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში მონაცემები 2015 წლის აპრილიდანაა მოცემული. მათ შეხედულებებთან ახლოს მყოფად თავს მიიჩნევს მოქალაქეთა 9 პროცენტი.
გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც არცერთ პარტიას არ მოიაზრებს მის შეხედულებებთან ახლოს მდგომად.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კვლევის ჩატარების მომენტში კოალიცია დაშლილი არ იყო, ახლა ყველაზე საინტერესოა როგორ გადანაწილდება 15 %- იანი პარტიის ხმები.
NDI - ის კვლევის შეფასებისას ტრადიციულად განსხვავებულია უმრავლესობისა და უმცირესობის შეფასებები.
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ NDI პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან
„პოლიტიკური NDI-ის არცერთი რეიტინგული გამოკითხვა არ შეიძლება, რეალურად მივიღოთ. ორგანიზაცია უკვე ათეული წელია, პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან“ - აცხადებს დეპუტატი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილია შედეგით. როგორც „ნიუპოსტს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა, "ქართული ოცნების" რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, "ნაციონალური მოძრაობა" კი პოპულარულია.
"ქართული ოცნების" პოპულარობა თანდათანობით ეცემა, "ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი კი იზრდება". წინა კვლევებთან შედარებით ჩვენი რეიტინგები არის გაზრდილი და მმართველ გუნდსა და ჩვენს შორის არის 2-1 % - იანი სხვაობა. 15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ამომრჩეველი და მხარდმჭერი აღარ ჰყავთ...“ - აცხადებს რატიანი.
მისი თქმით, "იმ პირობებში, როცა გადაუწყეტელი ხმათა რაოდენობა არის ბევრი, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად იგებს“.
"თავისუფალი დემოკრატებში" კი დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტიდან, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, არჩევნებზე გადაწყვეტილებას სწორედ ალასანიას გუნდის სასიკეთოდ გააკეთებს.
"ძალიან საინტერესოა შეკითხვა - რომელ პოლიტიკურ პარტიას არასდროს დაუჭერდით მხარს, სადაც ჩამონათვალში ყველა პარტია გარდა თავისუფალი დემოკრატებისა. გამოკითხვის მიხედვით ნეგატიური დამოკიდებულება "თავისუფალი დემოკრატების" მისამართით არ არსებობს საზოგადოებაში. გამომდინარე აქიდან თავისუფალ დემოკრატებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ის ამომრჩეველი (61 პროცენტი) მოვიზიდოთ, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზურაბ აბაშიძემ.
თუ გავითვალისწინებთ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილების გადაწყვეტილებას, ხოლო მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების წინაპირობად მსხვილი გაერთიანების შექმნას, ,,ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რამდენად არსებობს ამის შანსი არასაპარლამენტო ოპოზიციაში, რათა გადაუწყვეტელი 60%-ის ყურადღება მიიქციოს.
NDI-ს კვლევის შედეგები დღეს შეაფასეს არასაპარლამენტო პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში ურეიტინგო ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმცირესობას დამრცხება გარდაუვალი იქნება.
" NDI-ს კვლევის პოლიტიკურ ნაწილში გამოცხადებულ შედეგებს რეალურად არ ვუყურებ. ვთლი რომ ეს ორგანიზაცია მისთვის სასურველს წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა თუ გადავხედავთ ამ შედეგებს გარკვეულ ორიენტირებზე შიძლება საუბარი. იმ ფონზე როცა ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, სრულ კონსოლიდაციას ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ხელისუფლება დაამარცხონ 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე"- განუცხადა თევდორაძემ "ნიუპოსტს".
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თვლის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ ამომრჩევლის ყურადღება სერიოზულად არის გამახვილებული.
„არჩევნების წინ ხელისუფლების რეიტინგი ასე დაბალი ყოფილიყოს მე არ მახსოვს. როდესაც ასე იყო, ის ძალა ტოვებდა ხელისუფლებას. მეორე საკითხი რაც მნიშვნელოვანია, კვლევებმა დაგვანახა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ ამომრჩევლის ყურადღება სერიოზულად არის გამახვილებული. 5 სუბიეტქტიდან, რომელმაც შეიძლება გადალახოს ბარიერი, აქედან 50% თითქმის არის არასაპარლამენტო ოპოზიცია და ცალ-ცალკე ერთიანობის გარეშე მათზე მოდის 10-15%, რაც იმას მიანიშნებს, რომ ერთიანობის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური საარჩევნო მოთამაშის სახე შიეძლება მიიღოს“ - აცხადებს ქარდავა.
