პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ სამშობლოს, რადგან ,,სამშობლო ეს არის ადამიანის გული და გონება".
"ჩვენ დღეს მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან ხშირად ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ გარდამავალ პერიოდს. როგორ დამთავრდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის და ჩვენ მაინც და მაინც ნაკლებად ვიწუხებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა იშრომოს, მე კი უნდა ვჭამო, - აი ასეთი დამოკიდებულებაა დღეს. მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რა არის სამშობლო. ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა თანამემამულეებს მიუთითა, რომ საკუთარ შემოსავალზე მეტად სამშობლოზე იფიქრონ.
,,ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს წინაპრებთან, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყველაფერი დაიკარგება. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელს მსოფლიოში არის წესი, რომ ასებობს ესა თუ ის პარტია, მაგრამ ნებისმიერი პარტია და ადამიანი უნდა ემსახურებოდეს თავის ხალხს.
,,მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ეს ეკუთვნის უმრავლესობას და ეს უმცირესობას, ავიწყდებათ, რომ ჩვენს უკან დგას სამშობლო, ჩვენს უკან არის ის სანუკვარი, ის საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგება ყველაფერი გაქრება, ჩვენც აღარ ვიარსებებთ, ჩვენ ნამდვილი ერთი გვაქვს პარტია და ეს არის ჩვენი სამშობლო, ვის ჭირდება ეს დაყოფა? ეშმაკი ჰყოფს დ უფალი აერთიანებს", - ბრძანა უწმნიდესმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ფინეთში მიემგზავრება, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
,,მე მივდივარ ფინეთში, ჰელსინკში და იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლი და თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდები უკან", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






