აშშ სირიაში ნებისმიერი სახის უსაფრთხოების ზონის შექმნას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სხელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუკი სირიას ნაწილს ჩამოვაჭრით და „უსაფრთხო ზონად“ გამოვაცხადებთ, ვინ იზრუნებს იქ უსაფრთხოებაზე?“ - განაცხადა კერიმ.
მისი თქმით, უსაფრთხოების ზონის შექმნა ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჟღერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პენტაგონის გათვლებით, მსგავსი ზონის შექმნა რეგიონში 15-იდან 30 ათასამდე ქვეითი ჯარისკაცის განლაგებას საჭიროებს.
„მზად ვართ ამისთვის? მზად ვართ ჯარისკაცები ადგილზე განვათავსოთ?“ - დასძინა კერიმ და აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების ზონა“ სახმელეთოს გარდა საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობასაც მოითხოვს.
შეგახსენებთ, რუსეთმა და აშშ-მ სირიაში სამშვიდობო ზავის პროექტი შეიმუშავეს. დოკუმენტი 27 თებერვალს შევა ძალაში. მოლაპარაკების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ეხება "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ნურსას ფრონტის" ტერორისტულ დაჯგუფებებს.
თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ, ვაშინგტონში ალტერნატიული სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ერთ-ერთი უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






