ასევე 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.
შეკითხვაზე: "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე"- საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.
„ნიუპოსტი“ ამ საკითხებზე ზვიად გამსახურდიას ვაჟს პარტია "თავისუფლების" ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა.
- 31 მარტს ოცდახუთი წელი შესრულდება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან, ჩვენ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ...
- 2016 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე ჩატარებული რეფერენდუმის ჩატარებიდან ოცდამეხუთე წლისთავი სრულდება. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი აქტი - ვგულისხმობ როგორც რეფერენდუმს, ისე დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წელს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. სიმბოლიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მანამდე იყო მიღებული 1990 წლს 14 ნოემბერს ჩატარებულ პირველ სესიაზე. მე ვგულისხმობ გერბს, ჰიმნს, ვგულისხმობ კონსტიტუციის ახალ ვერსიას. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ყველა საბჭოური რეკვიზიტი შეიცვალა და გაკეთდა 47 შესწორება. ეს კონსტიტუცია დროებით, გარდამავალი პერიოდისთვის იქნა მიღებული, თუმცა იქვე იყო დათქმა, რომ დაიწყებოდა ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმას, რომ აუცილებლად, ოქტომბერშივე იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილი 1918 წლის აქტის საფუძველზე და იმ რეფერენდუმის საფუძველზე, რომელიც 31 მარტს ჩატარდა. სხვათაშორის ასეთი დათქმა ჰქონდა იმ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც საქართველოდან ემიგრირებულმა ძალებმა შექმნეს. ეს რეფერენდუმი, რომელიც ამ ადამიანებმა დასახეს, შეასრულა ზვიად გამსახურდიამ. ამიტომ ამას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამ დღეს, 31 მარტს ადამიანები სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილეები გახდნენ.
- 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა...
- შეიძლება მავანმა იკითხოს, რომ ეს თარიღი დაამთხვია, ალბათ ისევე არა, როგორც კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა. თქვენ იცით, რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო. 1991 წლის გაზაფხული საოცარი მარათონი იყო, სადაც გადაწყვეტილებები უსწრაფესად იყო მისაღები. აქ კალენდარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოწინააღმდეგე - შინ თუ გარეთ, გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. ჩვენ გულანთებულ პატრიოტთა არმია გვყავდა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც და მაინც არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა სამოსდაათწლოვანი არათავისუფლების შემდეგ... როგორც შემდგომმა განვითარებამ ცხადყო ჩვენ ახლადფეხადგმული ქვეყანა ვიყავით ნამდვილი ძალოვნების და სათანადოდ მომზადებული სამხედროების გარეშე. რომ გვყოლოდა ასეთებიც, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა, იმ მომენტის გადალახვა, რომ შენ წინ, იარაღით ხელში ისევ ქართველები დგანან. ანტისახელმწიფოებრივები და ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა... ეს ქართული სახელმწიფოს ტრაგედია იყო.
- გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაიმე ახალი გარემოება ხომ არ არის ცნობილი თქვენთვის მიმდინარე გამოძიების კვალდაკვალ?
- მთავარ პროკურატურაში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ნამდვილად მიმდინარეობს. მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ, არსებობს თუ არა მმართველ გუნდში პოლიტიკური ნება რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული. ამას ჩვენ ვიტყვით მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულ შედეგებზე გავალთ. ჯერ-ჯერობით არ არის საუბარი, რომ საქმე სასამართლოში გადავა.
- ამ საქმის გასახსნელად ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, სწორად მივხვდი?
- საჭიროა საკმარისი პოლიტიკური ნება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება. ამ საქმის გახსნა დამოკიდებულია არა იმდენად პროკურატურაზე, როგორც მმართველ კოალიციაზე.
- მმართველი გუნდის რომელი წევრის, მინისტრის ინტერესებში არ შედის გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება?
- ვერ დავასახელებ... ვიტყვი მთლიანობაში მმართველ გუნდს. მათ ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს. მოლოდინი, რომ გამსახურდიას საქმე გაიხსნება, არსებობს და ყოველთვის იყო.
კონსტანტინე გამსახურდია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, რათა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელი პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






