ნიუპოსტი: რა ხდება ქართულ ოცნებაში? ხმაურიანი განცხადებები კოალიციაში შემავალი სუბიექტებისგან თითქმის ყოველ დღე გვესმის. რესპუბლიკელი მინისტრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს...
-სრულიად ბუნებრივი პროცესებია. კოალიცია მრავალი სუბიექტისგან შედგება, მათ არ აერთიანებთ რაღაც საერთო პრინციპები, აერთიანებთ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი.
- კომფორმისტობასთან გვაქვს საქმე?
- თოფაძის და მეჭიაურის სკანდალური განცხადებების შემდეგ არათუ არის კომფორმისტი ხალხი, არამედ კომფორმისტულია ეს მიმდინარეობა. „ქართული ოცნება“ არავითარ საერთო პრინციპს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ეყრდნობა. წინასაარჩევნოდ ხმაურიანი ბრალდებებიც სრულიად ლოგიკურია - საარჩევნო სიების შედგენისას ინტერესები ერთმანეთს ეჯახება და კონკურენცია იზრდება თუ ვის შეხვდება ადგილები, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.
- ფაქტია, რომ მინისტრის პორტფელების რაოდენობით „რესპუბლიკური პარტია“ მოწინავე ადგილას დგას არის თუ არა საშიში ეს თავად კოალიციისთვის?
- „რესპუბლიკური პარტია“ სჭირდება „ქართულ ოცნებას“. თავიდან, როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, შემთხვევითი არ იყო, როდესაც მან „რესპუბლიკური პარტია“ დაასახელა, როგორც თავისი პარტნიორი. მას ეს პარტია დასავლური იმიჯის შესაქმნელად სჭირდება. „რესპუბლიკურ პარტიას“ გარეგნულად და საზოგადოების მოსატყუებლად ის იმიჯი აქვს.
- ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ფარსია მათი პროდასვლურობა?
- დიახ, ისინი არ არიან პროდასავლური ძალა, ნუ თოფაძისგან განსხვავებით ისინი შეიძლება იყვნენ პროდასავლურები. მათი შეხედულებები ჯობია თოფაძისას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროდასავლურები არიან.
ყველას გვახსოვს, მათი ლიდერების ძირითადი პოზიციები წლების მანძილზე, თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეხლა შეიძლება ნაკლებად ხდება ამ პოზიციების გამოხატვა.
-პოლიტიკური დევნა თუ დისციპლინური დარღვევა- თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, პირი რომელიც ღიად აკრიტიკებდა ნინო გვენეტაძეს, მურუსიძეს - გათავისუფლდა...
- აშკარაა, რომ დისციპლინური დევნა სრულიად სულელური საბაბია, რადგან როგორც კი ამ ადამიანმა გამოხატა კრიტიკული აზრები და განცხადებები გააკეთა, რომელიც არ აწყობდა ხელმძღვანელობას სწორედ ამას მოჰყვა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან.
- ექსპერტები და ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროდასავლური მიმართულებით სვლა შეანელა, მმართველი ძალა საპირისპირო არგუმენტად ასოცირების ხელშეკრულებას ასახელებს...
- ასოცირების ხელშეკრულება გარდაუვალი პროცესი იყო. ეს პროცესი თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოვიდოდნენ. „ოცნება“ პროდასავლურობის იმიტაციას აგრძელებს, როცა ამ თემით პედალირებს, თან დასავლეთი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამიტომ, ხელისუფლების ცალკეული წევრები იძულებულები არიან, ითამაშონ დასავლური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსების როლი. მათი პირადი კეთილდღეობის გამო არ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე თქვას უარი დასავლეთზე. ნატო და ევროკავშირი არის ძლიერი ფაქტორი. „ოცნების“ ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს. რეალურად აკეთბს რუსულ საქმეს, თუმცა გაცხადებული აქვს, რომ ბუნებით პროდასავლური ორიენტაციის მატარებელია. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველო არ წარმოადგენდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბრკოლების ფაქტორს. ოცნება არ საუბრობს ოკუპაციაზე, არ საუბრობს დევნილებზე, არ საუბრობს გადმოწეულ საზღვარზე, აფინანსებს პრორუსულ მედიას, ხელს უწყობს რუსული კომპანიების საქართველოში არსებობას და პოლიტიკური ინტერესის გატარებას - ამას სხვა არაფერი ჰქვია, გარადა იმისა, რომ ჩვენ პრორუსული ხელისუფლება გვყავს. ამის შდეგია ის, რომ დასავლეთში სამწუხაროდ შესუსტდა საქართველოზე საუბარი. ამ თემის დეაქტუალიზაციის მთავარი შემოქმედი სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდია.
- "ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის ტანკები, რომ ესენი გაგვეძევებინა,"- ეს გოგი თოფაძის განცხადებაა, როგორი იყო თქვენი რეაქცია „მრეწველების“ ლიდერის სკანდალურ განცხადებაზე?
- დავაზუსტებ, მან თქვა, რომ ჩვენ დაგვჭირდებოდა უცხო ქვეყნის ტანკებით სააკაშვილის მოშორებაო. მან აღიარა, რომ რუსეთის დახმარებით, ივანიშვილთან ერთად მოხდა ის, რაც კრემლს ტანკებით უნდა გაეკეთებინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა სწორედ რუსეთის დახმარებით მოხდა.
- მედიაში მიმდინარე პროცესები, გადაცემების დახურვა „იმედზე“, „რუსთავი 2“ - ის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლა „მაესტრო“ - საქმე მედიის გადანაწილებასთან გავაქვს თუ სამართლებრივ დავას ორ სუბიექტს შორის, როგორც ამას ოცმების ხელისუფლება ამბობს?
- ეს არის ბრძოლა... ივანიშვილისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა. მისთვის უპირველესი ამოცანაა ყველაზე რეიტინგული და კრიტიკული არხი - „რუსთავი 2 „ გათიშოს და შემდეგ სხვა ტელევიზიებზეც იბატონოს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






