იაპონია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, აღმაფრთოვანებელი და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით. მთა ფუჯიდან დაწყებული, ტოკიოს თავბრუდამხვევი რიტმით დამთავრებული, იაპონია უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე ქვეყანაა, რომელიც იდეალურად არის შერწყმული უძველეს ტრადიციებთან და წარსულთან. გულახდილად რომ გითხრათ, ამ სტატიას წერს ჟურნალისტი, რომელიც ოცნებობს ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე და მისი თითოეული კუთხე-კუნჭულის შესწავლაზე.
სანამ ამ ჟურნალისტის ოცნება ფრთებს შეისხამს და რეალობად იქცევა, მანამდე შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ამ ქვეყანაში ვიზიტისას. იმისათვის, რომ შეძლოთ ფინანსების დაზოგვა და მცირე დროში მაქსიმალურად ბევრი ღირსშესანიშნაობის მონახულება. დავიწყოთ იაპონიაში მოგზაურობა...
ძირითადი დანიშნულების ადგილებია ჰიროშიმა, კიოტო და რა თქმა უნდა ტოკიო
პირველ რიგში დაახლოებითი კურსის შესახებ გეტყვით - 100 იაპონური იენი დაახლოებით 2 ლარი ღირს.
ჰოსტელები - საცხოვრებლების უმტესობა დღიურად 2.500-4,000 იაპონური იენი დაგიჯდებათ, ანუ ქართულ ვალუტაში რომ გადმოვიყვანოთ 25-40 ლარი. ორ საწოლიანი ნომერი კი სამ ვარსკვლავიან სასტუმროში 8500 იაპონური იენი ღირს.
საკვები - არის მრავალი კვების ობიექტი, სადაც შეგიძლიათ მისაღებ ფასად მიირთვათ სხვადასხვა კერძები. თუმცა, შეგიძლიათ დანაზოგი გააკეთოთ და პროდუქტი მაღაზიებში შეიძინოთ, ჰოსტელებში კი არის სამზარეულოები, სადაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი კერძის მომზადებას. ლაფშისა და ხორცის შეძენის შემთხვევაში დღიურად 250-დან 1,250 იაპონურ იენამდე უნდა გაითვალისწინოთ. ერთი კვირის მანძილზე კი განსაზღვრეთ 3.700-5.000 იენი. რესტორნებში კერძების უმრავლესობის ღირებულება 2000 იენიდან იწყება. სუშის ღირებულება კი 125-620 იენს შორის მერყეობს. სწრაფი კვებისთვის 800 იენი გაითვალისწინეთ.
ტრანსპორტი - ტრანსპორტი იაპონიაში საკმაოდ ძვირია. მატარებელი ყველაზე სწრაფი, მაგრამ ყველაზე ძვირი საშუალებაა მოგზაურობისთვის. ოსაკიდან ტოკიომდე ბილეთის ღირებულება 20 000 იენს შეადგენს. მეტროს ბილეთები კი 125-დან 250 იენამდე მერყეობს. ქალაქების უმრავლესობაში შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ დღიანი ულიმიტო ბილეთები, რომელიც 24 საათის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოძრაობის საშუალებას მოგცემთ, მსგავსი ბილეთის ღირებულება 1000 იენია. საერთაშორისო ავტობუსების ბილეთების ღირებულება 2500 იაპონური იენია.
ღირსშესანიშნაობები - ტაძრებისა და მუზეუმების უმრავლესობაში შესვლა ყოველგვარი საფასურის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, რამდენიმე პოპულარული ღირსშესანიშნაობა 1250 იენამდე ღირს. ტაძრებში შესვლა კიოტოში შესაძლოა 620 იენი დაგიჯდეთ. ქალაქებს ულამაზესი პარკები აქვთ, ამიტომ გამოიყენეთ მომენტი და გაატარეთ დრო მშვიდ გარემოში. ისევე, როგორც ტრანსპორტის შემთხვევაში, ტაძრებსა და მუზეუმებში შესასვლელი ერთ დღიანი ულიმიტო ბილეთის შეძენაც არის შესაძლებელი.
რა ადგილები უნდა მოინახულოთ იაპონიაში სტუმრობისას

ცუკიძის თევზის ბაზარი - ტოკიოს თევზის მარკეტი. ეს მარკეტი მუშაობას დილით ადრიანად, 4 საათზე იწყებს. სწორედ აქ შეძლებთ იხილოთ უმაღლესი დონის რესტორნების შეფ მზარეულები, რომლებიც საკუთარი რესტორნებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარეობენ, იძენენ უამრავი სახეობის საუკეთესო თევზს. მიირთვით სახელდახელოდ მომზადებული სუში და დატკბით გიჟური გარემოთი. ასეთი სხვა არაფერი არსებობს მთელს მსოფლიოში.

ადით მთა ფუჯიზე - ამ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3 776 მეტრია და ტოკიოდან მოშორებით მდებარეობს. დღის განმავლობაში იგი ხშირად იფარება ღრუბლებითა და ნისლით, ამიტომ ფუჯიზე ასვლა შესაძლებელია დილით, ძალიან ადრე, მაგრამ ძილზე უარის თქმა ნამდვილად ღირს იმ სანახაობად რაც მწვერვალიდან იშლება.

