_ბატონო დიმიტრი, განათლების სამინისტრომ ახალი პროექტი შემოიტანა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას გულისხმობს. ამ იდეას მალევე მოჰყვა არცთუ დადებითი გამოხმაურება დარგის ექსპერტების მხრიდან, ისინი გამომცემელთა გაკოტრებაზე საუბრობენ. თუმცა სახელმძღვანელოების ფასთან მიმართებაში მუდმივი პრობლემა იყო და საყვედურები ამ მხრივ თქვენი მინისტრობის პერიოდშიც ისმოდა.
_დავიწყოთ იქიდან, რომ 2009 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა დამნიშნა მინისტრად და 2010 წლის გაზაფხულზე ჩემს წინაშე უკვე დადგა სასკოლო სახელმძღვანელოების სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ 2010 წელს გამომცემლებმა მოაწყვეს საბოტაჟი. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ არ გაეყიდათ წიგნები ძვირად, რადგან წინა წლებიდან გაირკვა, რომ სახელმძღვანელოების კომპლექტი ოჯახს უჯდებოდა დაახლოებით 400 ლარი, ამიტომ მე შევხვდი 2010 წელსვე ყველა გამომცემელს და ვთხოვე, რომ სუპერმოგებების გვერდით გაეთვალისწინებინათ ბავშვები და მათი ოჯახების მდგომარეობა.
ამას ემატებოდა შემდეგი პრობლემაც - იდეა სახემლძღვანელოების იყო აბსოლუტურად სწორი - იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ არ უნდა შექმნას თავად სახელმძღვანელოები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ კომუნიზმისკენ მივდივართ. ამიტომ დამოუკიდებელი გამომცემლები ქმნიან სახელმძღვანელოს, მერე გადიან გრიფირებას და მათ შორის უკეთესი მოიგებს ბაზარს, ანუ სკოლას ჰქონდა უფლება, და ახლაც აქვს, რომ აირჩიოს გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან სასურველი. ამით ბაზარი დაარეგულირებდა თავად სახელმძღვანელოების ხარისხს, ფასს და ა.შ. ეს იყო იდეაში.
პრაქტიკაში მოხდა შემდეგი - ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო ხარისხიანი გამოცემა, დაეწყოთ კარგი, პოზიტიური პროგრამების განხორციელება, მასწავლებელების ტრენინგი და ა.შ. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა გამომცემლებმა დაიწყეს კორუფციულ გარიგებებში შესვლა სკოლის დირექტორებთან, იყო ასეთი ბევრი შემთხვევა, როცა გამომცემელი აძლევდა გარკვეულ ბონუსს გარკვეულ სკოლის დირექტორს იმისთვის, რომ მისი სახელმძღვანელო ყოფილიყო არჩეული ამ ბაზარზე. ამის შემდეგ სკოლის დირექტორები ყოველწლიურად ცვლიდნენ სახელმძღვანელოებს იმისათვის, რომ მიეღოთ ყოველწლიურად ბონუსი.
2010 წელს, მიუხედვად ჩემი თხოვნისა, გამომცემლებმა შექმნეს ხელოვნური დეფიციტი. მაგალითად, ქართული ენის სახელძღვანელო ბათუმში იყიდებოდა 40 ლარად, ეს მოხდა 2010 წელს. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო, ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ იქნებ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები გაეთვალისწინებინათ, მაგრამ უკვე ხელოვნური საბოტაჟის შემდეგ ამ საუბარს აზრი არ ჰქონდა.
_თქვენ, როგორც მინისტრმა რა ზომებს მიმართეთ?
_2011 წელს, როცა ძალში შევიდა ახალი სასწავლო გეგმა, მოხდა ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება. მე შევხვდი ყველა გამომცემელს და ვუთხარი შემდეგი რამ: პირველი - იქნება ძალიან მკაცრი გრიფირება და მეორე - სახელმწიფო გახდება თანამესაკუთრე ყველა სახელმძღვანელოსი, რაც შევა ბაზარზე. ეს ნიშნავს: თუ თქვენ ეცდებით, რომ გაყიდოთ სახელმძღვანელო 10 ლარზე მეტად და აქვე გეტყვით, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები მუშაობდნენ ამ საკითხზე და დათვალეს, რომ ბაზარზე სახელმძღვანელოების სამართლიანი ფასი არის მაქსიმუმ 10 ლარი, ანუ ეს არის ყველაზე ძვირი, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ სამართლიანი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, თუ იქნება 6-7 ლარი ეს კარგია, მაგრამ იქვე გავაფრთხილეთ გამომცემლები, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საბოტაჟზე წახვალთ, ჩვენ გამოვიყენებთ მესაკუთრის უფლებას და დავბეჭდავთ სახელმძღვანელოებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ იყო შაშკინის კანონი, ეს კანონი მიიღო პარლამენტმა და გამომცემლები დამორჩილდნენ ამას და ნორმალურად აწარმოებდნენ თავიანთ ბიზნესს.
