გთავაზობთ მის წერილს:
ამბები , რომლებსაც საკუთარ თავზე ვყვებით:
„დავიბადე და გავიზარდე რაიონში. 12 წლის ვიყავი ,მამა რომ ავად გახდა. ლოგინად ჩავარდა, დედა გვივლიდა მას და სამ შვილს, მე უფროhსი ვარ. სკოლა წარჩინებით დავასრულე და სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. მესამე კურსზე ვიყავი , როდესაც გავთხოვდი, 21 წლის.მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა მისი გაუთხოვარი დეიდებიც ახლოს ცხოვრობდნენ და მუდმივად ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობაში. დედამისი საზღვარგარეთ ცხოვრობს. მისი ჩამოსვლის და გაცნობის პირველივე დღეს მუცელი მომეშალა ნერვიულობის ნიადაგზე. ის მლანძღავდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მეუბნებოდა , რომ ბოზი ვიყავი და მის შვილს ასე „შევეტენე“. აქედან იწყება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი. მეუღლე დედამისის შეხედულებებზე იყო დამოკიდებული, მისი ხასიათის მიხედვით იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობა თანდათან უარესობისაკენ. გათხოვებიდან 6 თვის შემდეგ ისევ დავრჩი ორსულად, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა სტრესული ფონისა დ ემოციური არასტაბილურობის გამო. ვიდექი ბავშვის დაკარგვის საფრთხის წინაშე. 7 თვის ორსული ვიყავი , როცა გავიგე რომ ქმარს საყვარელი ჰყავდა. არ ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა, ჩემი ოჯახისთვის? რომელსაც ისიც კი არ შეეძლო, რომ ფსიქოლოგიურად მაინც დამდგომოდა გვერდით, უკან დაბრუნებასა და მოვლაზე ზედმეტი იყო საუბარი, ეკონომიურად მათაც ძალიან უჭირდათ, 4 სულიანი ოჯახი დედას შემოსავალზე , ყოველთვიურ 100 ლარზე იყო დამოკიდებული. მაშინ გავიცანი მეუფე იოსები, რომელმაც მამასავით მომიარა, წამიყვანა თავის რეზიდენციაში, სადაც სხვა უპატრონო ბავშვებსაც უვლიდა. 3 კვირა ვიყავი იქ, შემდეგ მეუღლე ჩამოვიდა ჩემს უკან დასაბრუნებლად. წამოვყევი, ვფიქრობდი რომ ჩემი შვილს სხვანაირი ცხოვრება სჭირდებოდა და არა მონასტერში გაზრდა. ეს მისი ინტერესების უგულვებელყოფა და ძალიან ბევრი რამის შეზღუდვა იქნებოდა. იმავე ღამეს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გავხდი მისგან, რის გამოც მშობიარობა დამეწყო, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ბავშვი ჯანმრთელია. დედამისი 2 თვის შემდეგ ჩამოვიდა და კიდევ უფრო გაუარესდა ჩემი მდგომარეობა. მუდმივი ყვირილის და დამცირების და შეურაცხყოფის ფონზე რძე გამიშრა, ვიყავი 40 კილო, ვერ ვიდექი ფეხზე და ვერ ვჭამდი ვერაფერს. ჩემმა მეუღლემ ამ პერიოდში ძალიან დიდი ვალი აიღო, რის გამოც სახლი გაყიდეს, სადაც ვცხოვრობდით და მის დეიდებთან მოგვიწია გადასვლა. ვცხოვრობდით სახლში, სადაც არაფრის უფლება არ მქონდა, მუდმივად რაღაც უნდა მეკეთებინა, მაინც უსაქმური, მახინჯი და ბოზი ვიყავი. იმ სახლში 6 წელი გავატარე. ვქარგავდი და ჩემი შემოსავალი მქონდა, რასაც ძირითადად ბავშვს ვახმარდი. ერთი წლის შემდეგ ისევ დავორსულდი. მეუღლეს არც გახარებია და არც წყენია, არც უკმაყოფილება გამოუხატავს, მანამ სანამ მისმა დეიდებმა არ გადაწყვიტეს რომ ბავშვი უნდა მომეშორებინა, რაზეც მე კატეგორიული უარი განვაცხადე. ამ დროს გარდამეცვალა მამა. მეუღლემ არჩევანის წინაშე დამაყენა, ან ბავშვს მოვიცილებდი, რომელიც 16 კვირის იყო, ან დამშორდებოდა, რაზეც ვუთხარი რომ მერჩივნა, დავშორებულიყავით, ვიდრე ბავშვი მომეკლა, ბავში რომლიც უკვე იმხელა იყო, ვიცოდი, გრძნობდა, როგორ ცდილობდა ყველა მის მოშორებას და გადავწყვიტე მებრძოლა მისთვის და არ დავნებებულიყავი. მეუღლემ ერთი თვის შემდეგ ბოდიში მომიხადა და სახლში დავბრუნდი, სადაც ყველაფერი ისევ და ისევ გაუარესდა, რადგან