განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სწავლა შეწყდა, კიდევ გაიზარდა. დილის მონაცემებით ასეთი სკოლა იყო 195, რომელსაც საღამოს მონაცემებით კიდევ 70 სკოლა დაემატა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 70 დაემატა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 265-ს შეადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.
სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.
რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ სკოლების სია
მასალის გამოყენების პირობები






