ერთი კვირის წინ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ არსებული ხიდიდან 13 წლის თამუნა მარგიშვილი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. როგორც ახლობლები ამბობენ, გოგონა სახლიდან დილის 7 საათზე გაიპარა. მათი თქმით, ცხედარს ტანსაცმლის ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს აღებული და, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მოტივს განმარტავს.
გოგონა 128-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო.
თ.მ. ამავე სკოლი ერთ-ერთი მოსწავლე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში თამუნა გულჩათხრობილი და თავჩაქინდრული დადიოდა.
– ვერასდროს ვიფიქრებდი თუ, მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო. დიდად კომუნიკაბელური არ იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა. ხშირად ეცვლებოდა ხასიათი. ხან ჩაერთვებოდა ხოლმე ჩვენს საუბრებში, ხან თავისთვის იჯდა და ხმას არავის სცემდა. ძალიან კარგად ხატავდა, მალე ხელოვნების სკოლაში უნდა ესწავლა. ერთხელ რაღაც განსხვავებული ნახატი ჰქონდა, დავინტერესდი, მაგრამ დამალა, არ მაჩვენა. მითხრა მეგობარმა მაჩუქაო. მერე გამიღიმა და მითხრა, გეხუმრე, მე დავხატე, მაგრამ ჯერ დასრულებული არ მაქვს და როცა მოვრჩები გაჩვენებო.
– ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა?
– არა მგონია… თუ, არ ვცდები, არც შეყვარებული ჰყავდა, რომ მასთან ჰქონოდა კონფლიქტი. პირიქით, ყველასთან კარგად იყო. სკოლის თითქმის ყველა მოსწავლესთან მეგობრობდა, ყველას იცნობდა და აქ არა მგონია ვინმესთან უთანხმოება ჰქონოდა.
– ბოლო პერიოდში უცნაურად ხომ არ იქცეოდა?
– კეთილი და მხიარული იყო, მაგრამ ხანდახან გულჩათხრობილი და თავჩაქინდრული დადიოდა ხოლმე. ხშირად მიკითხავს, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, მაგრამ მაშინ გამოცოცხლდებოდა ხოლმე და ღიმილით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. არ ვიცი ამ ღიმილით რის დამალვას ცდილობდა, მაგრამ, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში, რომლის გამხელაც არავისთვის უნდოდა.
წყარო: "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






