არსებული რეალობის გათვალისწინებით, ძალოვან სტრუქტურებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასეთია ევროპული საბჭოს შეფასება.
საბჭომ 10 პუნქტიანი განცხადებაც გაავრცელა, მასში გაწერილია ის ღონისძიებები, რაც ევროკავშირმა ტერორიზმთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის უნდა განახორციელოს.
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უკვე შემუშავებული ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიუსელში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადეს.
„ევროპის ყველა მინისტრმა, კომისიამ და ევროპის პარლამენტმა ერთდროულად მოითხოვეს ევროპული ინსტიტუტეტბის სწრაფი რეაგირება დეკლარაციის სხვადასხვა პუნქტებზე, მონაცემთა ბაზის ერთობლივი გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანია შენგენის ინფორმაციული სისტემისთვის. ასევე, უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში ინფორმაციის გაცვლა დაზვერვის სასმახურის მონაცემებთან ერთად“, - განაცხადა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა, კოენ გინსმა.
ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსის თქმით კი უნდა გაუმჯობესდეს ინფორმაციის გაცვლა და პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს ის შეთანხმება, რაც წინა თავდასხმების დროს იყო მიღებული:
„ეროვნული უსაფრთხოება რა თქმა უნდა ცალკეული ქვეყნების საქმეა, თუმცა ტერორიზმის საფრთხე ყველასთვის საერთოა, კომისიამ უკვე მიიღო რამდენიმე ინიციატივა, თუმცა საქმე გვაქვს პოლიტიკური ნდობისა და კოორდინაციის ნაკლებობასთან. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ასეთი მოვლენების განმეორებას, ამიტომ, უნდა გაუმჯობესდეს ინფორმაციის გაცვლა და პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს ის შეთანხმება, რაც წინა თავდასხმების დროს იყო მიღებული“, - აღნიშნა ევროკომისარმა დიმიტრი ავრამოპულოსმა.
მასალის გამოყენების პირობები






