თბილისის მოდის კვირეულს მე-13 სეზონი, 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით სასტუმროში ROOMS TBILISI გაიმართება. ქართველი დიზაინერები 2016-2017 წლის შემოდგომა ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ. ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს. ხოლო სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIA სასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა.
თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, ამერიკული VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, ავსტრალიური VOGUE-ს მთავარი რედაქტორი ქრისტინე ცენტენერა, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. ასევე, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie. ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.