სააღმზრდელო დაწესებულებაში 60 ბავშვი სწავლობს, თუმცა ამჟამად სწავლის პროცესი შეწყვტილი იყო.
როგორც სუფსელები აცხადებენ, ბაღი გუშინ ჩამოინგრა. მათი თქმით, შენობა ძველი და ავარიული იყო , რამაც ასეთი შედეგი გამოიწვია.
ფაქტს უარყოფითად აფასებს საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა. ამბობს, რომ პრიორიტეტი თავიდანვე არასწორად იქნა შერჩეული:
„მე ყოველთვის ვამბობდი საკრებულოს სხდომაზე, რომ პრიორიტეტი არასწორად შეარჩიეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 213 ათასლარიან სკვერს აშენებ, აქ კი ბაღის შენობა ავარიულია. სწორედ პრიორიტეტების არასწორად შერჩევამ გამოიწვია ეს შედეგი“- აცხადებს ასკურავა.
როგორც სოფელ სუფსის დეპუტატი, ჯუმბერ ბლაგიძე აღნიშნავს, შენობას სახურავის ნაწილი ჩამეონგრა. დეპუტატის თქმით, სახურავის ჩამონგრევა უყურადღებობამ გამოიწვია. შენობა თავიდანვე ავარიულ მდგომარეობაში იყო, არ გააჩნდა არც იატაკი და არც სახურავი ნორმალურ მდგომარეობაში, უნდა მომხდარიყო დიდთოვლობის შემდეგ სახურავის გადმოთოლა. ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები არ განხორციელებულა, სახურავმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ნაწილი ჩამოინგრა. დეპუტატმა დასძინა ისიც, რომ აღნიშნულ ბაღში სწავლის პროცესი ვეღარ გაგრძელდება. რაც შეეხება ახალ საბავშვო ბაღს, როგორც ბლაგიძემ გვითხრა, არსებობს 55 ათას ლარიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობის აშენება იგეგმება.
"გურიის მოამბის" კითხვაზე, რამდენად სწორად იქნა შერჩეული პრიორიტეტი სოფელში, როცა საბავშვო ბაღს სკვერის მოწყობა არჩიეს, გვპასუხობს რომ:
"რაც შეეხება საბავშვო ბაღის წინ მდებარე სკვერს, პრიორიტეტი თავიდანვე მოსახლეობასთან შეთანხმებით იქნა შერჩეული და შეგროვებული იქნა 500 ხელმოწერა. სადაც სკვერია, იქ თავდაპირველად ჭაობი იყო. მოსახლეობა ამის გამო შეწუხებული იყო. მათი სურვილით გადაწყდა, რომ სკვერი გაშენებულიყო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნავს, სკვერის მოწყობისთვის თავდაპირველად 270 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 213 ათას ლარად გააკეთა. ის ბოლომდე დასრულებული არ არის, ანუ, საჭიროა გაზონები, ფილაქნების სწორად დაგება და ამაზე ჩვენ უკვე ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომ მიიყვანენ ბოლომდე საქმეს.
ლანჩხუთის სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს დავით წუკლაძე აცხადებს, რომ სახურავი დაწესებულებას ახალი გამოცვლილი ჰქონდა, თუმცა შენობა იმდენად მოძველებული იყო, რომ სიმძიმეს ვერ გაუძლო და უკანა ნაწილი ჩამოენგრა. დასძენს იმასაც, რომ გაწმენდა შენობის სიძველისა და ავარიულობის გამო ვერ ხერხდებოდა.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე ავარიულ შენობაში იყო თუ არა სასწავლო პროცესის ჩატარება უსაფრთხო, რომელიც დიდთოვლობამდე არ შეწყვეტილა, ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლებელი ყველაფერი იყო, თუმცა უამინდობისთანავე პროცესი შეწყდა. ამჯერად კი, როგორც წულაძე ამბობს, მოხდება შენობის შესწავალა შესაბამისი სამსახურების მიერ და თუ დაიდება დასკვნა, რომ შენობა საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ პროცესი იქ აღარ გაგრძელდება და მოხდება კერძო სახლის დაქირავება, სანამ ახალი აშენდება.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