_საყვედურები ისმის თქვენი მისამართითაც, თუმცა გამომცემლები დღეს ცალსახად უპირისპირდებიან სამინისტროს ახალ პროექტს და მას ინტელექტუალური საკუთრების წართმევა და ბოლშევიზმიც კი უწოდეს. ობიექტურად, თქვენ რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?
_ზემოხსენებული ფაქტების მოყვანას და მასზე საუბარს არც ვაპირებდი აქამდე, მაგრამ გამომდინარე დღევანდელი ინიციატივებიდან, რაც მოდის განათლების სამინისტროდან, ახლა ავხსნი თუ რა საშიშროებაა ამის უკან:
ერთის მხრივ, ეს არის კეთილი პროგრამა, როცა ყველა ბავშვს აძლევ სახელმძღვანელოს, კარგად ჟღერს, მაგრამ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში მოჰყვება სერიოზული პრობლემები, კერძოდ:
პირველი პრობლემა იმაშია, რომ გამომცემელი არის როგორც ბანკირი, სამწუხაროდ ჩვენში ბევრს არ ესმის გამომცემლის არსი, არის ავტორი, რომელიც წერს ლექსებს ან მოთხრობებს, არის სტამბა, რომელიც ბეჭდავს და არის დისტრიბუტორი, რომელიც ამას ჰყიდის, მაგრამ გამომცემელი არის ადამიანი, რომელიც ინვესტიციას დებს ამ საქმიანობაში. ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ 90-იანი წლების დასაწყისში, როცა არცერთი წიგნი არ გამოდიოდა ქვეყანაში. გამომცემელი ფულს რომ შოულობს, ის შემდეგ ინვესტიციას დებს მწერალში, შემოქმედში. არცერთ ავტორს თავისთავად არ შეუძლია გამოსცეს მისივე ნაწარმოები საკუთარი სახსრებით, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გამომცემელი ბანკივით კრედიტს აძლევს ავტორს, მასში დებს ინვესტიციას და მერე თავის მოგებას, რა თქმა უნდა, იღებს. ბაზარი მუშაობს ისე, რომ ყველა არის კმაყოფილი - სტამბა, რომელიც მუშაობს, იმიტომ, რომ იბეჭდება, სტამბა ვერ იმუშავებს, თუ არ დაიწერა, მაგრამ იგივე სტამბაც ვერ იმუშავებს, თუ არ დაკაბადნონდა, მომზადდა და ა.შ. ანუ საგამომცემლო სახლების გაკოტრებით, სტამბებიც გაჩერდება, ავტორებიც ვერ დაწერენ და დისტრიბუციაც მოკვდება, რადგან წიგნების მაღაზიები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში, ისინი ხომ ქართულ წიგნებს ყიდიან, ქართული საგამომცემლო სახლების წიგნებს. ამას თან ერთვის ისიც, რომ იქ ადამაინები არიან დასაქმებული, ანუ ამას ებმება დასაქმების თემაც.
მეორე პრობლემა, რაც მოჰყვება ამ ინიციატივას არის შემდეგი: ნურავის ნუ ექნება განცდა, რომ ეს სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხლა დაიბეჭდება, რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლებენ. ზოგიერთს, ეტყობა, კომუნიზმის დრო ჰგონია, სკლებში რომ იყო ხოლმე სახელმძღვანელოები. შეგიძლიათ გადახედოთ სახელმძღვანელოებს და შეადაროთ ხარისხი, რაც იყო ჩვენ დროს და ახლა რაც არის. იმისათვის, რომ წიგნი ძვირი არ ღირდეს, გამომცემელი მაგარ ყდას არ უკეთებს, უკეთებს რბილ ყდას და ბავშვების ხელში გარანტიას მოგცემთ, რომ 70% ეს წიგნები მაინც შესაცვლელი იქნება, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით იქნება შესაცვლელი, ბავშვები დააზიანებენ მას და ეს ბუნებრივია. ან მაშინ, უნდა დაიბეჭდოს ისეთი სახელმძღვანელოები, სადაც ყდა ღირდა უფრო ძვირი, ვიდრე შიგნით მოთავსებული ფურცლები.
