როგორც გაირკვა, მძევალი , 26 წლის ბრიტანელი, ბენ ინნსია, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 55 მგზავრთაგან, რომლებიც სეიფ ელდინ მუსტაფამ გუშინ გაიტაცა.
გამტაცებელმა მგზავრთა უმრავლესობა მალევე გაათავისუფლა, თუმცა ბოლო წუთებამდე 3 მგზავრი თვითმფრინავში დატოვა.
როგორც ბენი ყვება, მან შენიშნა, რომ ე.წ. „შაჰიდის ქამარი“, რომლითაც მუსტაფა იმუქრებოდა, სულაც არ ჰგავდა ნამდვილს, თანაც მისი არაადეკვატური და შეიძლება ითქვას, არასერიოზული მოთხოვნებიდან გამომდინარე, მამაკაცი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
„მართლა არ ვიცი , ეს რატომ გავაკეთე, უბრალოდ მასთან ფოტოს გაღება მომინდა და ისიც დამთანხმდა. ეს საუკეთესო ფოტოა , რაც კი ოდესმე გადამიღია“ - ამბობს ბენი „სანთან“ ინტერვიუში.
როგორც ბრიტანელი ჰყვება, მან ბორტგამცილებელს სთხოვა, გამტაცებლისთის გადაეთარგმნა, რომ მასთან ფოტოს გადაღება სურდა. გამტაცებელიც უპრობლემოდ დათანხმდა, ფოტო კი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო.
„ბორტზე ყოფნისას დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა და მწერდა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმეპყრო, მე კი ვუთხარი, რომ უკვე ფოტოც გადავიღე გამტაცებელთან“ - ჰყვება ბენი.
შეგახსენებთ, ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, მუსტაფამ გუშინ გაიტაცა და მფრინავებს ლაინერის კვიპროში, ლარნაკის ეროპორტში დასმა აიძულა. აეროპორტში დაშვებისთანავე გამტაცებელმა მგზავრთა უმრავლესობა გაათავისუფლა. რამდენიმეწუთიანი ინტერვალით კი დანარჩენი მგზავრებიც გაუშვა. გამტაცებელი, ყოფილ მეუღესთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსთან ცხოვრობდა. მოგვიანებით, მოთხოვნა შეცვალა, ჯერ ეგვიპტეში ქალი პატიმრების გათავისუფლება, შემდეგ კი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სეიფ ელდინ მუსტაფა თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. როგორც აღმოჩნდა მას ყალბი ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა.
კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სავარადოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მასალის გამოყენების პირობები






