"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.5130 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4370 ლარად. "ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5150 ლარია, ხოლო ჩაბარება 2.4280 ლარად. "ქართუ ბანკში", ერთი აშშ დოლარი 2.4900 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4400 ლარად არის შესაძლებელი. 22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების სამომხმარებლო კალათაზე გავლენისა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაზე სპეციალისტები ღიად საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი, ბესიკ ნამჩავაძე, ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ როლს უცხოური ვალუტებიდან სწორედ დოლარი თამაშობს, ამიტომ დოლართან მიმართებაში ლარის კურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორ აისახა გურულებზე ლარის გაუფასურება და რა შეფასებებს აკეთებენ ოზურგეთელები, ნახეთ „გურიის მოამბის“ ქუჩის გამოკითხვა:
-აისახა აბა რა ქნა. დოლარი მიშვლიპინობს ზევით და ლარი დავარდა. პროდუქტი გაძვირდა და ვერაფრის შეძენას ვერ ვახერხებთ.
- პენსია არ მყოფნის, ცოტას გვაძლევენ, ამის გამო აქ სიცივეში ვზივარ. მეტი ყურადღებაა საჭირო ასაკიანი ხალხისთვის. ვზივარ, რომ კაპიკები ვიშოვო და წამალი ვიყიდო. თუ პენსიას გაზრდიან, ასე ჯდომა არ მომიწევს.
-ლარის გაუფასურება ყველა ოჯახზე აისახა, ყვრლაფერი გაძვირებულია. ექიმი მიწერს წამალს და ვერ ვყიდულობ. 10 ლარი დაამატეს პენსიას, რაც ერთი ლარიც აღარაა ისე გაძვირდა ყველაფერი.
- ყველაზე აისახა, ყველაფერი ძვირია, სამუშაო არაა, კაჭკაზე ვმუშაობ, რომ ორი კაპიკი გავაკეთო. ესაა ცხოვრება, ესაა გამწარებული ცხოვრება. რა უნდა ქნას ადამიანმა, სხვა გზა არაა, როგორც მიედინება წყალი, უნდა მივყვეთ, რას იზამ.
- აისახა, აბა რა ქნა. ბანკიდან კრედიტები გამოტანილი, ლარი კიდე უფასურდება.გაჭირვებაში ვართ. კი, რათქმა უნდა, ყველას ჯიბეზე აისახა. 100 ლარი თუ გაქვს ხელფასი და რამეს ყიდულობდი, ახლა ვერაფრეს ვერ ყიდულობ.
- ძალიან აისახა, გასულ წელთან შედარებით ოჯახის შემოსავალს ზარალი დაეტყო. ბაზარი გაძვირდა, სიგარეტი გაძვირდა. ოჯახებს კი შემოსავალი არ გააჩნიათ. პენსიონერი კაცი ვარ, პენსიით წამალს იყიდი და მორჩა, თავისუფალი ხარ ფულიდან.
- მე როგორც ექიმი ვიტყვი, რომ 20 თეთრიანი წამალი 1.50 გახდა. როგორ უნდა გამოვწერო წამალი მითხარით ერთი, ან წამალს როგორ შეიძენს გაჭირვებული ადამიანი. ჩემს ბიუჯეტზე შარშანდელთან შედარებით უარესად ვარ.
- გაძვირდა ყველაფერი, ცუდც დღეში ვართ, მაგრამ იმედია გამოსწორდება სიტუაცია.
მასალის გამოყენების პირობები






