შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ტედ კრუზმა ლიდერის პოზიციაზე მყოფი დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით დაამარცხა და ამით მის რეიტინგს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დემოკრატების პრაიმერიზში კი ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინყონზე შთამბეჭდავად გაიმარჯვა.
როგორც The New York Times-ი იტყობინება, დემოკრატებში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგად ხმების 97 % უკვე დათვლილია და ბერნი სანდერსი 56.4%-ს აგროვებს, შესაბამისად ვისკონსინეში მას ჰილარი კლინტონი ვეღარ დაეწევა.
დათვლილია, რესპუბლიკელების პრაიმერიზის ხმების 95%-იც, სადაც გამარჯვება ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა მოიპოვა და დონალდ ტრამპი დაამარცხა. ამ დროისთვის მას მხარდამჭერთა 48.4% აქვს, ტრამპს კი 35%.
რესპუბლიკელების მიერ ჩატარებულ პრაიმერებში, საერთო მონაცემებით, დონალდ ტრამპი წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა მისი განცხადებების ფონზე, მისი მხარდამჭერი დელეგატების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.
დელეგატების ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტიის პრეზიდენტობის საბოლოო კანდიდატის დამტკიცებისთვის. ვინაიდან, საარჩევნო ყრილობაზე საბოლოო კანდიდატს პარტიის ლიდერები და არა ამომრჩევლები აირჩევენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შესახებ პარტიები ივლისში, ეროვნულ კონვენტებზე მიიღებენ. არჩევნები კი, 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






