ამ დღეებში, ვილნიუსში, რუსული ოპოზიციის სამიტი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“ გაიმართა. ლიტვის დედაქალაქში დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. სხდომაში მონაწილეობა მიიღო როგორც პოლიტიკურმა ემიგრაციამ, ასევე მათ, ვინც ამ,ჟამადაც რუსეთში ცხოვრობს. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს საკმაოდ ბევრის მომტანი შეხვედრა იყო, თუმც არიან სკეპტიკოსებიც - „ბევრი ჭკვიანური რამ ითქვა, მაგრამ... რუსეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი უსარგებლო იქნება,“ - აცხადებს ერთერთი მონაწილე, რომელსაც BBC-ის კორესპონდენტი არ ასახელებს.
„ამ ხალხს აქვს ურთიერთკონტაქტისა და ერთობლივი მოქმედების დიდი სურვილი, რადგან „ჩვენები ახლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტულები,“ - აცხადებს გარი კასპაროვი. იგი იმედოვნებს, რომ ეს ფორუმი მუდმივმოქმედი გახდება, და რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
ყველაზე პოპულარული პოლიტემიგრანტი სახელმწიფო დუმის დეპუტატი ილია პონომარიოვი თვლის, რომ ეს ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე ოპოზიციას ფაქტიურად კონტაქტი ერთმანეთთან არ ჰქონდა.
„ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა პოლიტემიგრაციის კონსოლიდაცია, საჭიროა შეიქმნას საერთო სტრუქტურაც, რომელიც ერთობლივი მუშაობის ორგანიზაციას მოახდენს," აცხადებს კიდევ ერთი ემიგრამტი დანიილ კონსტანტინოვი.
ტაქტიკური მიმართულებით ოპოზიციონერებმა მიზნებიც დაისახეს - ადამიანის უფლებათა დაცვა, პოლიტპატიმრების დახმარება, ევროპისა და მსოფლიოს ლიდერებზე ზეწოლა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პირადად პუტინის მიმართ პოლიტიკა გაამკაცრონ.
უფრო რთული ამოცანაა სტრატეგიის განსაზღვრა და ვილნიუსის სამიტზე არც არავის წარმოუდგენია კონკრეტული ერთიანი პროგრამა, თუმცა გამომსვლელები ხშირად ახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ ოპოზიციას არ გააჩნია არც პროგრამა და არც იმედი, რომ პუტინის რეჟიმი უახლოეს ხანებში დაემხობა. ისინი თვლიან, რომ ეს თავისით მოხდება, რეჟიმი საკუთარი შეცდომების, ავანტიურებისა და პრობლემების შედეგად განადგურდება.
„პუტინის ავანტიურები უფრო მალე დაამხობს რეჟიმს, ვიდრე ჩვენი სხდომები თუ გეგმები,“ - განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის მთავრობის ყოფილმა წარმომადგენელმა, ამჟამად ემიგრანტმა ალფრედ კოხმა.
არადა, გამომსვლელები უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთში, როდესაც პუტინის რეჟიმი ადრე თუ გვიან დაემხობა - სასამართლო რეფორმა, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია, ფაქტობრივად „ღია საზღვრების“ დაწესება, ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები, ნორმალური სახელმწიფოებრივი და საარჩევნო სისტემების ჩამოყალიბება, მედიის განთავისუფლება, ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებულებისთვის ქონების ჩამორთმევა და სხვ.
ალფრედ კოხმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიაროს იგივე გზა დემოკრატიზაციისაკენ, როგორიც გაიარა მოისშემდგომმა გერმანიამ და იაპონიამ, ოღონდ საკუთარი ნებით.
ყოველივე ზემოთთქმულის შესახებ სკეპტიკურად იყო განწყობილი ილია პონომარიოვი - „ამას ჩვენ რუსეთში „ვერ გავყიდით“, სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ, რუსებს „ოცნება“ უნდა შევთავაზოთ, ავუხსნათ, როგორ იცხოვრებენ და რა საჭიროა ეს რეფორმები, პუტინი იმით გვჯობნის, რომ ის მოსახლეობას ამ ენაზე ესაუბრება, რა თქმა უნდა ცრუობს, მაგრამ ყველა ბებია იმას ისმენს მისგან, რისი მოსმენაც სურს.“
ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის ოპოზიცია ქვეყნის საზოგადოების გაჯანსარების მიმართ.
„რეჟიმის პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომ იგი თითოეულ მოქალაქეში ღრმადაა გამჯდარი. შესაბამისად ამ სიტუაციაში, პუტინის საბოლოო მარცხამდე, საზოგადოების გაჯანსაღების არანაირი იმედი უნდა გვქონდეს. საქმე არა მარტო პუტინშია, პრობლემა თავად ხალხშია,“ - აცხადებს ალექსეი სუხანოვი, „რენტვ“-ს ყოფილი ტელეწამყვანი.
ანდრეი სიდელნიკოვის განცხადებით, "ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან სხვა შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე თაობა ისეთივე ფსიქოლოგიის გაიზრდება, როგორც დღევანდელი.“
„2 მსოფლიო ომის შემდეგ იგივეს საუბრობდნენ გერმანელებზეც, მაგრამ დრეს სხვა სიტუაციაა. განუკურნებელი ერები არ არსებობენ, ამისთვის დიდი ძალისხმებაა საჭირო, მაგრამ რუსი ერიც გახდება თავისუფალი ერი,“ - შეეპასუხა სხვა გამომსვლელებს ანდრეი ილარიონოვი.
როგორც BBC იუწყება სესიებს შორის, შესვენებებზე 2016 წლის არჩევნებზეც იყო საუბარი, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, მიიღებენ მასში ვილნიუსში შეკრებილი პოლიტიკოსები მონაწილეობას თუ არა და თუ მიიღებენ - გამოვლენ თუ არა ერთობლივი ფრონტით.
მასალის გამოყენების პირობები






