სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
“ნიუპოსტი“ განათლების სისტემაში არსებულ კრიზისზე ექსპერტებს ესაუბრა, რომლებიც პროფესიული კადრების მომზადების საკითხში სახელმწიფოს პასიურ მდგომარეობას ერთხმად აღნიშნავენ.
ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია: პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, ტესტირებაზე კი 6 477 მასწავლებელი გავიდა ეს სრული განზოგადების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ძალიან სახიფათო ტენდენციას რომ ვუყურებთ ეს ფაქტია. ეს მწვავე პრობლემა ახლა არ გამოჩენილა - ასე იყო ათწლეულების განმავლობაში. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ამ პრობლემას ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება თვალს არ უსწორებდა. შედეგიც რბილად რომ ვთქვათ არც თუ ისე სახარბიელოა.
- რა არის პედაგოგთა არაკვალიფიციურობის მთავარი მიზეზი?
- მასწავლებელთა მომზადების სისტემა შეიცვალა, თუმცა სამწუხაროდ, ის მაინც ვერ პასუხობს მთავარ გამოწვევას. უმაღლესი სასწავლებლებიდან მასწავლებლები ვერ მოდიან შესაბამისად მომზადებულები სკოლაში. მეორე პრობლემაა პროფესიული განვითარების სისტემა, რომელიც გამართულად ვერ მუშაობს. მართალია გაჩნდა „მასწავლებელთა სახლები", თუმცა მათი გამტარუნარიანობა იმდენი არ არის რომ სრულ კორპუსს მოემსახუროს. მესამე პრობლემაა პედაგოგიური აზრის განვითარება ჩვენს ქვეყანაში - მთელი კონცენტრაცია საგნობრივ სწავლებაზე გაკეთდა და პედაგოგიური აზრის, მეთოდიკური მიმართულების განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა. ეს დაეტყო გამოცდების შედეგებს.
- არის თუ არა პრობლემა მატერიალური მოტივაციის არარსებობა?
- ხელფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა პედაგოგობა მომხიბვლელ სფეროდ მაინც ვერ გადაიქცა. ამას ემატება სოციალური მდგომარეობაც. მასწავლებლის პრესტიჟი ძალიან დაბალია. თუ დასავლეთში უნივერსიტეტები აბიტურიენტებისაგან სკოლის შედეგებს ითხოვენ ჩვენს უნივერსიტეტებს, ეს საერთოდ არ აინტერესებთ. პრობლემების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი პრობლემაა განათლების სისტემის დაფინანსების საკითხი. მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს განათლების სფეროში. ხელმძღვანელობითი პრობლემაც არ უნდა გამოგვრჩეს - არავინ დაინტერესდა როგორი შედეგი აქვთ ხელმძღვანელებს.
- მასწავლებელთა პოზიცია ასეთია ისინი ამბობენ, რომ ტესტები ძალიან რთული იყო...
- ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მოვუწოდებ განათლების სამინისტროს თვალსაჩინოებისთვის გამოაქვეყნოს ყველაზე მარტივ კითხვებს როგორ უპასუხეს პედაგოგებმა.
- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად?
- სახელმწიფოში განათლებული ადამიანის კულტი უნდა იყოს. ახალგაზრდები უნდა მოვაბრუნოთ სკოლისკენ. უნდა ამაღლდეს მასწავლებლების პრესტიჟი და ბოლოს მეტი ინვესტიცია განათლებაში და მასწავლებელთა გადამზადებაში.
ხელისუფლებას განათლების პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი ნატალია ვახტანგაშვილიც.
„ფაქტი, რომ სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა ნამდივალდ არის საგანგაშო, რადგან ეს შედეგები პირდაპირ აისახება ამ მასწავლებელთა მიერ მომზადებული ბავშვების კომპეტენციაზე. ფაქტია, რომ განათლების სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს პედაგოგთა მომზადებას. სახელმწიფომ ფინანსური და ადამიანური რესურსი უნდა მიმართოს იმისკენ, რომ სკოლებში მდგომარეობა გამოსწორდეს და გადამზადება მოხდეს ყველა პედაგოგის“- უთხრა "ნიუპოსტს" ვახტანგიშვილმა.
- განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ გააუქმა „მასწავლებლის სახლი“, შეწყვიტა ინგლისურენოვანი მასწავლებელთა ჩამოყვანა და არ ხდება მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა...
- ფაქტია, რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. პედაგოგებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე უნდა შეეძლოთ სათანადო განათლების მიღება, რომ მიღებული გამოცდილება ჩვენ შვილებს გადასცენ. რაც შეეხება მოტივაციის საკითხს - მე როგორც ვიცი დიფერენცირებული ხელფასი ახლაც არის. მინიმალური ხელფასი 335 ლარია, მაგრამ მოქმედებს გარკვეული საფეხურები. განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები ხარისხის ამაღლების შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. თუმცა ეს საკმარისი არ არის, პედაგოგის ხელფასი ნამდვილად არ არის მიმზიდველი ახალი თაობისთვის.
- კვალიფიციური კადრების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე თუ ხელისუფლების პრიორიტეტებია გადასახედი?
- მთლიანობაში პრობლემაა, როგორც კვალიფიციური პედაგოგების არ არსებობა, ასევე ხელისუფლების როლი არ უნდა გამოგვრჩეს. სისტემამ უნდა იზრუნოს არსებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს და ამავდროულად მოიზიდოს ახალი კვალიფიციური ახალი კადრები.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