ახლა მესამე პრობლემა: სახელმძღვანელოების ბაზარი ყოველწლიურად იყო 60 მილიონიანი, ამაზე ეკონომისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები მუშაობდნენ და ეს მათ მიერ არის დათვლილი. ამ მიდგომით, აღნიშნული 60-მილიონიანი ბაზარი კვდება. გარდა ამისა, 60 მილიონიდან გადასახადების სახით 15 მილიონი შედიოდა ბიუჯეტში. შესაბამისად, ესეც გაქრება, ანუ ეს კიდევ ერთი დიდი მინუსი.
შემდეგი, მეოთხე პრობელმა არის ის, რომ კონკურენცია კვდება და გამომცემელს უკვე არანაირი ინტერესი, ახალი ტექნოლოგიებით ახალი სახელმძღვანელოების გამოცემის, აღარ ექნება.
_მაშინ რა მექანიზმი უნდა აამუშაოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ გრძლევადიან პერსპექტივაში პრობლემები თავიდან აიცილოს?
_თუ სახელმწიფომ არ იმოქმედა კონკრეტული შეღავათებით, მაქსიმუმ 2-3- წელწადში გამომცემლები, საგამომცემლო სახლები დაიხურება, ისინი გაკოტრდებიან და მათ არ ექნებათ ფული, რომ ჩადონ თავიანთ ბიზნესში.
ჩვეულებრივ ობივატელს, მოქალაქეს, რთულია აუხსნა, რატომ არის ცუდი, როცა გჩუქნიან წიგნებს. კი ბატონო, ეს კარგია როცა ბავშვს აჩუქებ წიგნს, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა, რომლებიც ფიქრობენ არა დღეს, რამედ 5-10 წელიწადში რა იქნება, უნდა გაიაზროს, რომ ხანგრძლივ პერპსექტივაში ამით სერიოზული პრობლემები შეექმნება ქვეყანას.
ძალიან მარტივი შედარებები მინდა გავაკეთო: მაგალითად, პური ღირს 70-80 თეთრი. ეხლა რომ სახელმწიფომ განაცხადოს, ეს მძიმე ტვირთად აწვება ხალხს და ამიტომ, ჩვენ სახელმწიფო, თავად გავაკეთებთ სახელმწიფო ქარხნებს, ფქვილი რაც არის შემოტანილი, ამას წავართმვთ შემომტანებს და ამ ფქვილით გამოვაცხობთ პურს და ეს პური იქნება უფასო ან ეღირება 10 თეთრი, დამეთანხმეთ, ეს მომგებიანი იქნება ხალხისთვის და ყველას მოგვეწონება, რომ პური იქნება უფასოდ მაღაზიაში. მე სულ მომყავს მაგალითად, რომ კომუნიზმი მეტი კი არაფერი იყო - იყო ხორცი, კარაქი ფიქსირებული ფასით, არ იყო კონკურენცია და ყველაფერი კვდებოდა. ასეთი იდეები, შესაძლოა, ბევრი იყო. მაგალითად, შეიძლება მქონდეს იდეა, რომ შაქარი, რომელიც შემოდის, მოდით, გავიგოთ რა არის მისი თვითღირებულება და წავართვათ შემომატანს და თვითღირებულებით გავიტანოთ, ეს რას გამოიწვევს? ქვეყანას ეკონომიკა აღარ დარჩება საერთოდ.
_თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის რთულია ახსნა იმისა, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს მის შვილს უფასო სახელმძღვანელო, მით უმეტეს, ბატონო დიმიტრი, იმ ფონზე, როცა თქვენი ხელისუფლების პირობებშიც ძალიან ბევრი იყო და არის დღესაც სოციალურად დაუცველი ოჯახი...
_რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ყველა სოციალურად დაუცველი ისედაც იღებდა უფასოდ სახელმძღვანელოებს, ამას იღებდნენ მრავალშვილიანი ოჯახები, მათ შორის ომში დაღუპული გმირების შვილები.
როდესაც ჩვენ ამ საკთხებზე ვკამათობდით, ჩემი ერთი არგუმენტი ყოველთვის იყო: რატომ უნდა უყიდოს ჩემს შვილებს სახელმწიფომ წიგნები, თუკი მე ვარ სახელმწიფო მოხელე და მაქვს მეტი ანაზღაურება?
სააგენტო ,,ნიუპოსტი''
მასალის გამოყენების პირობები






