ქართულ ჯარში ოფიცრების მხრიდან რიგითების მიმართ გამოვლენილ ზეწოლაზე 2011 წელს ირაკლი სესიაშვილი ექსპერტის რანგში აკეთებდა განცხადებას და ქართულ ჯარში "დედოვშჩინის" დაწყებას პროგნოზირებდა:
"...ეს ერთგვარად, თითქოსდა ერთი შეხედვით, ნაკლებად საყურადღებო გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, გამოიწვევს სერიოზულ კონფლიქტებს როგორც თავად ჯარისკაცებს შორის, ასევე მათ მეთაურებთან ურთიერთობისას. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ასეთი შავი სამუშაოს შესრულებისთვის ჯარში ადგილი ჰქონდა ე.წ. "დედოვშჩინას", რომლის დროსაც ე.წ. უფროსები ჩაგრავდნენ უმცროსებს და ავალდებულებდნენ მათ შავი სამუშაოს შესრულებას. ამის გამო, ადგილი ჰქონდა ჩხუბს, ცემას, შეურცხყოფას, დამცირებას და მათ შორის არაადამიანურ მოპყრობას" (ირაკლი სესიაშვილი, 2011 წლის 30 ივნისი).
დღეს კი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალდოს საველე ბანაკი "დედოვშჩინის" გამო 80-დე რეკრუტმა დატოვა, ირაკლი სესიაშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს:
"საველე პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცის მიერ. განაწესში რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებმაც უარი განაცხადეს. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას და უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ ცხოვრების წესს, რაც მიღებულია სამხედრო სამსახურისთვის და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი საგანგაშო აქ არ არის", - აღნიშნა სესიაშვილმა წინა განცხადებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2013 წლის 5 აპრილს.
მასალის გამოყენების პირობები






