ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას.
ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები მხოლოდ საია-ს თანამშრომლის ბრალეულობაზე კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საია-ს თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე მოვითხოვთ, რომ აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება."_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს პრესის ასოციაცია; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (SIDA); განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და „მწვანე ალტერნატივა“.
მასალის გამოყენების პირობები






