ქვეყნის ხელისუფლება ანკარაში მომხდარ ტერაქტში სირიელ ქურთებს ადანაშაულებს. ოფიციალური განცხადებით, ტერორისტებს “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლები ეხმარებოდნენ.
ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ცხრა ადამიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქული მედიის ინფორმაციით დადგენილია იმ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა, რომელმაც აფეთქება მოაწყო. ის სირიელი სალიჰ ნეჯარია, რომელიც ქურთთა პარტია „დემოკრატიული კავშირის“ PYD-ის წევრია, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილები საქართველოსთან ძალიან ახლოსაა. „ნიუპოსტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაზე და დარგის ექსპერტებს ესაუბრა.
- ტერორიზმი მსოფლიო საფრთხეა, ბოლო პერიოდში კი მასშტაბური ტერორისტული აქტები ჩვენს მეზობელ და ძირითად პარტნიორ ქვეყანაში ხორციელდება, რა საფრთხის ქვეშაა საქართველო და რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პრევენციისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ექსპერტი გიორგი გოგუაძე: ტერორიზმი თანამედროვე სამყაროსათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ და გამოწვევად რჩება. ის არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფისთვის პრობლემას, არამედ მისი მასშტაბები გლობალურია. ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში არსებულმა დესტაბილიზაციამ და ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებამ შეცვალა უსაფრთხოების გარემო რეგიონში. მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენი სახელმწიფო რამდენიმე პრობლემის წინაშე დგას, (1) ჩვენი მოქალაქეების ყოფნა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში, (2) რეგიონული დესტაბილიზაცია, რაც გულისხმობს თურქეთის სრულმასშტაბიან ჩართვას კონფლიქტში, რაც სხვადასხვა კუთხით (მაგ. ეკომონიკური) მიხედვით ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას.
- რას მოიტანს თურქეთის მიერ სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაწყება და რა გავლენებს მოახდენს მასშტაბური ოპერაციების დაწყება რეგიონზე და როგორ შეხვდებიან ამას რეგიონის ქვეყნები და რუსეთი?
- რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ შეიცვლება ზოგადი სურათი თურქეთის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ. საინტერესოა სწორად გავაანალიზოთ თუ რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან თურქეთის ეროვნული ინტერესები და დასავლური სახელმწიფოების ( იგივე კოალიციის) ინტერესები სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. რუსეთი ბუნებრივია რომ უარყოფითად შეაფასებს თურქეთის მსგავს ქმედებას, ამას თუ დავუმატებთ რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელ გართულებულ ურთიერთობებს მათი პოზიცია საკმაოდ ხისტი იქნება. თურქეთს ასევე არ უნდა ჰქონდეს იმედი სამხედრო ოპერაციის დაწყებისას მიიღოს გაეროს თანხმობა ( გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლებას გამოიყენებს თუ ეს საკითხით დადგება).
- თურქული მედიის ინფორმაციით ანკარის ტერაქტი ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“ PYD-ის წევრმა განახორციელა, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი ქურთების წინააღმდეგ დაიწყებს ოპერაციებს, როგორ შეხვდება ამას აშშ და ხომ არ გამოიწვევს ეს ნატოს ორი წევრი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე დაძაბულობის შეტანას?
- თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ანკარაში განხორციეულებული ტერაქტის უკან სირიაში ბაზირებული ქურთული YPG(People's Protection Units) დგას. აშშ და თურქეთი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, თურქეთი NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ (სამხედრო მიმართულებით) ქვეყანას წარმოადგენს. ორი ქვეყნის პარტნიორობა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მჭიდროდ გრძელდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ განსხვავებული ხედვები და ინტერესები. ქურთების მოქმედებები სირიასა და ერაყში თანხვედრაში მოდის აშშ-სა და კოალიციის სტრატეგიასთან, შესაბამისად ისინი ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ეს წარმოქმნის გარკვეულ უთანხმოებას აშშ-თურქეთს შორის.
"ნიუპოსტთან" აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც ესაუბრა.
