არასრულწლოვანზე ქორწინების გამო აჭარელ ახალგაზრდას შესაძლოა პასუხი აგებინონ. მარად პაქსაძის ახლადშექმნილი ოჯახი კანონის სიმკაცრეს მაშინ შეეჯახა, როდესაც ახალშობილის დაბადების მოწმობის ასაღებად საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გახდა საჭირო.
ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„2015 წლის 4 აპრილს გვქონდა ქორწილი. 9 აპრილს ხდებოდა ჩემი მეუღლე 16 წლის. ეს კანონი როცა შემოვიდა ცოლი მოყვანილი მყავდა და უკვე ფეხმძიმე იყო“, - ამბობს მარად პაქსაძე.
პაქსაძის მეუღლე და მისი ოჯახი ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები ორივეს თანხმობის შედეგად დაქორწინდნენ.
„შეყვარებულები ვიყავით მეათე კლასიდან. როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, დაველაპარაკეთ მშობლებს. გადაწყდა მშვიდობით ყველაფერი“, - განაცხადა პაქსაძის მეუღლემ.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, უკვე დაოჯახებულების მიმართ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყვეტა.
შეგახსენებთ, ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა ორი თვის წინაც, როდესაც არასრულწლოვანთან 3 წლის წინ ქორწინების გამო სოფელ კორტოხის მკვიდრ ნადიმ პაქსაძეს პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა იგი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






