საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი, კირილ კრივკო ახლა საქართველოში იმყოფება.
უწყების ცნობით, 2019 წელს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია და მან ტერიტორია დატოვა.
სუს-ი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრივკოს საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიის ფილიალი აქვს განთავსებული. სახელმწიფო უსართხოების სამსახურის განცხადებით, მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს.
"მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად ყველა ინფორმაცია რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ", - ამბობენ ნ უწყებაში.
სუს-ის მტკიცებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
"ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან, ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.
ის პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და შესაძლოა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ბოლო ათი წელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ფიქსირდებიან", - აცხადებენ სუს-ში.
უწყების განცხადებით, აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირები არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. მათივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მათი იდენტიფიცირება ხდება, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები