წალენჯიხის მოსახლეობის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარისადმი პორტალმა smo.ge გამოაქვეყნა.
წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული რეისი 4 წლის განმავლობაში მოქმედებდა და ხელსაყრელი იყო, რადგან ზუგდიდიდან წალენჯიხაში და პირიქით მგზავრობა ერთ ლარად იყო შესაძლებელი, ხოლო რეისების გაუქმების შემდეგ წალენჯიხელებს სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაში 3 ლარის გადახდა უწევთ.
წალენჯიხელები მიიჩნევენ, რომ რეისების აკრძალვის უკან წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია დგას, რომელსაც სამარშრუტო ხაზების ბიზნესი აქვს და ე.წ. ყვითელ ავტობუსებს მისი რეისების კონკურენტებად აღიქვამს.
"ნიუპოსტი" გთავაზობთ smo.ge-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილს პარლამენტის თავმჯდომარისადმი:
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს!
წალენჯიხის მოსახლეობის
ღია წერილი
მოგახისენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი ე.წ "ყვითელი ავტობუსი" მოძრაობდა ზუგდიდი-წალენჯიხის მიმართულებით და ემსახურებოდა წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში მინიმალურ ფასად, ერთ ლარად. ავტობუსი მოძრაობდა დღეში ოთხჯერ ზუგდიდი-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდის მიმართულებით. მაშინ როდესაც კერძო მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური იყო 2 ლარი, ხოლო ყვითელი ავტობუსისა 1 ლარი, რაც დიდი შეღავათი იყო რაიონში მცხოვრები, ისედაც სიდუხჭირეში მყოფი თითოეული მოქალაქისთვის. ამ ავტობუსით მგზავრობისას შეღავათები ჰქონდათ სტუდენტებს, ისინი მგზავრობდნენ ნახევარ ფასად, უფასოდ მგზავრობდნენ რაიონის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
გვინდა მოგახსენოთ, რომ ზამთრის პირობებში კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსებს აქვთ ძალიან გაძვირებული ტარიფი, კერძოდ შარშან როცა ნალექი დიდი თოვლის სახით მოვიდა სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლობის საფასურს ზუგდიდი-წალენჯიხის მიმართულებით სამ ლარს ახდევინებდნენ.
მიმდინარე წლის 28 მარტს შეჩერებულ იქნა ყვითელი ავტობუსის მოძრაობა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას დიდი მონდომებითა და ძალისხმევით. დავით ბელქანია თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში კერძო საუბრებში აცხადებდა, რომ ის პირადად სამი წელია ებრძვის ამ ავტობუსს, ვინაიდან აღნიშნული ავტობუსი ხელს უშლიდა მისი სამარშრუტო მიკროავტობუსების ბიზნესს. ის ასევე აცხადებდა, რომ სწორედ ახლა დადგა მისი დრო და ის თავად განაგებს რაიონს, გამომდინარე აქედან ის არ დაუშვებს ამ ყვითელი ავტობუსის მოძრაობას.
ყვითელი ავტობუსის მოძრაობის შეჩერებამ მოსახლეობის დიდი ნაწილის აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია. ჩვენ შევხვდით ბატონ ბელქანიას, თუმცა ის კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ავტობუსის მოძრაობის აღდგენას. საკრებულოს თავმჯდომარე გვიმტკიცებდა, რომ უფრო მოხერხებული მოსახლეობისთვის კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი იქნებოდა. გვიხსნიდა იმას, რომ მალე მიკროავტობუსის მძღოლებიც დაწევდნენ ტარიფს. ჩვენ არ ვეთანხმებით ბელქანიას ამაში, რადგანაც ვიცით, რომ ეს იქნება მხოლოდ დროებითი.
ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარესაც მივმართეთ სპეციალური განცხადებით, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რათა არ შეჩერებულიყო ყვითელი ავტობუსის მოძრაობა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნე იგნორირებულ იქნა. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ლობირებს კერძო მიკროავტობუსებს და მას არენდით ჰქონდა აღებული შპს "ანთეოს" კუთვნილი ავტოსადგური. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ავტოსადგური ისევ მის განკარგულებაშია, რადგანაც ბელქანია არაფრად აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და მათ ინტერესებს, რადგანაც ის არის დანიშნული და არა არჩეული რაიონის მოსახლეობის მიერ.
ის დაკავებულ თანამდებობას იყენებს პირადი მიზნებისთვის.საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ჰყავდა ერთი მურვან ყრუ და ოცდამეერთე საუკუნეში წალენჯიხის რაიონსაც გამოუჩნდა დავით ყრუ.
მოგმართავთ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ მოხდეს ამ საკითხის შესწავლა, ჩარევა და რეაგირება. უმორჩილესად გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი წალენჯიხაში, შეხვდეს ხალხს, რაიონის მოსახლეობას და ადგილზე მოხდეს საკითხის შესწავლა.
ჩვენ გვჯერა იმის, რომ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და პარლამენტი გაითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას რაშიც ეჭვი არ გვეპარება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დროულად აღიკვეთება დავით ბელქანიასნაირი თანამდებობის პირთა პარპაში რაიონში."
მასალის გამოყენების პირობები






