საქართველოს რაგბის კავშირსა და ბორჯღალოსნებს ახალი გენერალური სპონსორი - თიბისი ბანკი ყავს. დღეს, 3 თებერვალს თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა ამის შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრნენ ბანკისა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა და ბორჯღალოსნები.
გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნების, საქართველოს ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, თიბისი ბანკი 7-კაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
„დღეს ორი წარმატებული ბრენდი თიბისი ბანკი და ქართული რაგბი დაუკავშირდა ერთმანეთს იმისთვის, რომ მეტი სიხარული მიანიჭოს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების განცდა. რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ფილოსოფია გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვებას რომ მიაღწიო სულ უნდა იყო მოძრაობაში, სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩემთვის საინტერესო სპორტი,“რაგბი ჩვენი თამაშია!“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე თიბისი ბანკის მხარდაჭერით მოემზადებიან. გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის სოციალური პროექტები და ქართული რაგბის ბრენდული მაღაზიის განახლება. 6 თებერვალს კი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, ბორჯღალოსნები უკვე თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.
2017 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება - ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს.
„დიდი მადლობა თიბისი ბანკს თანადგომისთვის. როგორც აქამდე მოვდიოდით გამარჯვებებით, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას ამჯერად იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც გვაქვს სრული თანხვედრა. საზოგადოებას ვპირდებით, რომ რაგბი გახდება სახალხო სპორტი და ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად,“ - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმაგოჩა სვანიძემ.
„ქართულ რაგბს ჰყავს ახალი პარტნიორი, გენერალური სპონსორი თიბისი ბანკის სახით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი საქართველოში. დღეს ორი ძალიან წარმატებული ბრენდი იწყებს თანამშრომლობას, იმისათვის რომ გააძლიერონ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების განცდა, რაც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
ნიჟარაძემ ასევე დასძინა: „ამავდროულად ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ყოფილ პარტნიორს, ვითიბი ბანკს და არჩილ კონცელიძეს. ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი პარტნიორები და მეგობრები ქართული რაგბის და მაშინ დაგვიდგნენ მხარში, როდესაც ეს ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა.“
წყარო site.rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები