სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დიდი ემოციებით დასრულდა. საღამო მართლაც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით კი ანსამბლის ყოფილი და მოქმედი წევრებისთვის. კონცერტის ბოლოს ნინო და ილიკო სუხიშვილებმა, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დახმარებით, ანსამბლის 20-მდე წევრს ორ ოთახიანი ბინები გადასცეს საჩუქრად. მათ შორის იყო სუხიშვილების მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურიაც. მას კომპანია „სავარძელის“ საჩუქართან ერთად, ნინო და ილიკო სუხიშვილებმა ექსპრომტად საკუთარი ორ ოთახიანი ბინა აჩუქეს, რომელიც ასევე „სვეტმა“ გადასცა მათ საჩუქრად. ბაჩანა აფხაზეთიდან დევნილია, მან სოხუმი 3 წლის ასაკში დატოვა. ცეკვა უკვე 18 წელია მისი ცხოვრებაა. ბოლო 5 წელი კი სუხიშვილების ღირსეული წევრია. ბაჩანამ „ნიუპოსტთან“ საკმაოდ გულახდილად ისაუბრა და ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან.
- უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, თუმცა ჯერ დაოჯახებული არ ხარ. ერთხელ ისეთი ფაქტიც მოხდა, როცა საქართველოში, ფეშენვიკზე ჩამოსულ უცხოელ ბლოგერს ისე მოეწონე, რომ მერე სოციალურ ქსელში წერდა საქართელოში საქმრო ვიპოვეო.
- როცა სტუმრები ჩამოდიან საქართველოში პირველ რიგში სუხიშვილების სტუდიაში მოდიან. ეს მანდილოსანიც იყო მოსული ჩვენთან დარბაზში. რეპეტიციის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ. მერე სურვილი გამოთქვა ჩემთან ფოტო გადაეღო. ამაზე უარს როგორ ვეტყოდი. ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და დაწერა, საქმრო ვიპოვე საქართველოშიო. მერე კი ფეშენვიკზეც შევხვდით.
- სუხიშვილების არაერთი პროექტის სახე ხარ. თან ისეთი გამორჩეული ვიზუალი გაქვს რომ დარწმუნებული ვარ ყველა გცნობს.
- ხშირად ყოფილა შემთხვევა ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები მოსულან, ფოტო გადაგვიღია ერთად, განსაკუთრებით ბავშვები. მოკლედ პოპულარულიგავხდი.
- ახლა კი სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტზე ვისაუბროთ, რომელიც ემოციებით იყო სავსე. ანსამბლის 20-მდე წევს ორ ოთახიანი ბინები გადმოგცეს საჩუქრად. როცა შენი სახელი გამოაცხადეს, სიხარულისგან ბიჭებმა ხელში აგიტაცეს და კინაღამ ძირს დაგაგდეს...
- არც ეგ იქნებოდა პრობლემა, მთელი ცხოვრებაა მუხლებზე ვაგდივარ და სოლოებს ვასრულებ.
- ბოლო ბინა შენ გადმოგცეს საჩუქრად, მანამდე კი „სავარძელმა“ ავეჯი გაჩუქა. მართლა გეგონა რომ ავეჯის მაგივრად ბინას გჩუქნიდნენ?
- არა. სანამ ქალბატონმა ნინომ არ თქვა, რომ სად წაიღებ ამ ავეჯს თუ ბინა არ გაქვსო, მანამდე მართლა მხოლოდ ავეჯი მეგონა საჩუქარი. ეს ალბათ იმ წამს მოფიქრებული ამბავი იყო. ეს დღეები დაცლილი ვარ ემოციებისგან. ეს უპრეცენდენტო აქცია იყო, ასეთი რამ მგონი მსოფლიოშიც არასდროს მომხდარა. ამდენი ადამიანისთვის ერთად ბინები გადაეცათ საჩუქრად მართლა არ გამიგია. ეს საჩუქარზე ბევრად მეტია. ფაქტიურად ახალი ცხოვრება გვაჩუქეს. ძალიან მაგარია, ყველა მეზობლები ვიქნებით.
- ბინები დასრულებული არ არის როგორც ვიცით.
- ჯერ არა. ყველა დაგვიბარეს, რადგან სახლის ტიხრები ჩვენი სურვილისამებრ გააკეთონ.
- ამჟამად სად ცხოვრობ?
- მშობლებთან ერთად ეგრედწოდებულ დევნილების სახლში ვცხოვრობ.
- დედისერთა ხარ?
- ძმა მყავს მრავალშვილიანი.
- ისიც ცეკვავს?
- არა, ჩემი ძმა დოქტორია ფსიქოლოგიის განხრით. დევნილებთან და მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობს. არასრულწლოვანთა კოლონიაშიც კი იყო ერთ პერიოდი. ქველმოქმედებას ეწევა ასე რომ ვთქვათ.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ახალი ბინისა და ავეჯის ჩუქებას?
- დედა კონცერტზე მყავდა დაპატიჟებული და დარბაზში იჯდა. რომ გაიგო ბინა მაჩუქეს, ისე ცუდად გახდა პრეზიდენტი ასულიერებდა. ემოციებისგან დედის ასე ცუდად გახდომა არც ამ ბინად არ მიღირდა სიმართლე რომ გითხრათ. მთავარია ახლა ბევრად უკეთ არის.
- რამდენი წლის იყავი როცა აფხაზეთი იძულებით დატოვეთ?
- სოხუმიდან 3 წლის ასაკში წამოვედით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, უკვე 27 წლის ვარ, მაგრამ დღემდე იმას ვამბობ რომ სოხუმელი ვარ და ყოველთვის ასე ვიტყვი.
- 3 წელის ასაკიდან თუ შემოგრჩა რამე მეხსიერებაში?
- ჩემს მეხსიერებაში შემორჩა, რა თქმა უნდა ჩვენი სახლი. ასევე ზღვის სანაპირო, რომელიც ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება. ჩემი მეგობრები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, ვთხოვე ჩემი სახლის ფოტოები და იქაური მიწა გამოეგზავნათ. რა თქმა უნდა თხოვნა შემისრულეს. სოხუმის სახლის ფოტოებიც სახლში მაქვს და მიწაც. სიმართლე გითხრათ ცოტა მიწა გულზეც მაქვს ჩამოკიდებული.
- სახლის ფოტოები ახსენე და სოხუმში თქვენი სახლი კიდევ არსებობს?
- მხოლოდ და მხოლოდ სახლის ფუძეა დარჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს აუცილებლად დავბრუნდები და ავაშენებ...
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები