საგანგებო პრესკონფერენცია კახა ცხადაძემ დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართა და მასსა და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ცხადაძის თქმით ლევან კობიაშვილმა მას თავისი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა. სფფ-ს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ქართულ ფეხბურთსაც და თავად ლევან კობიაშვილსაც დააზარალებს:
„ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია. მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს. ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს. არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო. არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი"- განაცხადა კახა ცხადაძემ.
ეროვნული გუნდის თავკაცის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც კახა ცხადაძე აცხადებდა, მისი შეცვლა თავად სპორტის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს სურდა, რადგან მის შემცვლელს ლობირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






