საქმე ეხება 2009 წელს 67 წლის გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის 64 წლის ეთერ ნინუას მკვლელობას. აღნიშნული დანაშაულისთვის სამართალდამცავებმა 27 ნოემბერს, ყოფილი ფეხბურთელი 60 წლის თამაზ გოგია დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ საქმეში ბიძინა კუჭავა ფიგურირებდეს.
საქმის მასალების მიხედვით, ნინუები თავისივე ბინაში მოკლეს.
ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში. ორივე მათგანს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა.
სამართალდამცავები მაშინაც აცხადებდნენ, რომ მკვლელმა მტკიცებულების მოსპობა ოსტატურად შეძლო.
კინოლოგებმა შემთხვევის ადგილზე სამუშაოები ვერ ჩაატარეს, რადგან ყველგან დაფქვილი წიწაკა იყო მოყრილი, ძაღლებმა სუნი ვერ აიღეს. სამართალდამცავებმა ვერც მკვლელობის იარაღს მიაგნეს.
საქმეში დევს ორი მასრა. საგულისხმოა, რომ იგივე ტიპის მასრები გამოყენებული იყო 2007 წელს ბიზნესმენ გოჩა მაღლადაძის მკვლელობისას.
გენერლისა და მისი ცოლის მკვლელობისთვის გამოძიებამ თამაზ გოგია დააკავა. მას მოსამართლის განაჩენით 69 წელი მიესაჯა, 57 წელი და 7 თვე ამნისტიამ მოუხსნა, ახლა დარჩა 7 წელი და 7 თვე. 67 წლის კაცი ამბობს, რომ ამდენს ვეღარ გაუძლებს, მით უმეტეს უსამართლოდ არის ციხეში.
გოგია უკვე 7 წელია, სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის. მისი შვილი კი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც მამამისს წაუყენეს, უსაფუძვლოა.
იმაში, რომ გენერალ ნინუა და მისი ცოლი ყოფილ ფეხბურთელს არ მოიუკლავს დარწმუნებულია ნინუების ერთადერთი ქალიშვილი ეკა ნინუა, რომელმაც პრეზიდეტს მამის მკვლელობისთვის გასამართლებული თამაზ გოგიას შეწყალება სთხოვა.
„ტყუილად ზის ეს კაცი ციხეში“- ამბობს მოკლული გენერლის შვილი.
„ნიუპოსტი“ გახმაურებულ საქმის ირგვლივ ლაშა გოგიასაც ესაუბრა.
„შს მინისტრის მოადგილემ და შემდეგ მთავარმა პროკურატურამ არ გამორიცხა, რომ საქმეს გამოძიებაში დააბრუნებენ. მაქვს იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს საქმეს გამოიძიებენ“- აღნიშნა ლაშა გოგიამ.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე, რატომ აკეთებს დაკავებულის ოჯახი განცხადებებს მას შემდეგ, რაც ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, თამაზ გოგიას ვაჟმა აღნიშნა, რომ მათ ყველა ინსტანცია გავლილი აქვთ, ბიძინა კუჭავას დაკითხვაც მოითხოვე,ს თუმცა მაშინ ეს უკანასკნელი სასამართლოზე არ გამოცხადდა.
„როდესაც დაცვის მხარეს გვინდოდა ბიძინა კუჭავას დაკითხვა, ის არ გამოცხადდა“.
- რა დაასახელა გამოძიებამ 2009 წელს გახმაურებული მკვლელობის მთავარ მტკიცებულებად?
- არსებობს საქმეში მოწმე, რომელიღაცა შპს-ის დარაჯი, რომელმაც თქვა, რომ თითქმოს მამას და თამაზ ნინუას საერთო წილი ჰქონდათ არაოფიციალურად. ამას არც ჩვენ და არც მოკლულის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. მეორე სამხილი იყო უნიტაზიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვი, თუმცა აქაც ამ სიგარეტზე მამაჩემის დეენემი არ აღმოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ ერთი წლის წინ დაინახა, როგორ იყიდა თამაზ გოგიამ სამი კოლოფი წვრილი „პარლამენტი“.