გაატარეთ დღე Geisha District - ში - გეიშათა ოლქი მთელს მსოფლიოში ცნობილი დასახლებაა. რაიონი სავსეა საინტერესო არქიტექტურით და თუ გაგიმართლათ, შესაძლოა დღე გეიშათა გარემოცვაშიც გაატაროთ.

ეწვიეთ ჰეიანის ტაძარს - ჰეიანის ტაძარი ტურისტების უსაყვარლესი ღირსშესანიშნაობაა, ამიტომ თუ შესაძლებელი იქნება რაც შეიძლება ადრიანად ეწვიეთ მას. ტაძრის ბაღი ულამაზეს სანახაობას გპირდებათ თავისი საკურას ხეებით, აქ ულამაზესი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. ტაძარში შესვლა უფასოა, მაგრამ ბაღში შესასვლელად 600 იაპონური იენი დაგჭირდებათ.

დასვენება პარკ უენოში - უენოს პარკი დასვენებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თან ამაში არაფრის გადახდა არ დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ ფოტოაპარატი, რადგან ამ პარკში უმშვენიერესი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი, ამ პარკში საკურას მრავალი ფერის ყვავილების დაფიქსირებაც არის შესაძლებელი. სადილის წაღება არ დაგავიწყდეთ, ამ პარკს უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში არ დატოვებთ.

შეჩერდით Imperial Palace - თან - აუცილებლად მოინახულეთ Imperial Palace, რომელიც იაპონიის იმპერატორების სასახლე გახლდათ. ეს საუკეთესო საშუალებაა მოისმინოთ უნიკალური ისტორიები იაპონიის კულტურის შესახებ. თუ შიგნით შესვლას ვერ შეძლებთ, უკმაყოფილო არც სასახლის მინდვრებისა და ბაღების ხილვით დარჩებით.

მოინახულეთ წმინდა კუნძული - აუცილებლად ესტუმრეთ „წმინდა კუნძულს“, რომელიც თავისი სილამაზით აუცილებლად გაგაოგნებთ. კუნძულზე მოხვედრის ერთ-ერთი საშუალება ბორანია, რომლის ღირებულებაც 180 იაპონური იენია.

ეწვიეთ ბიჩუ მაციუამას ციხესიმაგრეს - ციხესიმაგრეში შესასვლელად 300 იენი დაგჭირდებათ. ეს გახლავთ იაპონიის ყველაზე ორიგინალური და იდეალური ციხესიმაგრე. ეს ქვეყნის ყველაზე მაღალი ციხესიმაგრეა.

წადი კიოტოში - სილამაზისა და იაპონური ბაღების ქალაქი, კიოტო იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალაქია. ეს ქალაქი ქვეყნის ტრადიციების ძირითად ნაწილს ინახავს. ამ ქალაქში ასობით ტაძარია და რაც მთავარია ულამაზესი ბამბუკის ტყეც კიოტოში მდებარეობს.

არ გამოგრჩეთ ჰიროსიმა - აუცილებლად მოინახურეთ ჰიროსიმა და გაეცანით დეტალურად ტრაგედიას, რომელიც აქ დატრიალდა. ამ ქალაქში ატომური ბომბის აფეთქებამ მისი სრული განადგურება გამოიწვია, მაგრამ იმის ნახვა თუ როგორ მოახერხა მან განვითარება, თქვენზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს.

ლაშქრობა ნიკკოში - ნიკკოს სიღრმეში არის მრავალი ტაძარი და წმინდა ტყეები, თავად ტყეები კი სეირნობისა და მედიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ნიკკო თქვენი მოგზაურობიდან ერთ ან ორ დღეს მოითხოვს.

ტემპოზანის ეშმაკის ბორბალი - იგი ოსაკაში მდებარეობს და ერთ სრულ ბრუნს 17 წუთს ანდომებს, თქვენ ამ დროის მანძილზე შეძლებთ ულამაზესი ოსაკას ხილვას. 1997-99 წლებში ეს ეშმაკის ბორბალი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი გახლდათ. ოსაკაში ასევე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი კაიიუკანის აკვარიუმი.

ლაშქრობა არასიამას მაიმუნების პარკში - თუ გსურთ კიოტოში ხანგრძლივი მოგზაურობა, ეს პარკი საუკეთესო შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. კიოტოს პანორამულ ხედებთან ერთად, ეს გამაოგნებელი ადგილია, რათა იხილოთ მრავალი სახეობის მაიმუნი და შედეგად გიჟური ფოტოებიც დაგრჩეთ სამახსოვროდ.

შეიცანი ტოკიო - ეს უპირობოდ უმაღლესი ტექნოლოგიების ქალაქია, რომელიც იდეალურად ერწყმის ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, უძველეს ტაძრებთან, საკურას ბაღებთან ერთად თქვენ აქ შეძლებთ იხილოთ თანამედროვე მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი, მაგრამ ტოკიოსთვის ყოველდღიურობად ქცეული უმაღლესი ტექნოლოგიების მიღწევები. არ იჩქარო ამ ქალაქიდან წამოსვლა, მას მინიმუმ ოთხი დღე მაინც დაუთმე.
საინტერესო და ულამაზესი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!






























მასალის გამოყენების პირობები