დიმიტრი შაშკინი: თურქეთი აუცილებლად დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, სირიაში. სავარაუდოდ მას საუდის არაბეთი დაეხმარება. თურქეთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავის საზღვრებზე დაამყაროს წესრიგი. მას "ისლამურ არმიასთან" პრობლემების გარდა აქვს შიდა პრობლემებიც ქურთებთან დაკავშირებითაც. ჩემი პროგნოზით თურქეთი მოქმედებებს ორი ფრონტით დაიწყებს - ის დაუპირისპირდება ISIS-სს და პარალელურად ოპერაციას დაიწყებს ქურთების წინააღმდეგ. ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას, რადგან ქურთები ეომებიან ასადს და საკმაოდ ძლიერ ფრთას წარმოადგენენ. ქურთები ასევე "ისლამურ სახელმწიფოსაც" ეომებიან. რეალური სურათი ასეთია: ISIS-ი ეომება ასადს, ეომება ქურთებს, ეომება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს სირიაში და ეომება თურქეთს. საუდის არაბეთი თავის მხრივ ეომება ქურთებს და ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასადისთვის. როგორც ხედავთ რეგიონში არ არსებობს მკვეთრად გამოყოფილი პოზიცია, რომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. სწორედ ეს ართულებს სიტუაციას. რეგიონში ერთადერთი გამოკვეთილი პოზიცია აქვს რუსეთს, რომელიც აბსოლუტურად დესტრუქციულად ეხმარება მხოლოდ ასადს. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი რეგიონში შეძვრა და იქაც გააფუჭა ყველაფერი.
- რა მიმართულება იქნება თურქეთისთვის უახლოეს პერიოდში ყველაზე ეფექტური - ბრძოლა ISIS - ის წინააღმდეგ თუ ბრძოლა ქურთებთან?
- ორივე მიმართულებით ის ფაქტობრივად საომარ პირობებშია. აქტიური ნაბიჯები მიმართულებაზე დამოკიდებული იქნება თურქეთის პარტნიორების პოზიციაზე, უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატების პოზიციაზე.
- აშშ ახსენეთ, ცნობილია რომ ამერიკა ქურთებისკენ იხრება ხომ არ გამოიწვევს აშშ - ს ეს პოზიცია ამერიკასა და თურქეთს შორის დაპირისპირებას?
- მე ვთვლი რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები - აშშ და თურქეთი მოძებნიან საერთო კონსენსუსს. გასაგებია, რომ თურქეთი ქურთებს მოწინააღმდეგეებად განიხილავს თუმცა საერთო ბრძოლაში ISIS - ის წინააღმდეგ ბუნებრივია მათ ერთი მტერი აერთიანებთ. თურქეთის ხელისუფლება კარგად აფასებს „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეს, ალბათ ამიტომ არ გადადგა მან უხეში ნაბიჯები ქურთების წინააღმდეგ. ამან აჩვენა რომ ნატოს ქვეყნები ამ საკითხზე საუბრობენ ალიანსის შიგნით.
- რა როლი აქვს რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაში რუსეთს?
- სირიაში მდგომარეობა განსაკუთრებულად მას შემდეგ დამძიმდა, რაც რეგიონში რუსეთმა დაიწყო დესტრუქციული მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ძალიან შორს არის რუსეთისგან, საერთო საზღვარიც არ არსებობ. რუსეთი შეძვრა სირიაში უხეშად და ძალიან დაამძიმა სიტუაცია. ის აქტიურად ეხმარება ასადის რეჟიმს - ეს არის რეჟიმი რომელიც საკუთარი მოსახლეობის გენოციდს აწარმოებს. დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთი აწარმოებს მიზანმიმართულ დაბომბვას იმ ტერიტორიების, რომელიც დასახლებულია. მას არ აწუხებს რა იქნება ამ პარამეტრზე სკოლა თუ სამედიცინო პუნქტი. მისი მიზანია გაანადგუროს მოსახლეობა.
დავით ჯაბაშვილი
Newposts.ge
მასალის გამოყენების პირობები






