უმუშევრობა, იმედგაცრუება, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევა - NDI-ის კვლევა და მოახლოებული არჩევნები
პოზიცია - 15:21, 11 Apr, 2016     2288
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველმ მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის თქმით კვლევას ახალი მიმართულება ეკონომიკა დაემატა.

ახალი მიმართულების შედეგების მიხედვით, მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის კურსით და ხელისუფლების ეკონომიკური მიმართულებით. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 პროცენტი) ან არ შეცვლილა (47 პროცენტი); მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (39 პროცენტი) ან საერთოდ არ ვითარდება (36 პროცენტი). ამასთან, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.

გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 36%-ის აზრით მდგომარეობა არ იცვლება , 39%-ის მოსაზრებით ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 5%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 58 %-ს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, 37%-ი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებს ახორციელებს, 5 %-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია (57%), ფასების ზრდა/ინფლაცია (35%) და სიღარიბე (30%). ამის შემდეგ მოდის პენსიები (26%), ტერიტორიული მთლიანობა (23%) და ხელფასები (18%). ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (18%) განათლება (13%) რუსეთთან ურთიერთობა (12%) ადამიანის უფლებები (11%), სამართლიანობის აღდგენა (9%), ნატოში გაწევრიანება (6%) , სამართლიანი არჩევნები (6%), სიტყვის თავისუფლება (5%), კრიმინალი (4%), ევროკავშირში გაწევრიანება (3%), კორუფცია (2%), საკუთრების უფლება (2%), სასამართლო სისტემა (2%).

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 77%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზნი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.ამასთან, გამოკითხულთა 86%-ს აქვს ინფორმაცია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ, 84% კი ამას მხარს უჭერს.

გამოკითხულთა 68 %-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. 19 %-სთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 12 % პასუხი არ აქვს.

54 %-ის აზრით საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს. 27%-ი აზრით მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ ევროტლანტიკურ ინტეგრაციაზე იტყვის უარს. არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება 7% , 11 %-ს კი პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 23% -ის აზრით საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად ნატო უზრუნველყოფს. 13 %-ის აზრით ევროკავშირი, ასევე 13 % თვლის რომ საქართველოს უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს. 10%-ის აზრით ეს აშშ-ია. თითო-თითო პროცენტი აქვთ აზერბიჯანს, თურქეთს და ევრაზიულ კავშირს.

„ნიუპოსტმა“ აღნიშნული შედეგების შეფასება ექსპერტებს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სთხოვა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის საკითხებში უარყოფითი შედეგები მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია:

„ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და სიტყვასიტყვით ასახვა იმ მოსალოდნელი შედეგებისა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნა გაკეთებული, პროგნოზის სახით, რომ მეორე წელი იქნება უკეთესი, მესამე წელი მეორე წელზე უკეთესი და მეოთხე წელი იქნება საოცნებო წელი, ერთადერთი განსხვავებით, რომ სიტყვა „უკეთესი“ უნდა შევცვალოთ „უარესით“. ეს იყო მოსალოდნელი ხელისუფლების პირველივე ეკონომიკური ნაბიჯებიდან. ამის პროგნოზირება არ იყო ძნელი, რეალურად ეს აისახა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, ქვეყანა 4 წელიწადში ეკონომიკურად გაიზარდა იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც ხშირ შემთხვევაში იზრდებოდა ერთი წლის განმავლობაში. ეს პირველ რიგში არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ „ქვეყნის მართვას თავი ვერ მოაბა“. მთავრობამ სწორი ურთიერთობები ვერ დაამყარა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და ოპოზიციასთან. გოცირიძე ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ ,,ხელისუფლებამ არ იცის თუ რას ნიშნავს ეროვნული ვალუტის დევალვაცია“

