კახა კინწურაშვილის სამსახიობო კარიერაში არაერთი საინტერესო როლი თუ პროექტი ყოფილა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება და პოპულარობა მას „ტიფლისმა“ მოუტანა. მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა „ტიფლისის“ ახალ სერიებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ფინალისკენ მიდის. მართალია კახას საკმაოდ საინტერესო სამსახიობო კარიერა აქვს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი ცხოვრებისეული ისტრიებიც, რომელიც აფხაზეთს და სოხუმში გატარებულ ბავშვობის წლებს უკავშირდება. „ნიუპოსტთან“ საუბრისას კახამ არაერთი ასეთი სევდიანი ისტორია გაიხსენა, რასაც გულგრილად ვერცერთი ქართველი ვერ მოისმენს.
„ნიუპოსტისა“ და კახას საუბარი კი „ტიფლისით“ დაიწყო.
- კახა „ტიფლისი“ შენი სავიზიტო ბარათი გახდა. ელოდი ამ ყველაფერს?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან მუშაობა რომ დავიწყეთ მე პირადად გათვლები არ მქონია ამ მხრივ არაფერი. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მუშაობის პროცესი მაინტერესებს და მერე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი. „ტიფლისის“ პირველი სეზონის გასვლის შემდეგ ქუჩაში უცნობი ადამიანების რეაქციებზე უკვე ვხვდებოდი მათ სიყვარულს და დამოკიდებულებას. ძალიან სასიამოვნოა როცა ასე გაფასებენ.
- „ტიფლისი“ ფინალისკენ მიდის როგორც გავიგეთ, რაც მაყურებელს ნამდვილად არ გაახარებს.
- რამდენად უნდა ვაანონსებდე ამას არ ვიცი, მაგრამ გადაწყდა, რომ იქნება კიდევ ორი სერია და ამით „ტიფლისი“ დასრულდება. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ორი სეზონი ყოფილიყო, თუმცა რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მაყურებელი მესამე სეზონსაც ითხოვ და ვერ გეტყვით საბოლოოდ რა იქნება.
- საკმაოდ მასშტაბური პროქეტია.
- გამიგია ამბობენ, ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი სერიალია „ტიფლისიო“, მაგრამ რამდენადაც ვიცი წარმოუდგენლად დაბალ თანხებში კეთდება, რაც შედეგზე ნამდვილად არ იგრძნობა. ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი მუშაობს მის შექმნაზე.
- მას შემდეგ რაც „ტიფლისში“ გამოჩდი, მაყურებელს შენს შესახებ ყველაფერი აინტერესებს უნდა რაც შეიძლება ბევრი იცოდეს. შენს ოჯახზე მოგვიყევი...
- საერთოდ არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი, რადგან ის ჩემი კონკრეტული სივრცეა, რომელსაც ადამიანები შეადგენენ. ამ სემთხვევაში ორი ადამიანი, რომელთა შეხედულებების გარეთ გამოტანა ჩემი აზრით არასწორია. რადგან მსახიობი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სახალხოდ გამოიტანო. პირადი ყოველთვის პირადია.
- მაშინ ის მითხარი როგორი მამა ხარ?
- ვცდილობ კარგი მამა ვიყო. ვნახოთ, ამას ალბათ წლების მერე ჩემი შვილი თვითონ შეაფასებს.
- მინდა შევეხო აფხაზეთის თემას შენს ცხოვრებაში. ბოლო გემის ისტორია შენთვის ძალიან ნაცნობი თემაა, რადგან აფხაზეთი სწორედ ამ გემით დატოვეთ. რამდენი წლის იყავი?
- 8 წლის ვიყავი მაშინ და შესაბამისად ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს როგორ ვცხოვრობდით, როგორ ვთამაშობდით, როგორ ვმეგობრობდით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წლებმა რაღაც მოგონებები ჩაძირა და შეიძლება არ მახსოვდეს კონკრეტული ადამიანები, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემი კლასელი იყო. რა თქმა უნდა, ვერ ვიცანი, რადგან ჩვენ მეორე კლასამდე ვსწავლობდით ერთად და მას შემდეგ 22 წელი გავიდა. ძალიან მოულოდნელი და ამაღელვებელი ფაქტი იყო ჩემთვის. ხომ შეიძლება ის ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, ჩვენ კარგი მეგობრები ვყოფილიყავით...