,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია "ნიუპოსტთან" არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, მომავალ არჩევნებზე სერიოზული შედეგის დადებას პროგნოზირებს.
" NDI-ს კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება სწორი იქნება. ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როცა კოალიცია იყო ერთიანი, მისი დაშლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ დარტყმებს მიიღებს "ქართული ოცნება" მომავალში. შესაბამისად შანსი და ალბათობა იმასთან დაკავშირებით, რომ შედგეს გაერთიანება და ამან მიიღოს დადებითი შედეგი, არის მაღალი. მაქსმუმ ეს არის გამარჯვება და მინიმუმ არის ის რომ მთავრობა უმრავლესობას ვერ ჩამოაყალიბებს და მოუწევს კონსულტაციები იმ ჯგუფთან რომელიც ამ გაერთიანებაში იქნება"- აღნიშნა დავითაიამ.
ტრადიციონალისტების" ლიდერი კაკო ასათიანი NDI-ს შედეგებს ხალხის დაკვეთას უკავშირებს და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობს.
"გამოკითხვის შედეგები პირდაპირი მითითებაა. გაერთიანდით, გაერთიანდით, გაერთიანდით, ასე იკითხება ეს შედეგები"- განმარტა ასათიანმა.
ნინო ბურჯანაძე კი კვლევის შედეგებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნების მხარდაჭერად აფასებს.
„როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწერება კვლევა სადაც 15 % მმართველ პარტიას აქვს და მეორე პარტიას 13 % ეს არის ქვეყნის და საზოგადოების მომზადება რევოლუციური სცენარისათვის“- აღნიშნა „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა.
„ნიუპოსტი“ ექსპერტთა შეფასებითაც დაინტერესდა.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ხალხი პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა.
ხუხაშვილის თქმით, "ყველა პარტიას უარს ეუბნება ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა"
"მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება არიან უმცირესობაში. ეს პოლიტიკური კრიზისია, სამწუხაროდ პრობლემა ამით არ ამოიწურება, რადგან სხვა პარტიებიც ვერაფერს სთავაზობენ მოსახლეობას, ისეთს რაც თუნდაც მესამე ცენტრს გააჩენდა. ფაქტია, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი ჩატყდა. იმ ამომრჩეველსაც კი ვისაც უნდა არჩევნებზე წასვლა მასაც ვერ გაუგია ვის უნდა მისცეს ხმა"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მოვლენები თუ ასე გაგრძელდა საბოლოო ჯამში "სუსტი ლეგიტიმაციის" ხელისუფლება გვეყოლება.
კითხვაზე "გამოკითხვა ჩატარდა კოალიციის დაშლამდე და როგორ გადანაწილდება კოალიციის შედეგები" ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
"კოალიციის რეიტინგისთვის, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.ეს ფაქტიურად ივანიშვილის რეიტინგია, ეს არ არის პარტიის რეიტინგი"- დასძინა ხუხაშვილმა.
„ნიუპოსტი“ თავადცვის ყოფილ მინისტრსაც დაუკავშირდა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.
"თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა შევეჩვიოთ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვა არის სარკე, რომელიც ასახავს იმ რეალობას რომელიც რეალურად არის.
ის შედეგები კი, რომელიც დღეს დაიდო არის რელევანტური და მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს არის ძალიან მაღალი ანუ ამომრჩეველი ვერ გრძნობს, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკური პარტიები მას სთავაზობენ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს. წინასაარჩევნოდ ძალიან რთული ბრძოლა იქნება იმ ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლებსაც გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვს"- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებისა და ამომრჩეველს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, ამ შედეგებზე პირდაპირ აისახა.
რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ რეიტინგებს, შაშკინის თქმით სახეზეა ორი უდაო ლიდერი.
"ორი ლიდერის გარდა კიდევ 5 პარტიაა - მათ აქვთ შანსი იბრძოლონ ბარიერის გადალახვისთვის. თუმცა წმინდა ტექნოლოგიურად არჩევნებზე ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ რა ტაქტიკას აირჩევს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, მათი საარჩევნო კამპანია ბიძგს მისცემს დანარჩენ პარტიებს"- განმარტა შაშკინმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






