"მოქალაქე ვალერიან თელიას სახელზე, დაბადებული 1979 წლის 7 აპრილს, საქართველოს შსს მოსმახურების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მძღოლის მართვის მოწმობა არ არის გაცემული. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არის აღრიცხული", - ნათქვამია მომსახურების სააგენტოდან საიას-სთვის მიწოდებული ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს აწერს შსს მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილების უფროსი დ. გაბელაშვილი.
28 მარტს ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით - OHO-523 მართავდა ვალერი თელია, როდესაც მას ინციდენტი შეემთხვა საიას წარმომადგენლებთან. კერძოდ, 28 მარტს, დაახლოებით 10 საათსა და 40 წუთზე, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, რომელიც 15-20 წუთს გაგრძელდა. ინციდენტის მონაწილე მხარეები აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალის თანამშრომლები არიან.
შსს ადასტურებს, რომ ვალერიან თელიას ნამდვილად არა აქვს მართვის მოწმობა. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ნინო გიორგობიანმა განუცხადა, რომ აჭარის პოლიციის უფროსს მართლაც არ გააჩნია მართვის მოწმობა, თუმცა ნინო გიორგობიანის თქმით, იმ დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ვალერიან თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან და ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წასულიყო:
"როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრეფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაულის გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმეზე წასულიყო და ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა. როდესაც ნახა საპატრულო ეკიპაჟმა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ის დააჯარიმა ამის გამო", - განმარტა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მართვის მოწმობის არქმონე ვალერი თელია არ უნდა დაეჯარიმებინათ, თუკი ის, როგორც შსს-ს პრესსამსახური აცხადებს, "გადაუდებელი აუცილებლობის" გამო იჯდა საჭესთან. შვენიერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მე-18 მუხლზე, საუბრობს, რომელშიც ნათქვამია:
"მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი."
საკუთარ წყაროებთან ერთად გამოყენებულია "ინტერპრესნიუსისა" და "ნეტგაზეთის" მასალები.
მასალის გამოყენების პირობები






