განათლებით ფილოლოგი, ზურაბ ჭავჭავაძე 1953 წლის 5 ოქტომბერს დაიბდა, ის ქართველი ფილოსოფოსის ნიკო ჭავჭავაძის შვილი იყო. ზურა ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. ამავდროულად 80-იანი წლებიდან ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო შემდეგ ამ საზოგადოების ფაქტობრივი მმართველი გახდა.
1988 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა საავამდყოფოში, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. ავტოკატასტროფა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორი გამორჩეული ლიდერი ემსხვერპლა, დღემდე ბურუსითაა მოცული. ასევე კითხვის ნიშნები რჩება, ავარიის შედეგად ზურა ჭავჭავაძის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ზურა ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ,,ილია ჭავჭავაძის“ საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ.
დღეს ზურაბ ჭავჭავაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა. ქართულ პოლიტიკაში და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში იგი იყო სრულიად განსაკუთრებული და დიდად მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელსაც ამ სფეროში არსებული ყველაზე დეფიციტური თვისებები ახასიათებდა - ინტელექტი, ვაჟკაცობა, ადამიანობა, სახელმწიფოებრივ-ეროვნული აზროვნება, პრინციპულობა. სწორედ პოლიტიკური პროცესების უკუღმა ტრიალს უწევდა ის წინააღმდეგობას და ცდილობდა ეროვნული მოძრაობა და ზოგადად ქართული პოლიტიკა გონიერებას, საღ აზრს, ადამიანის ღირსების პატივისცემას დაყრდნობოდა. მან რამდენჯერმე შეძლო დაგეგმილი რუსული პროვოკაციის ჩაშლა ცხინვალში ( მაგალითად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების და ადამონ-ნიხასის ერთობლივი განცხადება, რომლითაც განიმუხტა აფეთქებასაშიში სიტუაცია). მისი მოღვაწეობა მეტად მრავალმხრივი იყო, მაგრამ განსაკუთრერბული ყურადღება მის საქმიანობაში ეკავა აფხაზეთს. მას სწორედ ის პოზიცია ეკავა ამ საკითხში,რასაც უნდა ეყრდნობოდეს ჭეშმარიტი ქართული და არა გარედან შეკვეთილი პოლიტიკა: ესაა რუსეთის ანტიქართული გეგმების ჩაშლა ერთის მხრივ აფხაზებთან ეროვნულ და კულტურულ ინტერესების გარშემო თანამშრომლობის და მეორეს მხრივ აფხაზეთის მოსახლეობის მკვიდრი უმრავლესობის ქართველების და ზოგადად აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის მტკიცე დაცვა.ასეთი საღი, ინტელექტუალური და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოზიცია სხვადასხვა საკითხში ბუნებრივია, სრულიად არ ჯდებოდა საქართველოს წინააღმდეგ არსებული გეგმის ავტორთა ინტერესში, რომელთაც ფსევდორადიკალიზმი (მაგალითად აპრილის აქციის სისხლისღვრით და არა კონკრეტული მოთხოვნების შესრულებით დასრულება) უფრო აწყობდათ. ამიტომაც წარმოებდა ჯერ კიდევ ზურაბ ჭავჭავაძის სიცოცხლეში მის წინააღმდეგ ბინძური ცილისმწამებლური კამპანია. სწორედ ქვეყნის ბედის ნორმალურ რელსებზე გადართვისთვის უთანასწორო ბრძოლას შეეწირა იგი მერაბ კოსტავასთან ერთად.
მართალია, საქართველომ მოიპოვა იურიდიული დამოუკიდებლობა, რაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ დღესაც პოლიტიკური პროცესების უკუღმა დინება მუდმივად რჩება ჩვენს პრობლემად, რისი მოგვარებაც მხოლოდ ზურაბ ჭავჭავაძის მსგავს ღირსეულ ადამიანთა სიმრავლეს შეუძლია“.
მასალის გამოყენების პირობები