- აფხაზეთი გემით ვისთან ერთად დატოვე?
- მთელი ჩემი ოჯახი ერთად წამოვედით, გემზე ყველანი ერთად ვიყავით. პირველი ომის დროს, ანუ ზავის დადებამდე, მამაჩემმა მთელი ოჯახი გამოგვიყვანა. ზავის დადებიდან კი, როგორც მახსოვს, დაახლოებით ორ კვირაში ომი განახლდა, რადგან ქართული შეიარაღება გამოვიდა აფხაზეთიდან. არ ვიცი ამ საქმეს რა ქვია, ჩაწყობილი თუ შეთანხმებული, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანებმა საყვარელი ადამიანები, ოჯახები და მეგობრები დაკარგეს. ამიტომ ამის მერე არ მიყვარს პოლიტიკოსები.
- გემის მოგონებები ალბათ დღემდე მოგყვება...
- ყველაზე სევდიანი მომენტი ჩემთვის გემი იყო, რადგან იქ პირველად ვნახე უამრავი მამაკაცი, რომელიც ტიროდა. დიდი ხანი მქონდა ის პერიოდი, როდესაც ამ ყველაფერს ასე არ ვიხსენებდი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება რაღაცის არ გახსენება და რაღაცის დავიწყება. ყოველთვის ყველაფერი უნდა გაიხსენო, ყველაფერი გააანალიზო და შესაბამისოდ გააგრძელო ცხოვრება. მეც მაგ იდეის მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გრძელდება. სადღაც არ უნდა დამთავრდეს და არ უნდა გაჩერდე. შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ ყოველი დასასრულის შემდეგ რაღაც იწყება. სიკვდილის შემდეგ რაღაც იბადება და ასე შემდეგ.
- თუ გაქვს ინფორმაცია ახლა რა ხდება იქ სადაც ადრე თქვენს სახლი იყო?
- ძალიან დიდი ხანია აღარ მაქვს არანაირი ინფრმაცია. თავიდან რაღაც პერიოდი დედაჩემი ჩვენს ნომერზე რეკავდა და ვიღაც ქალი პასუხობდა. 2-3 წუთი ესაუბრებოდნენ. ეს ხდებოდა დაახლოვებით 6 თვიანი ინტენსივობით, მაშინ როცა დედას ძალიან მოენატრებოდა თავისი სახლი. ესეც უცნაური ფაქტია, მაგრამ ასეთი უცნაურობები ადამიანებს ახასიათებთ, როცა რაღაც სერიოზულს კარგავენ. რამოდენიმე დარეკვის შემდეგ ბოლოს იქიდან უთხრეს, აქ აღარ ცხოვრობთ, დავამთავროთ რეკვებიო და დავამთავრეთ... შიგადაშიგ სევდიანი ისტორიები დღემდე „ჩამოდის“ ჩვენამდე. მაგალითად სახლში ძველისძველი პიანინო გვქონდა, ოჯახის რელიქვია ასე ვთქვათ. გვითხრეს, რომ ამ პიანინოს გამოტანა უნდოდათ და მოხვეულ კიბეზე, რომელიც ჩვენს სახლს ჰქონდა ვერ ჩამოიტანეს. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი იქ დაუტოვებიათ, რომელსაც აწვიმდა, ათოვდა და ბოლოს გაფუჭდა. მერე ისიც გვითხრეს, რომ თქვენს სახლში ვიღაც გენერალი ცხოვრობსო... მერე უკვე სულ ერთია... როგორც ხდება ხოლმე. ფაქტი ერთია, რომ იქ არ ხარ. დროებით უნდა დააპაუზო ყველაფერი. მერე უკვე რომ ჩავალთ, და იმედი მაქვს ეს როდესმე მოხდება, ყველაფერს იქიდან გავაგრძელებთ. სხვანაირად არ გამოდის. რაღაცეების ძიებას, ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, არასდროს არავის მიიყვანს კარგ გზამდე. მგონი ყველამ ერთმანეთს რაღაც უნდა აპატიოს. ყოველ შემთხვევაში საპატიებელი ორივე მხარეს აქვს. ერთადერთი შეიძლება მესამე მხარეს არ აპატიო, ვინც მანდ ერეოდა, სხვა ქვეყანა. პირადად მე არასდროს ვაპატიებ, დანარჩენებს კი რაც შეეხება, შემიძლია თავისუფლად მე თვითონ ვაპატიო.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები