კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია. პირველი მერცხალი „თავისუფალი დემოკრატები“ აღმოჩდა, ალასანიას გუნდმა 2014 წელს კოალიცია საგარეო ვექტორის ცვლილების მოტივით და ე.წ კაბელების სკანდალის ფონზე დატოვა.
ამჯერად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა -პარტია, რომლის წევრები უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს გასვლას.
რატომ დადგა დღის წესრიგში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად გასვლის საკითხი? - ეს არის კითხვა, რომელზეც არც ერთი მხარე ღიად არ საუბრობს.
„სტალინის სურათებთან არ გვექნება თანამშრომლობა, კოალიციას თავისი გადაწყვეტილებები აქვს“ - აი ასეთი მინიშნება გააკეთა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა.
ბუნდოვანია კიდევ ერთი გარემოება: პარტიის წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად ოპოზიციაში გადაინაცვლეს მინისტრთა კაბინეტებს რატომ ინარჩუნებენ?
„რესპუბლიკელების“ შემდეგ, კოალიციიდან წასვლის შესახებ მინიშნებები კეთდება „ეროვნულ ფორუმშიც“.
გუშინ გუბაზ სანიკიძემ პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ პარტიის შიგნით კოალიციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას და ის საბოლოოდ დახურულ ყრილობაზე გადაწყდება.
ცნობილია თავად „ქართული ოცნების“ პოზიციაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კოალიციის დაშლას ეწინააღმდეგება „კონსერვატორული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური. თუმცა იგივე წყარო გვიყვება, რომ ამ უკანასკნელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება პერსონალურად შეუერთდეს პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს და პარტიული არსებობა დაასრულონ. ამ სცენარზე ფიქრობენ მრეწველებიც.
„ნიუპოსტი“ ზვიად ძიძიგურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა დეპუტატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოკლე კომენტარები გაკეთდა გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის მხრიდანაც.
„მიმაჩნია, რომ უკეთესია ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია, ზეგ გაიმართება კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ. შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია თქვენ კითხვაზე“- უთხრა „ნიუპოსტს“ გოგი თოფაძემ.
კითხვაზე: რა სახით წარდგება პარტია მრეწველები საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებლად თუ „ქართული ოცნების“ სახელით ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ „ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.
„მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილების შესახებ გაიგებთ. პრემიერის განცხადებიდან ჩანს, რომ მომდევნო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გავა და თუ გვინდა მათ უნდა შეუერთდეთ, როგორც გითხარით ამ საკითხზეც მოგახსენებთ ჩემს პოზიციას,მას შემდეგ რაც დავსხდებით და ვისმჯელებთ“- გვითხრა დეპუტატმა.
ექსპერტ, გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, როგორ აპირებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, „იმ პირობებში, როდესაც სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობები არ ეთმობათ“.
,,გაიხსენონ იმ პარტიებმა, რომლებიც პარაზიტირებენ ივანიშვილის კარზე, რომ ძალაუფლების წყარო ის კი არ არის უკანა კარზე ვის მიუკაკუნებენ, არამედ ხალხის მანდატით უნდა მოხვდნენ პარლამენტში. რესპუბლიკელები ცდილობდნენ უკანა კარიდან შესულიყვნენ ხელისუფლებაში. პოლიტიკურ განვითარებას აქვს თავის ლოგიკა, ადგილები არის შეზღუდული, მხრებზე ჯდომა არ გამოდის." - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კოალიციის დაშლის დაწყებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკური პარტიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
"მთელი ის საუბარი რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს პოზიციებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში არის საზოგადოების თვალის ახვევა, წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი ოპოზიციაში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება რესპუბლიკელების მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და რესპუბლიკურ პარტიას მიჰყვება სხვა პარტიებიც. დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ოცნებას არ ჰქონდა არანაირი ღირებულება“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"თავისუფალი დემოკრატებიც" მიიჩნევენ, რომ კოალიცია ქართული ოცნება აღარ არსებობს, ის დაიშალა.
რაც შეეხება „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობაზე დარჩენის საკითხს, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს.
„როგორც ჩანს რესპუბლიკელებს ამ პოზიციის შენარჩუნება სურთ, ლოგიკურად ეს არ გაგრძელდება, ალბათ მაქსიმუმ ერთი თვის ამბავია“- აცხადებს აბაშიძე.
ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, "ქართული ოცნება დიდი ხანია დაშლილია".
"ახლა მიმდინარეობს ამ ყოველივეს გაფორმება. რა თქმა უნდა კოალიციის სხვა სუბიექტებს ექნებათ თავისი პოზიცია, რამდენიმე დღის საკითხია, რომ ნათელი მოეფინოს შიდა კოალიციურ რეჟიმს. დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება იმპულსს მისცემს ეროვნული ფორუმის ყრილობასაც, მე ველი მათგან გადაწყვეტილებას რომელიც პოლიტიკური სივრცის დაწმენდას ემსახურება სამომავლოდ“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება არ გაკვირვებია „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ბაჩუკი ქარდავას.
"ახალ პოლიტიკურ რეალობას ვიღებთ. კოალიცია არ იარსებებს, ალბათ „ქართული ოცნება“ გამოვა როგორც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ამ არჩევნებში, ვერ ვიტყვი რამე შიდა პოლიტიკურ პრობლემებთან გვქონდეს საქმე, ეს არის ქართული ოცნებისა და მისი რეალური პატრონის გადაწყვეტილება, მას არავითარი სურვილი არ აქვს, ვინმე აიკიდოს, რა შედეგს დადებენ ის პარტიები, რომლებიც გამოვლენ კოალიციიდან, ამას არჩევნები დაგვანახებს. ერთი რამ ფაქტია, ალბათ ამ პარტიებმა არ მოისურვეს გარდაქმნა ქართულ ოცნებად და თავისი პოლიტიკური ორგანიზაციები შეინარჩუნეს“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