,,შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვას ვერ მოაბა თავი, ვერ დაამყარა სწორი ურთიერთობები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და ოპოზიციასთან, დაკარგა საერთაშორისო იმიჯი, ასევე რუსეთთან განხორციელებული პოლიტიკის შედეგები ვერ აისახა ვერც ეკონომიკაში და ვერც პოლიტიკაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაზეც პირველივე დღიდან ვაფრთხილებდით მთავრობას, მათ ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავს ეროვნული ვალუტის დევალვაცია და როგორ უნდა მართონ ეს პროცესი. ანუ გემის კარგმა კაპიტანმა იცის რა მოუხერხოს გემს, როდესაც დიდი ტალღები ამოვარდება, გემის გამოუცდელმა კაპიტანმა შეიძლება გემი დაღუპოს ან წინსვლის ნაცვლად სხვა მიმართულებით წაიყვანოს და იღბალმა გადაარჩინოს, ლართან მიმართებით ხელისუფლების არაკომპეტენტური პოზიციაა სახეზე, ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმებულად ემოქმედათ ეროვნულ ბანკთან, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ეროვნული ბანკის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა, მისი დაკნინება, ყველა მარეგულრებელი სამსახურების გამოყოფა, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის გაყვანა, რომელიც გაჩერებულია დღესაც, მთელი ეს მიზეზები აისახა ძალიან ცუდად ქვეყნის ეკონომიკაზე, რაშიც დამნაშავე პირველ რიგში არის მთავრობა, ის ადამიანები, რომლებიც მთავრობას არაფორმალურად მართავდნენ და ისინიც, ვისაც უხდიდნენ ფულს, რათა ამ ექსპერტებად წოდებულ ხალხს, გაეწიათ პროპაგანდა, ლარმა განაპირობა ის შედეგი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი შედეგები განპირობებულია იმ იმედგაცრუებით, რაც საზოგადოებაში დაპირებების არშესრულებით არის გამოწვეული ხელისუფლების მხრიდან:

„ეს შედეგები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბევრი დაპირება ვერ შესრულდა, რასთან დაკავშირებითაც საკმაოდ მაღალი მოლოდინი არსებობდა მოსახლეობაში, რატომ არსებობდა ეს სხვა საკითხია. რეალობა გახლავთ ის, რომ თავის დროზე მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული ცრუ დაპირებები გასცეს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, როდესაც მოსახლეობის იმედები არ გამართლდა, შესაბამისად ეს გარკვეული განწყობაც ამან განაპირობა.

მისასალმებელია თუ ევროკავშირის და სხვადასხვა ორგანიზაციების მომხრეთა რიცხვი არის გაზრდილი, არ არის გამორიცხული, როდესაც ფულადი გზავნილები შემცირდა, რაც ამ ქვეყანაში არსებულ კრიზისს უკავშირდება, რამაც ლარის კურსის კლებაზე ასახვა ჰპოვა, გარკვეულწილად შემცირდა პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვიც.

მრავალი ოჯახი ფულად დახმარებას რუსეთიდან გადმორიცხული თანხით იღებდა. რუსეთი არ გვიწევს ჩვენ დახმარებას, არამედ პირიქით, შესაძლოა ამ მაჩვენებლის ზრდაც აღნიშნულს უკავშირდებოდეს. გარკვეული რეკლამებიც ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და შესაძლოა აღნიშნულმაც იმოქმედა გარკვეულწილად“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ხელისუფლების მომხრე ელექტორატების რაოდენობა მხოლოდ 20 პროცენტია, სწორედ ეს 20 პროცენტი უჭერს მთავრობას მხარს სხვადასხვა მიზეზების გამო:

„ამერიკულ კორპორაციაში მუშაობის ჟამს, ერთ-ერთი ჩემი მიმართულება კვლევების ანალიზი იყო, აქედან გამომდინარე, მაქვს გამოცდილება როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კვლევების მიმართებით. ძალიან ბევრი ქვეყნის კვლევებთან გვქონდა შეხება. პირელი, რასაც მსურს ამ კვლევებით ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა არის უკმაყოფილო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, ბევრი პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას და პირველ რიგში უყურებს რეიტინგებს. რეიტინგის დასახელების დროს, ძალიან ბევრი კომპონენტი მოქმედებს ამომრჩეველზე იმ მომენტისთვის, მაგალითად არის თუ არა ჩინოვნიკი, არის თუ არა ამ მომენტისთვის შიში რეგიონში და ასე შემდეგ. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში ყველაზე ობიექტური პასუხი მოსახლეობისგან, რომელიც არის გასუფთავებული ზეფაქტორებისგან, არის ზუსტად ამ კითხვაზე: „ვითარდება თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით“. როცა ამას მხოლოდ 20 პროცენტი ამბობს, ეს მთავრობსითვის ძალიან მძიმე შედეგია, ეს 20 პროცენტი რეალურად ამ ეტაპისთვის არის მთავრობის მომხრე ელექტორატი, ანუ ათიდან მხოლოდ 2 კაცი, რომელიც არის ბედნიერი იმით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ქვეყანა და მოქალაქე ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, შესაბამისად ადამიანი ქვეყანასთან ასოცირებს საკუთარ თავს. ამ წუთისთვის „ქართული ოცნების“ ბაზისური ელექტორატი შეადგენს 20 პროცენტს. ეს არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო, მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს“, - აცხადებს შაშკინი.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როცა არ არსებობს სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და ის ფაქტი, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემამ უკანა ფლანგზე გადაინაცვლა, შესაძლოა სახელმწიფო არასახარბიელო სიტუაციაში ჩააყენოს:

