“შენდობის კვირა დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე არსებობდა წესი ერთმანეთზე განაწყენებულთა შერიგებისა და მიტევებისა. ამ ჩვეულებას გულწრფელი აღსრულება სჭირდება. მაცხოვარი გვასწავლის: თუ მივუტევებთ ადამიანებს შეცოდებებს, მამა ჩვენი ზეციერი ჩვენც მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მივუტევებთ, არც ჩვენ მოგვეტევება. აქედან ჩანს, როგორ სურს ჩვენს ზეციერ მამას ჩვენს შორის ერთობა და სიყვარული იყოს და როგორ უხარია მას, როცა შერიგებულებსა და ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილებს გვხედავს. განა მამა, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავს და ხედავს, რომ მათ შორის შფოთი და განხეთქილებაა, არ ეტყვის მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ ჩემთვის საყვარელნი იყოთ, ერთმანეთი თქვენც შეიყვარეთ და ერთმანეთს შეურიგდით. ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენი ზეციერი მამის შესახებაც. მოახლოებულია დიდი მარხვა, ჟამი ცოდვების აღიარებისა და მონანიებისა, მაგრამ იესო ქრისტე ცოდვებს მხოლოდ იმ პირობით შეგვინდობს, თუ ჩვენც შევუნდობთ მათ, რომელთაც ჩვენს წინაშე შესცოდეს. ან როგორ არ უნდა შეუნდო, როცა შენც ცოდვილი ხარ და შენდობა შენც გჭირდება? უცოდველიც რომ იყო, მიტევება მაშინაც უნდა შეგეძლოს. განა ჩვენი უფალი, რომლისათვის ცოდვა საერთოდ უცხოა, არ გვპატიობს ჩვენ, ვინც მის წინაშე ვცოდავთ? ამ მცნებების ასრულება განსაკუთრებით ქართველობას გვჭირდება, რადგან ერთმანეთის მტრობისა და ერთმანეთზე შურისძიებისადმი მეტისმეტად მიდრეკილნი ვართ. მიზეზნი ჩვენს შორის განხეთქილებისა, უმეტესწილად მცირეა დ უმნიშვნელო. მაგრამ ჩვენი გულფიცხობის გამო მტრობისთვის საკმარისი ხდება.
ყოველი კაცისა და საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული უდიდესი საუნჯეა, ჩვენ კი სულ მცირე მიზეზის გამო, მზად ვართ ერთმანეთის სიყვარული დავივიწყოთ და შფოთს მივეცეთ. ცილობა და განხეთქილება სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ იქ იმას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, და არა კაცმა კაცს, როგორც ჩვენთან ხდება. იქ აზრი აზრს ებრძვის, საქმე-საქმეს. აქ კაცი – კაცს, გვარი – გვარს. იქ ცილობის მიზეზი უმჯობესის ძიებაა, აქ – თავხედობა და პატივმოყვარეობა; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის სიძულვილითა და მტრობით მთავრდება, იქ კი იმას ფიქრობენ, რომ ცილობითა და ბრძოლით უკეთესი აზრი და წესი გამოარჩიონ. უკეთუ ქრისტიანები ვართ, ამ ცოდვას უნდა ვაჯობოთ, რადგან სადაც უთანხმოება და შური სუფევს, იქ ქრისტე არ შეიძლება იყოს, -” წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.