რამდენად გაღრმავდება გვიან ღამით გამწვავებული კონფლიქტი საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმ პირობებში, როცა აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთთან კი საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, საქართველო არც თუ ისე სახარბიელო პოზიციაში აღმოჩნდება.
აზერბაიჯანს ზურგს თურქეთი, სომხეთს კი რუსეთი უმაგრებს. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრში დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო დანაყოფი, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კი რუსეთმა საქართველოს შესაძლოა სამხედრო კორიდორი მოსთხოვოს.
„ნიუპოსტმა“ ექსპერტებს არსებული სიტუაციის შეფასება სთხოვა. თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსეთს კორიდორის გახსნაზე უარს ვერ ეტყვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კი შესაძლოა არსებული კონფლიქტი სწრაფად მოგვარდეს, რადგან არცერთი ქვეყანა სამხედრო მოქმედებებისთვის მზად არ არის:
„მე არ მგონია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს იმის უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, თუ რუსეთი მოითხოვს სამხედრო კორიდორს, სამწუხაროდ ალბათ საქართველოს მთავრობა უარს არ ეტყვის.
გააჩნია რა არის აზერბაიჯანის მიზანი, არის საკმაოდ რთული შიდაპოლიტიკური ვითარება, ვიცით, რომ დაპატიმრებულნი არიან ცნობილი ჟურნალისტები და აქტივისტები, შესაძლოა აზერბაიჯანს მოეფერნონ. თუ ეს არის მიზეზი, მაშინ შესაძლოა მალე ამოიწუროს ეს კონფლიქტი, რადგან ამ კონფლიქტისთვის არ არიან მზად არც რუსეთი და არც თურქეთი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ ჩვენთან საუბრისას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი კი მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყნებში წარმოქმნილი დაპირისპირება რეგიონში რუსეთის გააქტიურებას უკავშირდება. საქართველომ კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ხელი შეუწყოს მშვიდობის დამკვიდრებას:
„ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც ამიერკავკასიაში ხდება, პირდაპირ აისახება საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩვენს მომავალზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდეს სიმშვიდე და საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად ღირებული ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ არ იყოს ჩათრეული ამ კონფლიქტში.
ჯერჯერობით კონკრეტული დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ეს ესკალაცია საეჭვოდ მოჰყვა რუსეთის აქტიურობას რეგიონში. ეს ბადებს დიდ ეჭვებს, რესეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სირიაში, იქ მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია. თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდებოდა ყარაბაღში სიტუაციის არევას. მაგრამ კიდევ არის საჭირო დრო იმისათვის, რომ ზუსტი დასკვნები დაიდოს“, - განაცხადა შაშკინმა ჩვენთან საუბრისას.
„ამ ესკალაციას არ უნდა შევხედოთ როგორც ცალკე აღებულ ფაქტს, ეს არის იმ პროცესების კონტექსტში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. განსაკუთრებით რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამო, იმიტომ, რომ თურქეთი აზერბაიჯანის უახლოესი პარტნიორია, ბუნებრივია, რუსეთი ამ მიმართულებითაც ეცდებოდა მსგავსი ქმედებების განხორციელებას. აქ მოულოდნელი არაფერია, რუსეთ-სირიის შემდეგ, თურქეთისთვის დაძაბულობის შექმნის ბოლო ბერკეტი იქნებოდა ყარაბაღი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რა ნაბიჯებს გადადგამს აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი.
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ავწონოთ ჩვენი პოზიცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობის დამკვიდრებას. აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სომხეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაახლოებს, ხოლო თუ ესკალაცია გაგრძელდა პირდაპირ ჩვენზე მოახდენს ზეგავლენას“, - დასძინა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ექსპერტი ნიკა ჩიტიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველომ არსებულ ვითარებაში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ:
„საქართველო ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, რადგან საქართველოსთვის როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი წარმოადგენენ სტრატეგიულ პარტნიორებს. რაც შეეხება პრობლემას, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ალბათ ბევრი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების გახლავთ, ისინი სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას ომში. საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს ჩართული საომარ მოქმედებებში. რა თქმა უნდა საუბარი არ არის მნიშვნელოვან ნაწილზე.
