როგორც ,,ნიუპოსტს“ გადამღები ჯგუფის წევრებმა აცნობეს, 30-კაციანი ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს სოფელ უშგულიდან გამომგზავრებას. მარიამ ხაჭვანის ფილმზე - ,,დედე“ მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, რის გამოც გადამღები ჯგუფი სვანეთში იმყოფება.
,,ყველანაირად თავს ვიკავებდით ამ ინფორმაციის გახმაურებისგან. კერძოდ, იმის შესახებ, რომ კინემატოგრაფისტების 30-კაციანი ჯგუფი, თოვლისგან ჩაკეტილი გზის გამო, უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს სოფელ უშგულიდან გამომგზავრებას. იმედი გვქონდა, რომ დაპირება, რომელსაც გზის გაწმენდის შესახებ, ვისმენდით ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგვარდებოდა. სამწუხაროდ საქმე გვაქვს ადგილოვრივი ხელისუფლების სრულ უპასუხისმგებლობასთან, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართაც. უფრო მეტის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი წლის ბავშვი ცხენით გადაიყვანეს გზის გაუწმენდაობის გამო.“ - აცხადებენ გადამღები ჯგუფის წევრები ნიუპოსტთან.
მათი თქმით, ფილმის გადაღება ყინვაში მიმდინარეობს, რის გამოც ჯგუფის თითქმის ყველა წევრმა ვირუსის რთული ფორმა გადაიტანა, ,,ელემენტარულად წამლების მარაგიც ამოგვეწურა. ჯგუფი ადგილოვრივი მოსახლეობის იმედადაა დარჩენილი. მივმართავთ ხელისუფლებას, დაგვეხმაროს. რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ თურმე ეს მის კომპეტენციაში არ შედის. სოფელში ერთი ტრაქტორია და ისიც გაფუჭებული“ - აცხადებენ გადამღები ჯგუფის წევრები და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
,,ნიუპოსტი" აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეტალების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ უწყებიდან ამ დრომდე ველოდებით.
მასალის გამოყენების პირობები






