ევერესტი ანუ ჯომოლუნგმა, ზღვის დონიდან 8848 მეტრი, ადგილი სადაც სიკვდილია გაბატონებული და მისი დამარცხება, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის შესახებ მრავალი მითი და თქმულება არსებობს. ამბები, რომლებიც შიშს და ამ მწვერვალისკენ დაუოკებელ ლტოლვას იწვევენ. მსოფლიოს მასშტაბით არსებული ასეულობით ალპინისტის ოცნება სწორედ სიკვდილის ზონამდე მიღწევაა. თუმცა, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ევერესტს კი ხშირად „დედამიწის მესამე პოლუსსაც“ უწოდებენ.
ინდოელების რამდენიმე ტომი, ევერესტს ღმერთის განსხივოსნებად აღიქვამდნენ. ტიბეტელები კი მას „ღვთიურ თოვლსა“ და მესამე ღვთაებას“ უწოდებდნენ.
ერთ-ერთი ტიბეტური ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ჰიმალაის იდუმალი რაიონი თვალუწვდენელ ზღვას წარმოადგენდა, რომელიც გაუვალი ტყეებით გახლდათ გარშემორტყმული. ამ ტყეებში კი სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ. ერთხელ კი ზღვიდან ძალიან დიდი, ხუთთავიანი დემონი ამოვიდა, მან ყოველგვარი ბოროტება მოიტანა თან, მაგრამ საბოლოოდ ეს ბოროტება ხუთმა ფერიამ დაამარცხა, რომლებიც ხუთი ღრუბლისგან იყვნენ შექმნილნი. ტყის მადლიერმა ბინადრებმა კი ფერიებს სთხოვეს, არ მიეტოვებინათ ისინი და ფერიებმაც მათი თხოვნა შეისმინეს. მათ ჰიმალაის ხუთი უმაღლესი მწვერვალის სახე მიიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი ჯომოლუნგმა გახლავთ.
ევერესტის დაპყრობასთან დაკავშირებული ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ, 1953 წლის 23 მაისს დაიწყო. შუადღის 12 საათზე მწვერვალს ჰილარი ენდმუნდმა და შერპმა, ნოგრეი ტენციგმა მიაღწიეს. 15 წუთიანი ეიფორიის შემდეგ, მათ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე გაეროს, ნეპალის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის დროშები ააფრიალეს. ჯომოლუნგმა ფოტოზე აღბეჭდეს და საბაზო ბანაკამდე, 5360 მეტრზე დაეშვნენ.

ამ მწვერვალის დასაპყრობად ალპინისტს კარგი ფიზიკური მონაცემები და 100 პროცენტიანი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს. საჭიროა დიდი გამოცდილებაც. გზა სიკვდილის ზონისკენ დამღლელი და მეტად საშიშია.
განსაკუთრებულ როლს კლიმატთან და პირობებთან შეგუება თამაშობს. ჰაერში ჟანგბადის დონე, მწვერვალზე იმის მესამედია, რაც ადამიანის არსებობისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ალპინისტები წინასწარ მომზადებულ ბანაკებში ორი კვირიდან, ერთ თვემდე ცხოვრობენ. ამის საფუძველზე მათ ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავების დონე ორმაგდება და სასურველი მიზნის მიღწევას უადვილებს. აუცილებელია ჟანგბადის ხელოვნური გზით მიწოდებაც. ამ პირობის გათვალისწინების გარეშე, მწვერვალს მხოლოდ სამმა ალპინისტმა მიაღწია, ყველა დანარჩენ შემთვევაში ცდა უსაფუძვლო აღმოჩნდა.

მთავარი მოთხოვნა და აუცილებელი პირობა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა და ჟანგბადის ბალონების საკმარისი რაოდენობა გახლავთ. ასევე შესაბამისი, სპეცტანისამოსი და საკვები, რომელსაც კოსმონავტები იყენებენ.
რვა ათასი მეტრის ზემოთ, თითოეული გადადგმული ნაბიჯი ალპინისტს სიკვდილთან აახლოებს. იწყება აგონია, ეიფორია. ამასთანავე სიტუაციას ამძაფრებს სიმაღლის დაავადებები. ტვინისა და ფილტვების შეშუპება, ძლიერი ხველა და მოყინული კიდურები. მწვერვალზე კი ტემპერატურა მინუს ორმოცი გრადუსია და ღია, დაუფარავი კანი 30 წამზე ნაკლებ დროში იყინება. დაზარალებული ალპინისტის ჩამოსაყვანად კი მინიმუმ 20 ადამიანია საჭირო, ასეთი გამოუვალი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ძირითადად ადამიანის შველა შეუძლებელია და ერთადერთი გზა, მისი მიტოვებაა. აქ არ არსებობს თანაგრძნობა და დახმარების იმედი. ალპინისტი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და რაც მთავარია სხვას არ უნდა შეუქმნას საშიშროება.

ევერესტზე ასვლისას, განსაკუთრებით საშიში და რთული გზა უკანასკნელი 300 მეტრია. აღნიშნული მანძილი გულისხმობს კლდეს, რომელიც მხოლოდ ყინულითაა დაფარული.
ევერესტის დაპყრობა წლის ნებისმიერ დროს შეუძლებელია. ალპინისტი სასურველი მიზნის მიღწევას მაისის უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ახერხებს. მიუხედავად ამისა, ამინდის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია. 2005 წელს უეცრად ამოვარდნილმა ქარმა, რომელიც მეორე კატეგორიის ქარიშხლად იქნა შეფასებული, რვა ალპინისტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილის ზონაში ადამიანის გრადაცვალების შემთხვევაში, მისი სხეული უბრალოდ იყინება და დროთა განმავლობაში თოვლით იფარება. მთელი წლის მანძილზე ჩამოწოლილი ზვავების შედეგად კი თოვლს ხშირად გარდაცვლილების სხეულები შედარებით დაბალ სიმაღლეზე ჩამოაქვს.

განსაკუთრებით დიდ სასოწარკვეთას იწვევს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთვევაში ალპინისტები უკანასკნელ 200-300 მეტრს ვეღარ სძლევენ და იძულებულნი არიან უკან დაბრუნდნენ. ჟანგბადის გათავების შემთვევაში კი მათ სიკვდილი აქვთ გარანტირებული.
ამ ყველაფერს შესაძლოა საშიში თამაში და ბედ-იღბალის დაუნდობელი გამოცდა დავარქვათ. აქ არავინ იცის ზუსტად, რომ უკან ცოცხალი დაბრუნდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალპინისტები მაინც რისკავენ. მათ იციან, რომ შესაძლოა სასტიკი დაავადებებითა და ავადმყოფობით გარდაიცვალონ ან დაკარგონ კიდურები. მაგრამ ეს ფაქტორები არაფერს წარმოადგენს მათთვის, ვინც სიკვდილის ზონაში, მესამე პოლუსზე მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას გადაწყვეტს.
მასალის გამოყენების პირობები