დეიდები უკმაყოფილოები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. მპარავდნენ პირად ნივთებს და რომ ვიტყოდი ჩემიათქო, თუ აღმოვაჩენდი, მთელ ხმაზე კიოდნენ, რომ ქურდი და ქუჩიდან მოთრეული ბოზი ვიყავი, ვეღარ ვაზროვნებდი, პასუხსაც ვერ ვცემდი, არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო ადამიანს, რომელსაც აბსურდული ბრალდება აქვს. მალავდნენ საჭმელს, რის გამოც სულ მშიერი ვიყავი. ფული არ მქონდა ექიმთან მივსულიყავი, ტკივილები მქონდა, ვიცოდი, მუცელი მომეშლებოდა თუ არ ვიმკურნალებდი. მივედი ექიმთან და ვუთხარი რომ ვერაფერს გადავიხდიდი უბრალოდ ერჩია როგორ მოვქეულიყავი რომ ბავშვი შემენარჩუნებინა. ექიმი ჩუმად მიკეთებდა ანალიზებს, თავად მიკეთებდა ულტრასონოგრაფიულ კვლევებს , აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. მუდმივი წოლითი რეჟიმი მქონდა დანიშნული, მე კი ბავშვს ვუვლიდი და მაინც ვქარგავდი რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით, თუმცა ხელფასი თვეში 100 ლარიც არ გამომდიოდა. ჩემი ერთი მეგობარი წამლებს ყიდულობდა, მეორე მეგობარი გადასხმის სისტემას მიდგამდა. 25 მარტო გადასხმა მაქვს გაკეთებული. ერთი დღე მახსოვს, საღამოს 5 საათი იყო და არაფერი მქონდა ნაჭამი, მეუღლეს ვთხოვე როცა მოვიდოდა პური მაინც წამოეღო, მაგრამ ის მოვიდა და ზუსტად ამას მეუბნება : „ შენ რა ფეხები არ გაქვს, რომ ჩახვიდე და ამოიტანო?“ მე კი არც ფული მქონდა და თან ისედაც დატვირთვის გამო საშინლად მტკიოდა მუცელი. 5 თვის ვიყავი უკვე როცა დედა ჩამოვიდა სანახავად, დედას მოტანილი სამელი ნაგავში გადამიყარეს და მასაც ლანძღავდნენ. ამაზე ისტერიული შეტევა დამემართა, რამაც სისხლდენა გამოიწვია, არამიანცის ექიმმა ნიშნის მოგებით მითხრა, რა გააკეთე ამისთანა რომ მუცელს იშლიო? არავისთან ლაპარაკი არ შემეძლო, ვიცოდი რომ მარტოები ვიყავით მე და ჩემი შვილები, ვიცოდი რომ მე თავად უნდა გავმკლავებოდი ამ ყველაფერს, დამცავი ბარიერი ჩამოეშალა ბავშვს, მაგრამ აღვიდგინეთ, ვმათხოვრობდი, რომ მისთვის საჭირო წამლები მეყიდა, ზუსტად 33 კვირაზე პირველი ბავშვი ვირუსული ინფექციის გამო საავადმყოფოში მოხვდა, იქ რამდენიმე დღე გავატარეთ, სახლში გამოწერის დღეს მეუღლეს ვთხოვე მისი დაბადების მოწმობის მოეძებნა, რაზეც დამიწყო ლანძღვა, გინება, რომ მე არაფერი მახსოვდა სად რას ვდებდი, გადმოყარა ჩემი ნივთები და ამტვრევდა გარშემო ყველაფერს. მახსოვს ოთახში ვიდექი და ვტიროდი, ვტიროდი ჩემს დაბადებას, დანგრეულ ცხოვრებას, უპატრონობას, მარტოობას. ის ჩემს ტირილზე უფრო გაღიზიანდა და დამარტყა, დავვარდი და ვიცოდი იქ დამთავრდა ჩემი ყველა მცდელობა ბავშვის შენარჩუნების. იმავე დღეს საღამოს ვიმშობიარე, ბავშვს სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, ორი დღის შემდეგ აპარატზე გადაიყვანეს. საავადმყოფოში ინფექციაც დაემატა და სეფსისი დაემართა. 3 კვირა იცოცხლა. ყოველდღე დავდიოდი, გულის ცემა უჩქარდებოდა როცა ხელს ვკიდებდი, მამას ერთხელაც არ უნახავს. გარდაცვალების წინა დღეს მითხრეს რომ ფილტვები გაეხსნა და გამოჯანმრთელდებოდა. ის ერთი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი, როცა შემეძლო ისევ გამხარებოდა, მეორე დღეს გარდაიცვალა. მეუღლის დამოკიდებულება მის ერთ წინადადებაში ჩანს - „ შენ კი ნერვიულობ, მაგრამ მე რამდენი ფული დავხარჯეო“( იგულისხმებოდა კუბოს და დაკრძალვის ხარჯები).იმ დღის შემდეგ 6 წელი გავიდა, მე კი ისევ ვერ ვიჯერებ რომ ცხოვრება, სამყარო თუ ღმერთი ასე მომექცა, თუ ის რა თქმა უნდა არბობს. ისევ ვერ ვტირი, არ ვიცი როგორ უნდა ვიტირო შვილი, როგორ ტირიან გარდაცვლილ შვილებს როცა იმის გააზრებაც კი შეუძლებელია ბოლომდე რომ ეს მართლა ზუსტად ასე იყო, როგორც მოხდა....