მეორე რასაც გამოვყოფდი, არის ძალიან ცუდი, ხანგრძლივ პერსპექტივაში და ძალიან მძიმე შედეგი, როდესაც მთავრი პრობლემებიდან, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს, ამოვარდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ არ ასრულებს თავის ბიოლოგიურ კომპონენტს, გასაგებია, რომ უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ ყოველთვის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, მეორე ადგილზე, თუ არა პირველ ადგილზე, იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ ხალხი ფიქრობდა, სახელმწიფოებრივად, მთავრობა ეხმარებოდა მოსახლეობას, ასრულებდა თავის ფუნქციას და ქვეყანას ჰქონდა იდეოლოგია, ერთ-ერთი კომპონენტი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველო არის ერთიანი, ყოველთვის ყველას ახსოვდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იქნებოდ აეს ცხინვალის რეგიონი თუ აფხაზეთი. ახლა კი ეს საერთოდ ამოვარდა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებას არ ასრულებს, იდეოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით. ამაზე კი მიუთითებს ის მესამე კომპონენტი, რომ 20 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, დაბალია 20 პროცენტი, მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს, ეს შესაძლოა გაიზარდოს“, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო თავის მოვალეობას ასრულებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების შემცირებას უწყობს ხელს:

„1917 წლის რევოლუცია რომ მოხდა რუსეთში, ყველა ისტორიკოსის დასკვნით, ამ რევოლუციაში მონაწილეობდა მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი და მათ მოუტანეს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს, დიდი უბედურება საბჭოთა კავშრის შექმნით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავის მოვალეობას ასრულებდეს. მესმის, რომ ისინი რეიტინგის გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული, თუ სახელმწფო არ შეასრულებს თავის მოვალეობას, არ გააჩერებს რუსულ პროპაგანდას თავის ქვეყანაში, თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ხალხზე, არაფერი არ გამოვა. ეს კვლევა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერზე ლაპარაკობს ახლა ჩვენი პოლიტიკური ელიტა გარდა ხალხისა. ეს შედეგები კი მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი გრძნობს, რომ არის მიტოვებული“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, სურათი საკმაოდ ნათელია და ეს ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული. მისივე თქმით ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ამას კვლევის შედეგებიც ადასტურებს:

„სურათი არის ნათელი, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, ადამიანების დიდი რაოდენობა ამბობს, რომ ისინი ვეღარ ყიდულობენ იმ სიხშირით ყოველდღიური საჭირო მოხმარების საგნებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ლარის გაუფასურების გამოწვევის გამო, როგორც ადრე ყიდულობდნენ, კიდევ მრავალგვარი გამოხატულება აქვს იმ გაუარესებას, რაც მოუტანა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა. მე ვფიქრობ ეს გამოკითხვა აჩვენებს იმას, რაც ნათელი იყო, ხალხმა ის მანდატი, რომელიც მიანიჭა ივანიშვილს 2012 წელს, ეს მანდატი არის ამოწურული, რადგან დღეს არ გააჩნია არც გეგმა და არც უნარი, რომ გამოიყვანოს ამ კრიზისიდან და არც რწმენა გააჩნია, რომ საქართველოს საერთოდ აქვს მდიდარი და წარმატებული მომავალი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მმართველი გუნდი კი კვლავ უნდობლობას უცხადებს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს. ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის თვალსაზრისით არ არის ისეთი რთული ვითარება, როგორც NDI-ს კვლევებშია ასახული, თუმცა სასურველია საქართველოს ეკონომიკა გაცილებით კარგად ვითარდებოდეს:

„NDI-ს კვლევებთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია დიდი ხანია, კვლევების დროს მთავარი ის არის თუ რა ფორმით დასვამ კითხვას და როგორ გამოიკვლევ. მე მიმაჩნია, რომ ეკონომიკური მდგომარების თვალსაზრისით კვლევის შედეგები არ არის სწორი, თუმცა, გვსურს, რომ მდგომარეობა ამ კუთხით იყოს ბევრად უკეთესი და იქნება კიდეც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში არსებული სიტუაცია, ეს არის გარე ფაქტორებიც, მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შემცირებულია, სახეზეა ეკონომიკური კრიზისი. ჩვენთან მოსახლეობის ცოტა რთული სიტუაცია განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ მეტად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, აქედან გამომდინარე ლარის კურსის ასეთი მერყეობა და ცვლილება ამაზე მოქმედებს, ამიტომ უნდა ვიფიქროთ რაც შეიძლება მეტი, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებაზე, ეს საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას გაცილებით მეტი სამუშაო ადგილები.

რაც შეეხება იმ შეფასებას, რომ 2012 წელს ოჯახებში მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დღეს, ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42