ამასთანავე, საქართველოს შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები შეექმნას. სომხეთი თავის საგარეო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს ძირითადად საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტვირთის 70% რომელთა ექსპორტი ან იმპორტი ხორციელდება სომხეთში ან მისი ტერიტორიიდან, ხორციელდება საქართველოს გავლით, სავარაუდოდ თუ სომხეთი ომში ჩაება, ტვირთების მოცულობა შემცირდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული ინვესტიციების როლი ქართულ ეკონომიკაში, პირველ რიგში ენერგეტიკის სექტორში, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. ასევე, იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც ორივე ქვეყანა აპირებს“, - განმარტავს ექსპერტი.
ჩიტიძე რუსეთის ჩართულობასა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე საუბრობს.
„არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. რუსეთი ვალდებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში აღმოუჩინოს სომხეთს დახმარება. იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე იქნება განხორციელებული საომარი მოქმედებები. ეს ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ უარეს შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს მოსთხოვოს გარკვეული ხასიათის სამხედრო ტვირთების გატარება რუსეთმა სომხეთის მიმართულებით, იმ პირობებში, როცა რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში არის დისლოცირებული.
არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ყოველგვარი საომარი მოქმედებების გარეშე მოგვარდეს, თუმცა, ჯერჯერობით ეს პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასები იწევს, აზერბაიჯანის ეკონომიკა კი შედარებით სწრაფად ვითარდება. თუ მომავალში რუსეთი უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, იგი დღეს სომხეთს ეხმარება, აზერბაიჯანი კი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ვერ ბედავს, ამის შესაძლებლობა მომავალში არსებობს, თუ აზერბაიჯანი შესთავაზებს სომხეთს ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას, იმავე ინიციატივით შესაძლოა გამოვიდეს თურქეთი და სომხეთისთვის შესაძლებელია ეკონომიკური დაინტერესება გაჩნდეს“, - აღნიშნავს ჩიტიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ორ ეტაპად უნდა დაიყოს, ამ ეტაპების გათვალისწინებით კი შესაძლებელი იქნება დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარება:
,,მთლიანი ყარაბაღის ტერიტორიის გარშემო არსებული 7 ოკუპირებული რაიონის გათავისუფლება სომხეთის მიერ, თუმცა, იქ პრობლემა არის ლოჭინის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, თუმცა, შესაძლოა მოლაპარაკება, სამაგიეროდ კი აზერბაიჯანი და სომხეთი წავლენ დათმობაზე, რომ გაიხსნას ყარსი-გიუმრის რკინიგზა, თურქეთის მიმართულებით, მეორეს მხრივ აზერბაიჯანმა მოუხსნას სომხეთს ეკონომიკური ბლოკადა.
მეორე ეტაპი კი მოიცავს დიალოგს მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარშემო. როდესაც საუბარია მთიან ყარაბაღზე, ეს მხოლოდ მას არ უკავშირდება, არამედ უკავშირდება ორ ტერიტორიას, საკუთრივ მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური რეგიონი და მეორე, უშუალოდ მის გარშემო არსებული შვიდი ოკუპირებული რეგიონი“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე საკუთარ მოსაზრებას წერს და აცხადებს, რომ შესაძლოა ფართომასშტაბიანი ომი მივიღოთ:
„ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:
- ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად? - ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად? - ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით? - თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე? - ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?- რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე? - ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს? - როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს. - როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში? - ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თაბხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი? - ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით. - ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?
მოკლედ, ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა“, - წერს კაპანაძე.
კონფლიქტის გამწვავებიდან რამდენიმე საათში კი სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული აქტიური ღონისძიებების შედეგად მოწინააღმდეგე, რომელიც „შეხების ხაზის“ მთელ პერიმეტრზე გარღვევას ცდილობდა, მრავლობითი დანაკარგებით იძულებული გახდა უკან დაეხია“. საბრძოლო ქმედებები კვლავ გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