მისი დეიდები ისევ იმას მიკიოდნენ, რომ მე საკუთარი შვილის გარდაცვალება არ მადარდება, იმიტომ რომ საერთოდ არ მიტირია. მაგრამ არმმადარდებდა, თითქოს ქვად ვიქეცი, მუდმივ განტევების ვაცს ცოდვებს ვეღარ აკიდებდნენ, მე ვარ დედა რომელმაც ვერ შეძლო შვილი დაეცვა.
2 წლის წინ მათი სახლიდან წამოვედი ბავშვთან ერთად. გადავედი ქირით, მქონდა სამსახური და ის ცოტაც მიხაოდა, რადგან ყურებში აღარავინ ჩამძახოდა, რომ მე აბსოლუტურად არაფრის კეთება არ შემეძლო, რომ მე უვარგისი დედა ვარ. მაგრამ ერთი წლის წინ დედა გარდამეცვალა , ლოგინად ჩავვარდი, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, სიკვდილი. ჩემს გარშემო მაინც ყველა კვდებოდა, ვიწექი და ველოდი სიკვდილს, 37 კილო ვიყავი, სიარული არ შემეძლო. ამის გამო დავკარგე სამსახური, ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, ორი თვის შემდეგ ავდექი და მხოლოდ ფსიქოლოგთან დავდიოდი, აღარავისთან კონტაქტი აღარ შემეძლო. მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა, ჩემი შვილი მოძალადე მამასთან და დეიდებთანაა, რადგან მისი გამოკვება არ შემიძლია,ხან რომელ მეგობართან ვცხოვრობ და ხან რომელთან ვათენებ და ერთი ნატვრა დამრჩა, გათენდებოდეს ისეთი დღე, რომ ჩემს შვილს ვხედავდე და ღამდებოდეს ისე, რომ მისი ჩახუტება შემეძლოს. იმედი არ დამიკარგავს, რომ სამსახურს ვიშოვი , ბავშვს წამოვიყვან და შევძლებ, რომ კარგი დედა ვიყო მისთვის, ისეთი დედა, რომელიც გვერდით დაუდგება როცა დაჭირდება, იქნებ უბრალოდ ვოცნებობ.... მე ყველამ გამიმეტა და ხანდახან მგონია რომ ჩემი გვირაბის ბოლოს სინათლე არასდროს აინთება, მაგრამ მე ეს იმედი მჭირდება, მჭირდება იმისათვის , რომ ვიცოცხლო, ვისუნთქო და ისევ ვიბრძოლო ჩემი შვილის დასაბრუნებლად!
(სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებთ , მისი თხოვნით და გარკევული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ინკოგნიტოდ დავტოვებთ )
ის ძალადობის მსხვერპლია როგორც მიხვდით.
რა არის ძალადობა?
ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი უფლებები. ძალადობის დღოს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.
ძალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს - ფსიქოლოგიურს, იურიდიულსა და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია: ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. არა მარტო ფიზიკური ძალმომრეობა, არამედ პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე.
ამასთანავე დედა არის საოცრად ნიჭიერი, ძლიერი ფსიქიკის მქონე და გაწონასწორებული პიროვნება, შვილისთვის მებძოლი და შეუპოვარი, ძლიერი ქალი, რომელსაც მორალური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენ თითოეული მათგანი მოვალენი ვართ ეს გავაკეთოთ , მოგმართავთ თხოვნით რომ დაუდგეთ გვერდით და დაიცვათ ქალის უფლებები, დედისა და ბავშვის ინტერესები!
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მისი ნდობით აღჭურვილ პირს
ტელ:577121060
მასალის გამოყენების პირობები






