„ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ აღვნიშნე, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეს“ - განაცხადა კერიმ რუსეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს“ - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ მან ნათლად მიანიშნა ვლადიმერ პუტინს, რომ “გარკვეულ მომენტში” მხარეები შესაძლოა უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების საკითხით დაკავდნენ.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კერიმ სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებზე პასუხები მიიღო. მისი თქმით, ისინი თანხმდებიან იმაზეც, რომ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






