„მე ვიყავი მოწმე იმისა, როდესაც დავით საყვარელიძე ოდესაში დანიშნეს. პრეზიდენტმა მას მანდატი გადასცა, რათა მაფიის წინააღმდეგ ბრძოლასა და წესრიგის აღდგენაში დამხმარებოდა. მან აღძრა მთელი რიგი საქმეები მაქინაციებზე, რომელიც დაკავშირებული იყო კივალოვთან, ოდესის ოლქის ქალაქების მერებთან და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენლებთან.
დღეს, მისი გათავისუფლება ოდესის მაფიის მეთაურის კივალოვისა და საერთაშორისო თაღლითის გოლუბევის მიერ ხელმოწერილი წერილით მოხდა. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ადგილობრივი, სეპარატიზმში ეჭვმიტანილი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე ათავისუფლებენ, ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ და ნათლად უნდა გამოხატოს. არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე ჩვენგანისთვის იქნება სასარგებლო, არამედ სახელმწიფოსთვის, ერთიანი და დიდი უკრაინისთვის“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ცნობით, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. ასევე საყვარელიძეს დააკისრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა „პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევისთვის“.
გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია და უკრაინის რადის დეპუტატთა კოლექტიური წერილი სახელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენპროკურატურაში არაერთი წერილი შევიდა საყვარელიძის მიერ ორი თანამდებობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, რაც გენერალური პროკურორის მოადგილის და ოდესის პროკურორის თანამდებობის ერთდროულად დაკავებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






