უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ნიდერლანდებში, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპაზე თავდასხმა უწოდა.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორების მიზანი უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება არ იყო. ეს არის თავდასხმა ევროპის ერთიანობაზე, თავდასხმა ევროპული ღირებულებების გავრცელებაზე“ - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდების კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული რეფერენდუმი საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ნიდერლანდების ხელისუფლება მიიღებს.
ნიდერლანდებში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა.
წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 61,1% უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების რატიფიცირების წინააღმდეგია. თუმცა, საბოლოო პასუხი 12 აპრილს, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკუთარ პოზიციას ნიდერლანდების მთავრობაც დააფიქსირებს.
მასალის გამოყენების პირობები






