ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მასშტაბურ გაძლიერებას ახდენს და ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ქმედებებია. ამის შესახებ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა.
იენ სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივს არ სცემს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მისი საზღვრების გარეთ ცდილობს გავლენის სფეროების ხელახლა მოპოვებას. ამიტომაც იქცევიან ასე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ეს მიუღებელია, რადგან ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას. არ სცემენ პატივს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ევროპაში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, ვუპასუხოთ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მასშტაბური გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამავე დროს, მე ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნატო რუსეთთან კონფროტაციას არ ეძებს. ჩვენ ავიცილებთ თავიდან ახალ ცივ ომს და ვისწრაფით რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, თუმცა, ამავე დროს გვწამს, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა იენ სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