- როგორც ვიცი, დენთის კვალიც აღმოაჩნდა თამაზ გოგიას...
- ხელზე აღმოაჩნდა დენთის წვის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რომელიც შეიძლება ყველას ჰქონდეს, მას საპონი, სარეცხი საშუალებები, პარფიუმერია და სხვა სამომხმარებლო საშუალებები შეიცავს.
- ხედავთ თუ არ ბიზნესმენ მაღალდაძისა და გენერალ ნინუას მკვლელობებს შორის კავშირს?
- ნინუების მკვლელობაშიც აბსოლუტურად იგივე ხელწერა იყო, როგორიც მაღალდაძის მკვლელობის შემთხვევაში. სამივე ადამიანი იდენტური იარაღით იყო მოკლული. შემთხვევიდან ამოღებული მასრიდან ირკვევა, რომ ორივე მკვლელობა რუსული წარმოშობის იარაღიდან განხორციელდა. ორივე შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე მოყრილი იყო დაფქვილი წიწაკა.
- ბიძინა კუჭავას და მოკლულ ნინუას მეგობრობა აკავშირებდათ?
- ჩემი ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, კუჭავა მოკლულის მეზობელი იყო. ნინუამ ამერიკაში ჰამერის ჯიპი შეიძინა, მას შემდეგ რაც მისი ჩამოყვანა გაჭიანურდა, ბიძინას სთხოვა დახმარება. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მოკლულს მუჭში ედო ქაღალდის ნაგლეჯი, სადაც ეწერა ჰამერი - 40 600 - თუმცა მაშინ ეს გარემოება საერთოდ არ განხილულა.
შეგახსენებთ, რომ ნინუების მკვლელობა არ არის ერთადერთი, სადაც ბიძინა კუჭავას სახელმა გაიჟღერა.
მისი მეგობრის მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, კუჭავას მაღალდაძის ვალი ჰქონდა.
"ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ. ამას ზუსტად ვერ ვამბობდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვფიქრობდი. გაოგნებული ვარ გუშინდელის შემდეგ" - განაცხადა გუგეშაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მაღალდაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში კუჭავა არაერთხელ დაკითხეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსული ტიპის იარაღით – მასზე იყო წიწაკა მოყრილი და ვერ იღებდნენ სუნს. შემდეგ, როდესაც გენერალი ნინუა მოკლეს, სავარაუდო ვერსია იყო, რომ მაღალდაძე და ნინუები ერთი და იგივე იარაღით მოკლეს" - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ, რადგან დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
გოჩა მაღალდაძე 2007 წლის 9 მაისს, გამთენიისას. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამორინე "ფორტუნა".
გარდა ამისა, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა ან მისი დაკვეთით მოკლეს. მისი თქმით, მაღალდაძე მოკლულია სპეციფიკური იარაღით, რომელიც კუჭავას ხელში სოდის ყოფილი მაღალჩინოსნის, კახა მისიერლის მეშვეობით აღმოჩნდა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ გოჩა მაღალდაძის მკვლელობის ადგილას იგი მცხეთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის დირექტორის სტატუსით ნამყოფია და ნანახი აქვს, რომ მაღალდაძე მოკლულია თავში სროლის შედეგად, მკვლელობის ადგილას კი ქვიშა იყო მოყრილი, რათა კრიმინალისტებს ხელი შეშლოდათ კვალის აღებაში. ფირცხალავას თქმით, იმ პერიოდში ეჭვმიტანილთა სიაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი იყო ბიძინა კუჭავა. ამასთან, ფირცხალავამ გაიხსენა 2009 წელს გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტიც და აღნიშნა, რომ მაღალდაძის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ნინუებიც ზუსტად იგივე იარაღით არიან მოკლული, რითაც გოჩა მაღალდაძე, რომელიც, მისი თქმით, იმ პერიოდში ცნობილ მოთამაშედ ითვლებოდა. ასევე, ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ნინუების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის თამაზ გოგია, რომელიც, მისი თქმით, არის უდანაშაულო.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები